ჩოგბურთი

12:39 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ვავრინკას წინააღმდეგ - ინდიანა უელსის მასტერსის ლოგიკური ფინალი

ინდიანა უელსის მასტერსის ფინალში ერთმანეთს შვეიცარიელები სტანისლავ ვავრინკა და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდებიან. 2017 წლის პირველი მასტერსის გადამწყვეტი მატჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალის გამეორებაა და ამჯერად მსოფლიოს მესამე ნომერს სტანს რევანში შესაძლებლობა ექნება.

ვავრინკამ ნახევარფინალში პაბლო კარენო ბუსტა 6:3, 6:2 დაამარცხა და ეს გამარჯვება ყველაზე იოლი აღმოჩნდა წინა მატჩებისგან განსხვავებით. სტანს მეოთხედფინალში გაუჭირდა დომინიკ ტიმთან (6:4, 4:6, 7:6) და წაგებასაც გადაურჩა. ასევე მერვედფინალში 70-ე ნომერთან იოშიჰიტო ნიშიოკასთანაც (3:6, 6:3, 7:6) გაჭირვებით მოიგო. ესპანელი შვეიცარიელისთვის სუსტი მეტოქე აღმოჩნდა და მატჩში სამჯერ დაბრეიკდა, ხოლო ვავრინკა იმდენად დამაჯერებლად თამაშობდა, რომ პაბლოს ბრეიკის შესაძლებლობაც არ ჰქონია.

სტანი შეეცდება 2014 წელს მონტე-კარლოს მასტერსის მოგების შემდეგ მეორედ გაიმარჯვოს 1000-ქულიან ტურნირზე. წელს სტანისლავს მხოლოდ სამი წაგება აქვს - ბრისბენის ტურნირზე კეი ნიშიკორისთან დამარცხდა, დუბაიში დამირ ჯუმურთან, ხოლო ავსტრალიაში როჯერ ფედერერთან. თავის მხრივ კარენო ბუსტას მშვენიერი სეზონი აქვს, მასტერსის ფინალში 25 წლის ესპანელი პირველად გავიდა. 2017 წელს პაბლო სან პაულოს ფინალი პაბლო კუევასთან დამარცხდა, ასევე რიო დე ჟანეიროს ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ტიმტან ვერაფერი გააწყო, ხოლო ბუენოს აირესში ნახევარფინალში ალექსანდრ დოლგოპოლოვის ბარიერი ვერ დაძლია. განახლებულ რეიტინგში კი პაბლო უკვე კარიერაში პირველად 20-ულში იქნება.

როჯერ ფედერერი კი აგრძელებს კარგ სეზონს და კრიტიკოსები ფინალში გასვლით დაადუმა უკვე. პირველ მარტს შვეიცარიელი დუბაიში ევგენი დონსკისთან დამარცხდა და ინდიანა უელსის მასტერსის კენჭისყრის შემდეგ, ექსპერტთა პროგნოზი როჯერის შესახებ მაქსიმუმ მერვედფინალში გასვლა იყო, სადაც რაფაელ ნადალთან დამარცხდებოდა. მიუხედავად ამისა, ფედერერმა დაამტკიცა, რომ ჩამოსაწერი არაა, ნადალი იოლად დაამარცხა, რაც მისი გამოსწორებული ბექჰენდის დამსახურებაა. ასევე ნახევარფინალში ამერიკელმა ჯეკ სოკმა დიდი წინააღმდეგობა მეტოქეს მხოლოდ მეორე სეტში გაუწია, თუმცა ტაი-ბრეიკი მაინც დათმო და ჯამში ფედერერმა 6:1, 7:6 იმარჯვა. ამ შეხვედრაში ორი ბრეიკი დაფიქსირდა და ისიც შვეიცარიელმა პირველ სეტში შეასრულა. ისიც სათქმელია, რომ ამერიკელს მეტოქის მოწოდებაზე მოგების შესაძლებლობა არ ჰქონია.

35 წლის ფედერერი კი შეეცდება მეხუთედ მოიგოს ინდიანა უელსის მასტერსი, ასევე შანსი აქვს 1000-ქულიან ტურნირზე 25-ჯერ იმარჯვოს და ATP-ის 90-ე ტურნირი მოიგოს. ვავრინკასთან ურთიერთშეხვედრებში როჯერი 19:3-ს იგებს. წინა შვეიცარიული დაპირისპირება ხუთსეტიანი გახლდათ, ავსრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ფედერერი სეტებში 2:0-ს იგებდა, თუმცა მეტოქემ ჩამორჩენა აღმოფხვრა და ანგარიში გაათანაბრა. მეხუთე სეტში კი ვავრინკა ერთხელ დაბრეიკდა და ჯამში მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. მომდევნო მატჩში საინტერესო იქნება მეტოქეთა ბექჰენდით თამაში და ასევე ვავრინკას ტაქტიკა თუ როგორ შეეცდება ჰარდის საფარზე ფედერერის პირველად დამარცხებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.222327