ფეხბურთი

16:26 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა 2016/17: ოთხეულისთვის ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაში შედის

24 მარტს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

პარასკევს XIII ტურის მატჩები გაიმართება. სათამაშო დღე 11:00 სთ-ზე მფკ ტატიშვილისა და მგლების დაპირისპირებით აიღებს სტარტს. თუკი „მედიკოსები“ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ და პოზიციების არ დასათმობად აუცილებელ 3 ქულას გეგმავენ, მგლები სანატრელ ოთხეულს თითქმის არაფრით ჩამორჩებიან და მათთვის ამ შეხვედრაში ერთ ქულასაც კი ოქროს ფასი ექნება.

ჩემპიონატის კიდევ ერთი აშკარა ფავორიტი სტუ-თელასი, თავის შეხვედრას პლეი-ოფში მოსახვედრად მებრძოლი მფკ თბილისის წინააღმდეგ გამართავს. წინა მატჩის მსგავსად, ამ დაპირისპირებასაც ანალოგიური „პრინციპულობა“ ახლავს თან - „ენერგეტიკოსებს“ ქულები უშუალო კონკურენტთან სხვაობის მინიმუმ შენარჩუნებლად ესაჭიროებათ, „დედაქალაქელებისთვის“ კი ყოველ მოპოვებულ ქულას ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მატჩი 13:00 სთ-ზე დაიწყება.

15:00 სთ-ზე გაიმართება სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება, „სტუდენტური დერბი“, რომელშიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბს უმასპინძლებს. მასპინძლებს პირველად ეძლევათ შანსი, გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის ფსკერს თავი დააღწიონ. თავის მხრივ, საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ბათუმლები, ქულათა მარაგის შევსებას ეცდებიან.

17:00 სთ-ზე აიღებს სტარტს ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მფკ აგორა და მფკ აფხაზეთი დაუპირისპირდებიან. ამ ტურის წინ, აგორა 22 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და 5 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, აფხაზეთს. შესაბამისად, წარმატების შემთხვევაში ფაქტიურად დაიკანონებს III ადგილს. „ზღვისპირელების“ გამარჯვების შემთხვევაში კი ისინი საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგამენ ოთხეულში დასამკვიდრებლად.

სათამაშო დღე, 19:00 სთ-ზე თბილისი ვარიორსისა და დინამო ბათუმის დაპირისპირებით დასრულდება. წესით და რიგით აჭარლებს აუტსაიდერთან სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ, რაც მათ დაკარგული პოზიციების დაბრუნებაში დაეხმარებათ.

24.03.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XIIIტური

11:00 მფკ ტატიშვილი - მფკ მგლები

13:00 მფკ თბილისი - მფკ სტუ-თელასი

15:00 მფკ იბსუ - მფკ ბსუ (ბთ)

17:00 მფკ აფხაზეთი - მფკ აგორა

19:00მფკ თბილისივარიორსი - მფკ დინამო (ბთ)

შეგახსენებთ, რომ ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებითაა შესაძლებელი, სადაც ასევე ონლაინ რეჟიმში შეძლებთ ადევნოთ თვალი მატჩების სტატისტიკურ ინფორმაციას.

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალიმარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედიაპარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.57399