ფეხბურთი

16:55 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ შონია: "ეროვნულ ლიგაში ფიზმომზადება ბევრს გადაწყვეტს"

თემურ შონია საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და აკი, ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებშიც ათამაშა: უზბეკეთან და იორდანიასთან ამხანაგურ მატჩებში. შონიამ დებიუტი გოლით აღნიშნა და საერთოდაც, იმ ტიპის ნახევარმცველია, რომლებსაც ხშირად გააქვთ.

შონია ბათუმის "დინამოს" კაპიტანია და ახალდაწყებულ ეროვნულ ლიგაზე ვკითხეთ, როგორ ჩემპიონატს ელის და როგორ უყურებს თავისი გუნდის შანსებს:

"ჩემი აზრით, არაპროგნოზირებადი ჩემპიონატი იქნება. არც ფავორიტი ჩანს და არც აუტსაიდერი. თითოეულ მატჩში ფორმაში ყოფნაა საჭირო, სხვაგვარად სამ ქულას ვერ მოიპოვებ. ბევრს გადაწყვეტს ფიზმომზადება, რადგან გრძელი და დამღლელი სეზონი იქნება.

...ბათუმის "დინამოს" შანსები? გვაქვს შანსი, რომ რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. კარგი გუნდი გვყავს, ეს წინა სეზონშიც გამოჩნდა. გასულ ტურში "დილას" სტუმრად მოვუგეთ და ეს არ ყოფილა იოლი მატჩი. "დილა" სუსტი გუნდი ნამდვილად არაა, მაგრამ ყველაფერი გავიღეთ მოსაგებად და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ჯერ მაინც სეზონის დასაწყისია და საუკეთესო ფორმაში არ ვართ.

...დიდი პლუსია ის, რომ ბათუმში ვივარჯიშებთ სარაგბო სტადიონზე. ყოველდღიურად ქობულეთში მგზავრობა დამღლელი იყო და დიდი ენერგია მიჰქონდა. მითუმეტეს, ზაფხულში რთულია, როცა ტურისტები მრავლად არიან და გზაზე საცობი იქმნება. ამას დაუმატეთ ის, რომ ქობულეთის სტადიონზე ცუდი ხელოვნური საფარია. ჯერჯერობით, მგონი, ისევ ქობულეთში ვითამაშებთ, თუმცა არის შანსი, სარაგბო სტადიონზევე ჩავატაროთ საშინაო მატჩები".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102308