ფეხბურთი

18:38 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები: რუსები ისევ ნულზე   

გიორგი ყიფიანის გაწვრთნილმა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩშიც სძლია რუსებს და ამჯერადაც - 1:0. მეტწილად ქართველებს ჰქონდათ უპირატესობა და ჰანდიკაპით მოგებაც შეიძლებოდა. ერთადერთი გოლი კი მე-16 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გაიტანა: "საბურთალოს" შემტევმა პოზიცია მოუგო რუს მცველს, თავით შეიგდო ბურთი საჯარიმოში და დაბალ კუთხეში დარტყმით იხეირა.

მთლიანობაში, ორივე მატჩმა გამოაჩინა, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ახლა უკეთესია, ვიდრე შარშან შემოდგომაზე იყო. 2-15 ივლისს ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ და მანამდე დრო არის, რომ ნაკრებმა შეცდომები გამოასწოროს. ალბათ, დაცვაში მეტი კონცენტრაციაა საჭირო - გარკვეულ მომენტებში რუსებმა არაფრისგან შექმნეს ხიფათი.

კოხრეიძის გოლამდე მშვიდი თამაში მიმდინარეობდა, მერე კი რუსებმა რატომღაც უხეშობა დაიწყეს. ისე ტაიმის ბოლოს გადავრჩით: დანილ უტკინმა ახლო მანძილიდან ააცილა, არადა ხელს არავინ უშლიდა.

არ ვიცით, შეცვლებმა იმოქმედა თუ არა, მეორე ნახევრის საწყისი 20 წუთი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ერთხელ ლუკა ლოჩოშვილი გადაეფარა იგნატიევის დარტყმულს და მეკარე ლუკა გუგეშაშვილამდე არ მიუშვა. კუთხურსღა გამორჩნენ რუსები. კიდევ, რუდენკოს აეჭრა ფეხიდან ბურთი, თითქმის იდეალურ პოზიციაში იყო.

საბედნიეროდ, ქართველებმა ისევ გამოასწორეს თამაში და უპირატესობა დაიბრუნეს. ტექნიკური თვალსაზრისით ყიფიანის გუნდის უპირატესობა იგრძნობოდა. 67-ე წუთზე კი მეორე უნდა გაგვეტანა... პენალტი დაინიშნა და თემურ ჩოგაძემ კარს ზემოთ დაარტყა. პენალტი კი ნიკა კვანტალიანის წაქცევას მოჰყვა: კვანტალიანმა საბა ჯიქიასთან გაითამაშა ბურთი, რუსთა მცველს ატყუებდა, მაგრამ მან ფეხი ოდნავ გამოსდო. A

კარგი იყო, რომ ქართველები არ დაიღალნენ და ბოლოს რუსებს შეტევების საშუალება არ მისცეს, ბოლოს კი ორი საგოლე შანსიც გააცუდეს: ჯერ ჩოგაძემ თავურით ააცილა ნიკა ნინუას მშვენიერი პასის შემდეგ, მერე კი ისევ ჩოგაძე ცდილობდა შეცდომის გამოსწორებას, რუსების მეკარის ააცალა ბურთი და ჯიქიას უნდა გაეტანა თითქმის დაუცველ კარში. ჯიქიამ ვერ მოზომა დარტყმა - სუსტი და თან არაზუსტი გამოუვიდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი" სათადარიგო. ამხანაგური მატჩი 19-წლამდე ნაკრებებს შორის

საქართველო-რუსეთი 1:0 (1:0)

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, ლაკვეხელიანი (კახიძე 46), კუცია (აკაკი ნინუა 60), სამურკასოვი (ნიკა ნინუა 60), საღრიშვილი (ფოჩხუა 46), არდაზიშვილი (კვანტალიანი 46), ჩაკვეტაძე (ჩოგაძე 46), კოხრეიძე (საბა ჯიქია 46)

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

რუსეთი: ბოგატირევი (ლომაევი 62), გოლუბევი, ბოროდინი (ლაპშოვი 62), გორშკოვი (ვებერი 62), იგნატიევი, სულეიმანოვი (გლუშჩენკოვი 55), რუდენკო (გრულევი 55), ევგენიევი, პოიარკოვი (ციპჩენკო 68), ს.უტკინი, დ.უტკინი (პოლიკოვი 68)

მწვრთნელი: მიხაილ გალაკტიონოვი

გოლები: 1:0 კოხრეიძე (16)

67-ე წუთზე ჩოგაძემ ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)

გაფრთხილება: გოლუბევი (33), პოიარკოვი (44), გლუშჩენკოვი (90+2)

მსაჯი: გიორგი კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11147