სხვა

19:04 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

11-17 ივნისს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს და კონგრესს უმასპინძლებს

2017 წელს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 11-17 ივნისს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში ასევე ჩატარდება ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელიც 11 ივნისსაა დაგეგმილი.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტს, მრავალგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს სტანისლავ პოზდნიაკოვს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ევროპის კონფედერაციის გენერალური მდივანი მაქს გოიტერი და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელები - პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და გენერალური მდივანი, ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე დავით სახვაძე.

ჯამში, ევროპის ჩემპიონატი 6 დღის მანძილზე გასტანს და მასში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე მონაწილეს ელოდებიან.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება. ევროპის ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის როგორც ინდივიდუალუარ, ასევე გუნდურ სახეობებში გათამაშდება - დაშნაში, ხმალსა და რაპირაში.

აღსანიშნავია ასევე, რომ დღეს 80 წელი შეუსრულდა სახელოვან ვეტერან მოფარიკავეს, მსოფლიოს ჩემპიონს რაპირით ფარიკაობაში, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულსა და პრიზიორს, სართაშორისო მსაჯს, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტს - იური ოსიპოვს.

იური ოსიპოვი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): "ევროპის კონფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილეთ ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები. მათ კმაყოფილება გამოთქვეს გაწეული სამუშაოების გამო და ისევე როგორც ჩვენ, თავადაც დარწმუნებული არიან, რომ ევროპის ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლებთ. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორების მხრიდან ნდობა. როგორც ცნობილია, შარშან მსოფლიო თასს ვუმასპინძლეთ, წელს უკვე ევროპის ჩემპიონატი გვაქვს, ხოლო მომავალ წელს ასევე მსოფლიო თასი გველის.

ეს დიდი აღიარებაა როგორც ქვეყნის, ასევე სამინისტროსა და ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის. ზოგადად ასეთი დონის ტურნირების მასპინძლობა ხელს შეუწყობს ფარიკაობის შემგომ განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოში. ასევე მსურს მივულოცო სახლოვან ქართველ მოფარიკავეს, იური ოსიპოვს 80 წლის იუბილე. სამინისტროს წარდგინებით, მას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღირსების ორდენი გადაეცა. დარწუმებული ვარ, ქართულ ფარიკაობას დაუბრუნდება ის დიდება, რითაც მთელს მსოფლიოში იყო გამორჩეული."

ზაზა მჭედლიძე (საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი): "დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ. მოგეხსენებათ, თბილისში ვმასპინძლობთ ევროპის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს. მათ დაათვალიერეს ის სპორტული ობიექტები, სადაც ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, მოინახულეს ასევე ის სასტუმროები, სადაც სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები და დელეგაციის წევრები განთავსდებიან. საერთო ჯამში, კმაყოფილნი არიან ნანახით და ჩვენის მხრიდან, რა თქმა უნდა იმედებს არ გავუცრუებთ და ტურნირს მაღალ დონეზე ჩავატარებთ."

სტანისლავ პოზდნიაკოვი: (ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტი): "ჩვენი ვიზიტის მიზანი გახლდათ შეგვემოწმებინა მოსამზადებელი სამუშაოები ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც თბილისი ივნისის თვეში მასპინძლობს. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ასევე თბილისში გაიმართება ევროპის კონფედერაციის კონგრესიც. დღვანდელ შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან განვიხილეთ მთელი რიგი საორგანიზაციო საკითხები და ასევე საუბარი გვქონდა ევროპის კონფედერაციასა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. მოხარული ვართ, რომ საქართველოს სახით ძალზე სანდო პარტნიორი გვყავს და ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატის დონით ყველანი კმაყოფილი დავრჩებით."

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123711