ფეხბურთი

21:20 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისლანდიას აჯობა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა “მიხეილ მესხის” სტადიონზე ისლანდიის ამავე ასაკობრივ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა. გია გეგუჩაძის შეგირდები მეტოქეზე კარგად გამოიყურებოდნენ და ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, როგორც საკუთარ ნახევარზე, ასევე მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან.

პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი ეპიზოდი იყო – პირველ შეტევას კი, გოლი მოჰყვა: გიორგი ხარაიშვილის კარგი გადაცემის შემდეგ მეკარე ოლარსონს ოთარ კიტეიშვილმა შანსი არ დაუტოვა და ანგარიშიც გაიხსნა - 1:0.

მე-10 წუთზე მეტოქეს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ბექა ქურდაძესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა სტუმარმა ფეხბურთელმა შანსი ვერ გამოიყენა.

უნდა ითქვას, რომ უმეტესად ქართველები ფლობდნენ უპირატესობას - 34-ე წუთზე კიტეიშვილის პასით მიქელთაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა მეტოქის კარს.

ტაიმის მიწურულს კი, მეტოქის საჯარიმოსთან შულაია წააქციეს, მაგრამ ჯარიმა სახიფათო არ აღმოჩნდა - მარგველაშვილი ცდილობდა ბურთზე ეთამაშა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა.

მეორე ნახევარი შედარებით უღიმღამოდ დაიწყო, თუმცა შეხვედრის 59-ე წუთზე ანრი ჭიჭინაძემ მოედნის ცენტრში თამაშის წესი დაარღვია, რასაც სახიფათო ჯარიმა და გოლი მოჰყვა – 1:1. სტუმართაგან თავი ვიქტორ კარლ ეინარსონმა გამოიჩინა.

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა შეხვედრის 63-ე წუთზე: ისლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ეიოლფურ სვერისონმა ერთბაშად ათი ფეხბურთელი გაიყვანა მოედნიდან და სტუმრებმა თამაში ახალი შემადგენლობით განაგრძეს.

66-ე წუთზე საქართველო ისევ დაწინაურდა - შეცვლაზე შესულმა რომან ჭანტურიამ ჩაკვეტაძის კარგი გადაცემით მასპინძლები დააწინაურა - 2:1. დარჩენილ დროში საინტერესო ბევრი არაფერი მოხდარა – თუმცა, ანგარიში მაინც შეიცვალა. 88-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა ისლანდიელებს საკუთარ ნახევარზე წაართვეს ბურთი, რასაც სწრაფი და ძალიან კარგი კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც ლოგიკურად დასრულდა: ჭანტურია მეკარესთან პირისპირ დარჩა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

საქართველო (U21) – ისლანდია (U21) 3:1 (1:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო: ბექა ქურდაძე, ლუკა იმნაძე (ლუკა ზარანდია 61), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ლევან მაქარაშვილი 73), აკაკი შულაია (რომან ჩაჩუა 73), ბექა მიქელაძე (რომან ჭანტურია 61), გიორგი ხარაიშვილი ირაკლი ბიძინაშვილი 73), ანრი ჭიჭინაძე (დავით კობოური 73), გაგი მარგველაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (გიორგი ჩაკვეტაძე 61), გიორგი გიორბელიძე (ლუკა ლოჩოშვილი 46), ოთარ კიტეიშვილი (გიორგი კიკნაძე 73).

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

ისლანდია: სინდრი ოლაფსონი, ჯონ ტორსტეინსონი (სტეინარ ტორსტეინსონი 63), ალბერტ გუდმუნსონი (არნორ გაუტი რაგნარსონი 63), ტრაიგვი ჰარალდსონი (კრისტოფერ კონრადსონი 63), ვიკტორ კარლ ეინარსონი (ბირნირ იგნასონი 63), ასგეირ სიგურგეირსონი (აეგირ იარლ იონასონი 63), იულიუს მაგნუსონი (გრეტარ სნაერ გუნარსონი 63), აქსელ ოსკარ ანდერსონი (ჰორდურ ინგი გუნარსონი 63), ჰანს ვიკტორ გუდმუნსონი, სინდრი შევინგი, ალფონს სამსტედი

მწვრთნელი: ეიოლფურ სვერისონი

გოლები: 1:0 ოთარ კიტეიშვილი (7), 1:1 ვიკტორ კარლ ეინარსონი (59), 2:1 რომან ჭანტურია (66), 3:1 რომან ჭანტურია (88)

გაფრთხილება: ანრი ჭიჭინაძე (58), ლევან მაჭარაშვილი (85), რომან ჭანტურია (88) – არი ლეიფსონი (68)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.176068