ფეხბურთი

19:07 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდე ლიგა: ოცეულის ამბები   

19-წლამდე ლიგაში მეორე ტური გავიდა. აქ ორი ჯგუფია და თითოში 10 გუნდია. გუნდები გეოგრაფიული პრინციპით არიან ჯგუფებში განაწილებულნი. ამ ასაკში 1999 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში, ასევე, ოქმში სამი ფეხბურთელი შეიძლება 1998 წელს დაბადებულიც იყოს და სამივემ შეიძლება ითამაშოს.

გუნდების უმრავლესობისთვის 19-წლამდელები რანგით მეორე გუნდია. მაგალითად ასეა თბილისის "დინამო", რომელმაც სარეზერვო გუნდი გააუქმა. დინამოელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები. განვლილ ორ ტურში "გაგრას" 6:0, ხოლო "ჩიხურას" 7:1 სძლიეს...

დუბლები ჰყავთ "საბურთალოს", "ლოკომოტივს", "ვიტ ჯორჯიას"... ისინი რეგიონულ ლიგაში (რანგით მეოთხე ლიგა) გამოდიან და როტაციას მიმართავენ: ზოგჯერ 19-წლამდელებში ათამაშებენ,ზოგჯერ მეორე გუნდში და ზოგჯერ 17-წლამდელებშიც.

"ლოკოს" (მწვრთნელი გიორგი მინაშვილია) 2000 წელს დაბადებული რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს, ხოლო "საბურთალოს" (მწვრთნელი - თემურ შალამბერიძე) მეტწილად სწორედ 2000-იანები ჰყავს და რამდენიმე უფროს ფეხბურთელს იმატებს. საბოლოოდ, როცა მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა დაიძაბება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შეეცდებიან, რაც შეიძლება ოპტიმალური შემადგენლობა დააყენონ.

ბ ჯგუფში "დინამოს" გარდა, "ლოკომოტივმაც" ორივე თამაში მოიგო და გოლიც არ გაუშვია. კარგი გუნდი ჰყავს "ცხინვალსაც" (მწვრთნელი - მალხაზ ლაცაბიძე), რაც შეეხება "გაგრასა" და "რუსთავს", ჯერ ახალშექმნილი გუნდებია და ვნახოთ.

ა ჯგუფში ქუთაისის "ტორპედომ" და "სამტრედიამ" ორივე შეხვედრა მოიგეს. შარშან კარგი გუნდი ასაკობრივი გუნდები ჰყავდათ მარტვილის "მერანსა" და ფოთის "კოლხეთს". ვნახოთ, ამჯერად როგორ იქნება საქმე. ჯერ ახალი დაწყებულია ჩემპიონატი.

ა ჯგუფი

I ტური: გურია - ტორპედო 0:2, დინამო ბათუმი - სამტრედია 2:3, ზუგდიდი - სამგურალი 0:0, კოლხეთი - შუქურა 3:1, მერანი - მეშახტე 4:0

II ტური: სამგურალი - კოლხეთი 2:0, ტორპედო - მეშახტე 4:0, სამტრედია - ზუგდიდი 1:0, შუქურა - მერანი 5:2

ბ ჯგუფი

I ტური: დინამო თბილისი - გაგრა 6:0, ცხინვალი - რუსთავი 3:1, ლოკომოტივი - დილა 3:0, სიონი - ჩიხურა 0:2, ვიტ ჯორჯია - საბურთალო 0:0

II ტური: ჩიხურა - დინამო თბილისი 1:7, დილა - გაგრა 0:0, ლოკომოტივი - ვიტ ჯორჯია 1:0, რუსთავი - სიონი 3:0, საბურთალო - ცხინვალი ძლიერი ქარის გამო გადაიდო

აი, ეს წერია ფედერაციის დებულებაში: "ორ წრედ თამაშის შემდეგ, ორივე ჯგუფში 1-4 ადგილებზე გასული გუნდები შეადგენენ ერთ რვა გუნდიან ჯგუფს, სადაც თამაშები გაიმართება ორ წრედ და გამოვლინდება საქართველოს 19-წლამდელთა ლიგის საპრიზო სამეული. გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოჰყვებათ ქულები და არცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით. ჯგუფებში პირველ ეტაპზე 5-10 ადგილებზე გასული გუნდები ჩემპიონატის მეორე ეტაპზე კვლავ ითამაშებენ ორ წრედ თავიანთ თანაჯგუფელებთან ერთად, გუნდებს ჯგუფის პირველი ეტაპიდან არ გადმოჰყვებათ ქულები და არაცერთი სხვა მაჩვენებელი, შესაბამისად მეორე ეტაპს დაიწყებენ ნული ქულით."

19-წლამდე ლიგის გამარჯვებულმა, შესაძლოა, გაისად, 2018/2019 წლების უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ითამაშოს. "შესაძლოა" იმიტომ, რომ საკითხავია, უეფას კოეფიციენტები გვეყოფა თუ არა. ეს დამოკიდებულია ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე ჩვენი კლუბების გამოსვლაზე...

შეგახსენებთ, შარშან 19-წლამდე ლიგა "საბურთალომ" მოიგო და ჯერაც საკითხავია, წლეულს ზაფხულში უეფას ახალგაზრდულ ლიგაში ჩაერთვება თუ ვერა. აქაც უეფას კოეფიციენტების საკითხია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112085