ავტოსპორტი

21:42 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენი“ შეიძლება „მერსედესის“ ძრავებზე გადავიდეს

ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა „მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორობასთან დაკავშირებით გაჩნდა. მათ შორის დაძაბულობა აშკარად იგრძნობა, თუმცა ოფიციალურ განცხადებებში მკვეთრ ფრაზებს ერიდებიან. და მაინც, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მაკლარენმა“ „მერსედესს“ ძრავების შესაძლო მიწოდებაზე ჩამოუგდო სიტყვა.

ტესტებზე გამოჩნდა, რომ „ჰონდას“ ძრავი არც გამძლეა და არც სათანდოდ მძლავრი. იაპონელები ამბობენ, რომ იციან პრობლემის არსი და ძრავის სასურველი გამძლეობის მიღწევის შემდეგ, მის პოტენციალსაც თანდათან, სრულად აითვისებენ. „მაკლარენი“ უარყოფს „მერსედესთან“ მისი კონტაქტის შესახებ გავრცელებულ ხმებს, თუმცა აღიარებს, რომ ძრავებთან დაკავშირებით, სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

„ჩვენ „ჰონდასთან“ ერთად განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს და მედიაში გავრცელებულ სპეკულაციებზე კომენტირებას არ ვაპირებთ“, - ამბობს უოიკინგელთა პრეს მდივანი. არსებობს რეალური ალბათობა იმისა, რომ თუ „ჰონდა“ ვერ შეძლებს თავისი აგრეგატის გაუმჯობესებას, „მაკლარენს“ პელოტონის კუდში მოუწევს ყოფნა, რაც მისთვის კრახის ტოლფასი იქნება. უფრო მეტიც, გუნდს პილოტებს რბოლების დასრულებაც კი გაუჭირდებათ.

თუ ასე მოხდა, „მაკლარენი“ დაკარგავს უზარმაზარ შემოსავლებს, რომლებსაც გუნდები კონსტრუქტორთა თასზე დაკავებული ადგილების შესაბამისად ღებულობენ. გარდა ამისა, სახელოვანი გუნდი ვერც მომავალი სეზონისთვის ტიტულოვანი სპონსორის მოზიდვას მოახერხებს. ერთი მხრივ, „მაკლარენის“ ფინანსურ კეთილდღეობას „ჰონდა“ უზრუნველყოფს, მაგრამ მათი დაშორების შემთხვევაში, გუნდი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

არაოფიციალური ინფორმაციით, „ჰონდა“ „მაკლარენს“ ძრავებს არამხოლოდ უფასოდ აწვდის, არამედ მის ბიუჯეტს 100 მილიონი დოლარითაც ავსებს. იაპონური კომპანია პილოტების ხელფასების ნახევარსაც ფარავს. თუ ისინი დაშორდებიან, „მაკლარენს“ სპონსორის გარეშე დარჩენაც ემუქრება და გარდა ამისა, „მერსედესის“ ძრავების 17 მილიონად ყიდვაც მოუწევს. ამ შემთხვევაში, გუნდის დაფინანსება საკუთარი სახსრებიდან მოუწევთ მის აქციონერებს - ბაჰრეინულ ფონდ „მუმთალაქათს“ და არაბ ბიზნესმენ მანსურ ოიეხს.

რაც შეეხება „მერსედესს“, მას შემდგ, რაც „მენორი“ გაკოტრდა, გერმანულ კომპანიას ძრავების მიწოდებისთვის ერთი ვაკანსია გაუჩნდა. სხვათა შორის, ახლახანს „მაკლარენის“ შეფმა ერიკ ბუიემ განაცხადა, რომ მისი გუნდი „მერსედესის“ ძრავებით, გამარჯვებებისთვის ბრძოლას შეძლებდა...

0.159317