ფეხბურთი

15:29 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუიჯი დონარუმამ ბუფონის რეკორდი დაამხო და იტალიის ნაკრების ისტორიაში შევიდა

„მილანის“ ნიჭიერი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ნაკრების ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ჯიჯიომ ჰოლანდიის ნაკრებთან (2:1) სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და „სკუადრა აძურას“ ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კიპერი, რომელიც მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდა.

დონარუმა გუშინ, 18 წლის, ერთი თვისა და 5 დღის გახლდათ. მან ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის მიღწევა 954 დღით გააუმჯობესა. ჯიჯიმ თავის მხრივ აწ უკვე ძველი რეკორდი 1998 წელს დაამყარა.

ჰოლანდიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ კი, კომენტარი დონარუმამ გააკეთა და თქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იტალიას ჯერ კიდევ ჰყავს სხვა ჯანლუიჯი.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშე. თუმცა, იტალიას ჯერ კიდევ ჰყავს საოცარ ფორმაში მყოფი ჯანლუიჯი ბუფონი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმ რჩევებისთვის, რომელსაც ვარჯიშებზე მუდმივად მაძლევს. რაც შეეხება სეივებს, იგი ჩემს ოჯახს ეძღვნება“, - აღნიშნა დონარუმამ.

აქვე გეტყვით, რომ დონარუმას იტალიის ნაკრებში დებიუტი გასულ წელს, საფრანგეთთან ჰქონდა. ამჟამად კი, მის ანგარიშზე სამი სანაკრებო შეხვედრაა.

0.135115