ავტოსპორტი

17:38 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი: „რედ ბული“ გამარჯვებისთვის ჯერ მზად არაა

მაქს ფერსტაპენის აზრით, „რედ ბულის“ ახალი სარბოლო მანქანა RB13 ამ ეტაპზე, საკმარისად სწრაფი არაა იმისათვის, რომ „მერსედესთან“ და „ფერარისთან“ ტოლსწორად პაექრობა, პირველივე ეტაპზე შეძლოს.

წინასასეზონო ტესტებზე ავსტრიულ გუნდს მეოთხე საუკეთესო დროები ჰქონდა. მას „უილიამსმა“ აჯობა, თუმცა მელბურნის რბოლაში „რედ ბული“ ბრიტანულ გუნდთან ბრძოლას შეძლებს. თუმცა, მოწინავეებთან გამკლავებას ჯერ ვერ შეძლებს.

„ჯერაც ზუსტად არ ვიცით, რამდენად კარგად ვართ მომზადებულნი. პირადად მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე გამარჯვებისთვის ბრძოლას ვერ შევძლებთ. ბევრი რამ შეიცვლება სეზონის მსვლელობისას, თუმცა ახლა მოსაგებად მზად არ ვართ“, - ჰოლანდიურ გამოცემა „დე ტელეგრააფთან“ საუბრისას განაცხადა ფერსტაპენმა.

ის დასძენს, რომ რბოლაში RB13-ის შესაძლებლობების შესახებ ზუსტი წარმოდგენა კვალიფიკაციის შემდეგ შეექმნება, რომელზეც პოულ პოზიციას არ ელის. ჰოლანდიელი თინეიჯერი დასძენს, რომ იმედი აქვს, მისი გუნდი გასული სეზონის მსგავსად, ახალ სეზონშიც სოლიდურ პროგრესს მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მსვლელობისას, ხარებმა უკან ჩამოიტოვეს „ფერარი“, რომელიც თავიდან უკეთ გამოიყურებოდა.

„აშკარაა, რომ „ფერარიმ“ წინ წაიწია. „მერსედესი“ ჩვეულ ფორმაშია. ვფიქრობ, მათ ტესტებზე რეალური ძალა არ გამოაჩინეს. ბოლო დროს სწორედ ასე ხდება. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჯერ არ ვიცით, სად ვართ. პირადად მე არ მგონია, რომ საუკეთესოები ვიყოთ. მაგრამ მოცდა სჯობს, ყველაფერს პირველ რბოლაში დავინახავთ. ავსტრალიაში კვალიფიკაციის შემდეგ, ამ კითხვაზე გარკვეული პასუხი მექნება“, - დასძენს ფერსტაპენი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113009