ფეხბურთი

0:45 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ყაიმი “ეტიჰად სთედიუმზე” – სხვების სასარგებლოდ

პრემიერლიგის 29-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება “ეტიჰად სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულს” დაუხვდა და მერსისაიდში ქულა გაატანა.

“სიტი” ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და დღეს საკუთარი ქომაგების თვალში რეაბილიტაციის მოხდენა მართებდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლეს და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააწბილეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა ორივე კლუბს ძალიან ბევრი საგოლე შანსი ჰქონდა. მასპინძელთაგან დავიდ სილვას და ფერნანდინიოს მართებდათ გატანა, ხოლო სტუმართაგან სადიო მანეს, ადამ ლალანას და რობერტო ფირმინოს შეექმნათ კარგი მომენტები.

მეორე ნახევარი “ლივერპულისთვის” ჩინებულად დაიწყო: 50-ე წუთზე ემრე ჩანმა დიდებული გადაცემით რობერტო ფირმინო დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა, რომელიც გაელ კლიშიმ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბურთთან ჯეიმს მილნერი მივიდა და 11-მეტრიანი გოლად აქცია. ამის შემდგომ, “ქალაქელებმა” მთელი ძალებით შუეტიეს და 69-ე წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს: კევინ დე ბრუინმა კარის გასვრის დაბალი გადაცემა გააკეთა და სერხიო აგუერომ ახლო მანძილიდან შეაგდო. დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს უტევდნენ და რამდენიმე ძალიან რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ: კევინ დე ბრუინს, რაჰიმ სტერლინგს და სერხიო აგუეროს (ორჯერ) 100%-იანი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ სამივეს მიზანმა უმტყუნა. უშანსოდ არც სტუმრები ყოფილან, რომლებიც ფონს კონტრშეტევებით გადიოდნენ და ადამ ლალანას ბურთისთვის ფეხი რომ არ აეცილებინა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა – 1:1.

ამრიგად, “სიტიმ” 57 ქულა დააგროვა და “ტოტენჰემს” ორი, ხოლო “ჩელსის” 12 ქულით ჩამორჩა. “ლივერპულს” კი ერთი ქულით ნაკლები აქვს და მე-5 ადგილოსან “მანჩესტერ იუნაიტედს” 4 ქულით უსწრებს, თუმცა “წითელ ეშმაკებს” მათზე 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

“მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე გასავარდნ ზონაში მყოფ “მიდლსბროს” დაუპირისპირდა და სამი ქულის მოპოვება დიდად არ გასჭირვებია. სტუმრებმა ტაიმი მარუან ფელაინის თავურით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში თავი ჟესი ლინგარდმა და ანტონიო ვალენსიამ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, ანტონიოს გოლი, რომელიც ვიქტორ ვალდესის კურიოზულ შეცდომას მოჰყვა. მასპინძელთაგან პრესტიჟის ბურთი ჟესტედის ანგარიშზეა, რომელიც კრის სმოლინგის ასევე ძალიან უხეშ შეცდომას მოჰყვა - 1:3.

“ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონს” დაუხვდა და სამი ქულა მოიპოვა. მასპინძლებმა კრისტიან ერიკსენის და დელე ალის გოლებით პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, ხოლო მეორე ნახევარში ანგარიში უარდ-პროუსმა შეამცირა – 2:1.

ტოტენჰემი – საუთჰემპტონი 2:1 (2:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, დაიერი, დემბელე, ვანიამა, უოლკერი (ტრიპიერი 78), ბ.დევისი, ერიკსენი (იანსენი 86), ალი, სონი (ვინკსი 75).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, სტეფენსი, იოშიდა, ბერტრანი, სოარეში, ს.დევისი, რომეუ, უარდ-პროუსი, ტადიჩი (ბუფალი 69), რედმონდი (ჯ.როდრიგესი 80), გაბიადინი (ლონგი 32).
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 1:0 ერიკსენი (14), 2:0 ალი (33 პენ.), 2:1 უარდ-პროუსი (52)
გაფრთხილებები: დაიერი, უოლკერი, ვანიამა – რედმონდი, ბუფალი, რომეუ
მსაჯი: ანდრე მარინერი

მიდლსბრო – მანჩესტერ იუნაიტედი 1:3 (0:1)

მიდლსბრო, “რივერსაიდ სთედიუმი”

მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი, გიბსონი, ესპინოსა, ფაბიო, ბარაგანი, ლეადბიტერი (ჟესტედი 67), კლეიტონი, დე როონი, გ.რამირესი (ა.ტრაორე 68), დაუნინგი, ნეგრედო.
მწვრთნელი: სტივ ეგნიუ

მანჩესტერ იუნაიტედი (3-4-2-1): დე ხეა, სმოლინგი, ბაილი, ჯონსი, კერიკი, ფელაინი, ა.ვალენსია, იანგი, მატა (როხო 69), ლინგარდი (მარსიალი 80), რეშფორდი (დარმიანი 94).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 ფელაინი (30), 0:2 ლინგარდი (62), 1:2 ჟესტედი (77), 1:3 ა.ვალენსია (93)
გაფრთხილებები: კლეიტონი – ჯონსი
მსაჯი: ჯონათან მოსი

მანჩესტერ სიტი – ლივერპული 1:1 (0:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): კაბალიერო, ოტამენდი, სტოუნზი, ფერნანდინიო, კლიში, ტურე (სანია 65), სილვა, დე ბრუინი, სტერლინგი, სანე (ფერნანდო 83), აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ლივერპული (4-3-3): მინოლე, მატიპი, კლავანი, კლაინი, მილნერი, ჩანი, ლალანა, ვეინალდუმი, მანე, კოუტინიო (ორიჯი 73), ფირმინო (ლეივა 89).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 მილნერი (51 პენ.), 1:1 აგუერო (69)
გაფრთხილებები:
ტურე, კლიში, სილვა – ფირმინო, მატიპი, მანე
მსაჯი: მაიკლ დინი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120381