ბლოგი

15:13 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ქომაგის ფიქრები ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ

როდესაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა სარაგბო მატჩი დასრულდა, და გამარჯვებით გახარებული ქომაგები ეროვნული სტადიონიდან გამოვიდნენ, მათ კიდევ ერთხელ გაუჩნდათ საფიქრალი, თუ როგორ მოეხერხებინათ სახლებში წასვლა და შეძლებდნენ თუ არა სამარშრუტო ტაქსებში შეჭეჭყვას.

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ (მნიშვნელობა არა აქვს მატჩი “ლოკომოტივზე იმართება თუ “დინამო არენაზე”) ქართველ რაგბისა თუ ფეხბურთის ქომაგებს აწუხებთ და ჯერჯერობით არ ჩანს არანაირი გამოსავალი. სტადიონიდან გამოსვლის შემდეგ, ათეულათასობით ადამიანი ერთად აწყდება ავტობუსებსა თუ მეტროს, სამარშრუტო ტაქსებსა თუ ჩვეულებრივ ტაქსებს და ძალიან უნდა იძალავო, რომ სასურველ ტრანსპორტამდე მიაღწიო.

არადა, ეს ყველაფერი როგორ ფანტასტიურადაა მოგვარებული ევროპაში... თითქმის ყველა დიდ სტადიონთან ამოდის სპეციალური მეტროს სადგური, მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონთან უკვე მობილიზებულია ასეულობით ავტობუსი და ყველა ნორმალური ევროპული ქალაქის მერია ცდილობს, რომ სტადიონებიდან გამოსული ადამიანები რაც შეიძლება მობილურად და მარტივად მიიყვანონ სასურველ ადგილზე. ჩვენთან კი ეს დიდი და მიუღწეველი “ფუფუნებაა”.

როდესაც ევროპაში ხარ და იქაურობას შენს სამშობლოს ადარებ, ბევრ რამეზე უსიამოვნოდ გეკუმშება გული. არაფერია სასიამოვნო იმაში, რომ კიდევ ერთხელ დაინახავ უზარმაზარ სხვაობას ევროპასა და საქართველოს შორის როგორც სოციალურ, ასევე ყოფით საკითხებში და ასეთ დროს დარდიანო ამოოხვრებიც ვერაფერს გიშველის.

არაფერი ისე არ გაჩვენებთ ჩვენსა და ევროპას შორის სხვაობას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დილით და საღამოს გადაძეძგილ თბილისის სამარშრუტო ტაქსებში აბობღებაზე მეოცნებე ადამიანს აბა როგორ არ გაგახსენდება ლიონის, პარიზისა თუ მარსელის გაწკრიალებული ტრამვაი თუ მეტრო. ან თუნდაც ხუთგანყოფილებიანი უზარამაზარი ავტობუსი, რომელიც 140 ადამიანს მაინც იტევს.

გაგახსენდება ეს და ხვდები, რომ შენს ქვეყანაში ქალაქის მუნიციპალიტეტების უმრავლესობა საერთოდ არაფერს აკეთებს მოქალაქეებისათვის და კომფორტის შექმნას ვინ ჩივის, ხშირად ელემენტარულად იმაზეც კი ოცნებობ, რომ დილით სამსახურში მიხვიდე, რადგან ტრანსპორტი ფიზიკურად არ ყოფნის არც დედაქალაქს და ბევრ სხვა ქალაქებსაც. საუბრით იცოცხლეთ, სულ ამ პრობლემაზე საუბრობენ, მაგრამ ჩვენში საუბარი ხშირად უსაგნო ლაყაფია და მეტი არაფერი.

ამას გარდა, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ზოგადად ევროპაში ტრანსპორტის მუშაობის დრო და გრაფიკიც. მაგალიად, ლიონში ტრამვაი მუშაობას დილის ხუთ საათზე იწყებს და ღამის პირველზე ასრულებს. ამ ქალაქში ტაქსის პოვნა უფრო რთულია ვიდრე ქართველი ემიგრანტების, რადგან, ტაქსის საჭიროება უბრალოდ არ არსებობს და თუკი ვინმეს მაინცადა მაინც ტაქსით გადაადგილება სწყურია, ტელეფონზე დარეკვა და გამოძახება უწევს.

არადა, ჩვენ თითქოს ხომ ევროპისკენ ვიხედებით...

0.118467