ფეხბურთი

17:40 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარტო არაბული და ჯოკერი კოხრეიძე

ბაჩანა არაბული... ეროვნულ ლიგაში თბილისის "დინამოს" ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე მან მიითვალა. გარდა ამისა, "დინამომ" საქართველოს თასზე მარნეულის "ალგეთს" 2:0 აჯობა და იქაც არაბულის დუბლით. ბაჩანა ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და იმედია გაამართლებს იმ ავანსებს, რაც ექვსი წლის წინ გაიცემოდა მასზე - ის 17-წლამდელთა ნაკრებში გამორჩეული გახლდათ, მერე მძიმე ტრავმა მიიღო და ერთი წელი გაუცდა.

24 წლის მცველმა ირაკლი ჭეჟიამ პირველი გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში. "შუქურას" მცველმა "ჩიხურასთან" თავურით იხეირა და იმ შეხვედრაში ოთხივე გოლი თავურით გავიდა...

გია გურულის გაწვრთნილი "შუქურა" ერთადერთია, რომელსაც ჯერ არ მოუგია, მაგრამ ცუდად თამაშობსო, ამასაც ვერ ვიტყვით: რთული მატჩები ჰქონდა, შარშანდელ პირველ-მეორეადგილოსნებთან და თასის მფლობელთან ითამაშა.

მთლიანობაში, ბევრი გოლი არ გადის. 15 მატჩში 29 ბურთია გასული, ანუ საშუალოდ 2 გოლიც არაა.

გიორგი ჯანელიძე ("კოლხეთი") ბომბარდირებში დაწინაურდა 3 გოლით, გოლი+პასის მიხედვით კი, ასევე 3 პუნქტი აქვს გიორგი კორიფაძეს ("ჩიხურა"). კორიფაძემ გასულ ტურში "ჩიხურასთან" შეხვედრაში ორი საგოლე პასი გაახერხა და ორივეჯერ გიორგი გაბედავამ დაუფასა თავური დარტყმებით.

"საბურთალოს" 18 წლის გიორგი კოხრეიძემ ორჯერ მოახერხა გადამწყვეტი გოლის გატანა. "ტორპედოსთან" პირველ ტურში 72-ე წუთზე შეიყვანეს და 90-ეზე შეაგდო (1:0), ხოლო"ლოკომოტივთან" ასევე 72-ეზე შეიყვანეს, მაგრამ 18 წუთი აღარ უცდია... 46 წამში გაიტანა და საბოლოოდ, 2:1 მოიგეს საბურთალოელებმა. კოხრეიძე მიმდინარე სეზონში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეც გახლავთ.

ტურის საუკეთესო გოლი? რამდენიმე კარგი გოლი გავიდა, თუმცა გამორჩეულად მაინც "დილას" ნახევარმცველ დავით კირკიტაძისა ჩავთვალოთ: "დინამოსთან" თავურით.

გიორგი გაბედავა მესამე ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში დუბლის შესრულება შესძლო. მანამდე იყვნენ ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი") და გიორგი ჯანელიძე ("კოლხეთი").

0.112155