სხვა

12:13 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. დუშეთში, გიორგი ასანიძესთან ერთად. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბლიცი რამდენიმე დღეში და მანამდე, კაპიტანს, ირაკლი თურმანიძეს ვუსმენთ. ოლიმპიადის მესამე ადგილის შემდეგ დიდი დრო გავიდა. თურმანიძე არ აგდებს ტემპს, ვარჯიშობს და ირაკლიმ იცის, რომ ამ ეტაპზეც, აქ, სამაგალითო უნდა იყოს. ყველასთვის, მეგობრებისთვის ნაკრებში, მწვრთნელისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის და ალბათ, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავისთვის.

ირაკლი თურმანიძე: „ნაკრების კაპიტანი ვარ. ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ყოველთვის ასეა. ორმაგად მონდომებული უნდა იყო. შეკრებაზე არიან ახალგაზრდები, რომლებიც გიყურებენ, გაკვირდებიან, ცდილობენ აიღონ შენგან მაგალითი. მე ტემპს არ დავაგდებ. მინდა, რომ ბოლომდე გავიდე და როგორც ოლიმპიადაზე, ევროპაზეც გავახარო გულშემატკივარი. შენი ქვეყნისთვის, შენი გულშემატკივრისთვის მაღალი შედეგის დადება ყოველთვის საპატიოა.“

ირაკლი 32 წლისაა. ამ ასაკში ბევრი მიღწეულით კმაყოფილდება, ინერციით მიდის. ირაკლი დღესაც მოტივირებულია.

ი.თ: „ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ. ვცდილობ, რომ სხვამაც არ მიაქციოს. უბრალოდ, კარგ ფორმაში უნდა ვიყო და მწვრთნელების ყველა დავალება შევასრულო. მინდა, რომ ფორმა შევინარჩუნო და კიდევ რამდენიმე დიდ ტურნირზე გამოვიდე. ვგრძნობ, რომ შემიძლია მაქსიმუმის გაკეთება.“

სპლიტში (ხორვატია) საქართველოს ნაკრები იდეალურ კაპიტანთან ერთად ჩადის. კაპიტანი, რომელიც ერთი დიდი პოზიტივია. კაპიტანი,რომელიც ტემპს არ აგდებს. კაპიტანი, რომელიც რეალური მაგალითია ახალგაზრდებისთვის. როგორ უნდა წაიყვანო პროცესი, როგორ უნდა მოუმატო იმ მომენტში, როცა უნდა მოუმატო. და უბრალოდ, როგორი უნდა იყოს იდეალური კაპიტანი.

ი.თ: „შეკრება ცოტა გვიან დავიწყეთ, მაგრამ პროცესით კმაყოფილი ვარ. ნორმალურ ფორმაში შევედი და ალბათ, ოლიმპიადის წინ როგორც ვიყავი, იმ ფორმას მივუახლოვდები. როგორც გითხარით, ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღესაც ჩვენს, ჩემს გვერდით არის. ეს მნიშვნელოვანია. ნაკრების ყველა წევრი გრძნობს თქვენ სიყვარულს და ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ჩვენ თქვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ ყველა ტურნირზე. მადლობა თქვენ, მეგობრებო, გულშემატკივრებო.“

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112336