ფეხბურთი

2:45 | 12.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სევილია” ლიდერებს შორდება

ლა ლიგის 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. მე-3 ადგილოსანმა “სევილიამ” “სანჩეს პისხუანზე” მე-16 პოზიციაზე “ლეგანესი” მიიღო, მოულოდენლად 2 ქულა დაკარგა და მოწინავე დუეტს კიდევ უფრო ჩამორჩა.

სევილიელებმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარეს და საჭირო ქულები სუსტ მეტოქესთან დაკარგეს. სტუმრებმა ანგარიში ძალიან მალე გახსნეს: მე-3 წუთზე მასპინძელთა დაცვა ჩავარდა, რითაც გაბრიელმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან მშვენიერი გოლი შეაგდო.

ანდალუსიელებმა გაშვებილი გოლის შემდეგ შეუტიეს, თუმცა ისე ნამდვილად ვერ თამაშობდნენ, როგორც უკანასკნელი წლებია “სანჩეს პისხუანზე” ასპარეზობენ. “დალაქებს” გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა მათზე უფრო რეალური მომენტი მე-10 წუთზე ნაბილ ელ ჟარის ჰქონდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და კარს ზემოდან გადააცილა. 33-ე წუთზე ფრანკო ვაზკესმა გაათანაბრა, თუმცა მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა და “სევილიას” ტაბლოზე კიდევ 10 წუთი ეწერა ნული. 43-ე წუთზე კი, წონასწორობა მეკარესთან პირისპირ გასულმა სტევან იოვეტიჩმა აღადგინა.

მეორე ნახევარში მთლიანობაში თანაბარი გამოდგა. მართალია ბურთს მასპინძლები მეტად ფლობდნენ, თუმცა მომენტებში ეს დიდად არ აისახებოდა. შესაბამისად, “სევილიამ” ძალიან ცუდ დროს დაკარგა ქულები და დიდი ალბათობით, “ბარსელონასთან” და “რეალთან” ჩამორჩენა გაიზრდება.

სამაგიეროდ, იმარჯვა მე-4 ადგილოსანმა “ატლეტიკომ” და “სევილიასთან” ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. “როხიბლანკო” გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ “გრანადას” დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში მოიგო. მადრიდელებმა ანდალუსიელთა წინააღმდეგობის გატეხვა მხოლოდ 84-ე წუთზე მოახერხეს: სტუმრებმა კუთხური კარგად გაითამაშეს და შეტევა ანტუან გრიზმანის ზუსტი თავურით დასრულდა – 0:1.

მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა “ვალენსიამ”, რომელმაც “მესტალიაზე” “ხიხონი” მიიღო და ქულის გადარჩენა ბოლო წუთებზე მოახერხა. უგოლო და მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდგომ, “ღამურებს” ანგარიშის გახსნა შეეძლოთ: 54-ე წუთზე ხოსე ლუის გაიამ პენალტი გამოიმუშავა, მაგრამ დანი პარეხომ კუელარს ვერ აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა. გამოუყენებელი მომენტის გამო “ლოს ჩე” ხუთ წუთში დაისაჯა – ელიაკიმ მანგალამ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა, რასაც ასტურიელთა სწრაფი შეტევა მოჰყვა, რომელიც საბოლოოდ დუჟე ჩოპის გოლით დასრულდა. მასპნძლები ძალიან უფანტაზიოდ და ნელ ტემპში უტევდნენ, თუმცა ქულის გადარჩენა მაინც მოახერხეს: მუნირ ელ ჰადადის თავური დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და ვალენსიელებმა გასავარდნი ზონისგან 11-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს – 1:1.

მეოთხე მატჩში კი, “მალაგა” ”ლა როსალედაზე” “ალავესს” დაუხვდა და ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ 71-ე წუთიდან მოყოლებული, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სტუმრებს მოედნიდან ფედალი გაუძევეს, თუმცა ბასკებმა 91-ე წუთზე აქეთ გაიტანეს და 3 ქულა მოიპოვეს – 1:2.

ვალენსია – ხიხონი 1:1 (0:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, მანგალა (ბაკალი 82), მ.მონტოია (მინა 62), გაია, სოლერი, პარეხო, ორელიანა, ელ ჰადადი, კანსელო, ძაძა.
მწვრთნელი: ვორო

ხიხონი (4-3-3): კუელარი, ბაბინი, მერე, დუგლასი, კანელია, კასესი (ხ.ტორესი 80), ვესგა, ს.ალვარესი, კარმონა, ბურგუი (ელდერსონი 73), ჩოპი (კ.კასტრო 77).
მწვრთნელი: რუბი

გოლები: 0:1 ჩოპი (60), 1:1 ელ ჰადადი (85)
გაფრთხილებები: ორელიანა, ძაძა, მანგალა – კასესი, დუგლასი, ჩოპი, კუელარი, ხ.ტორესი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

55-ე წუთზე პარეხომ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

სევილია – ლეგანესი 1:1 (1:1)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (3-4-3): ს.რიკო, რამი, კარისო, ლენგლეტი (ნ’ზონზი 46), ფ.ვაზკესი (იბორა 69), კრანევიტერი, სარაბია, მარიანო, ვ.მონტოია (ვიეტო 46), ხ.კორეა, იოვეტიჩი.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, სიოვასი, მანტოვანი, ბუსტინზა, ტიტო, რ.პერესი, მორანი, გაბრიელი (პ.ინსუა 91), შიმანოვსკი (მაჩისი 63), ელ ჟარი, გერერო (ლუსიანო 68).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 0:1 გაბრიელი (3), 1:1 იოვეტიჩი (43)
გაფრთხილებები: სარაბია, კრანევიტერი – გაბრიელი, მანტოვანი, რ.პერესი
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

მალაგა – ალავესი 1:2 (0:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-4-2): კამენი, ლუის ერნანდესი, დემიჩელისი, როსალესი, მ.ტორესი (ხ.ტორესი 59), ხოსე როდრიგესი, კამაჩო, ჩ.კასტრო, კეკო (ონტივეროსი 46), ს.რამირესი (ენ ნესირი 76), ჩარლესი.
მწვრთნელი: მიჩელი

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ფედალი, ლაგუარდია, რ.გარსია (ვიგარაი 70), კიკო, მ.გარსია, მ.ლორენტე, ტოკერო (მენდეში 61), კამარასა, იბაი (ელი 74), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლები: 0:1 ფედალი (39), 1:1 ხ.კარლოსი (71), 1:2 მენდეში (91)
გაფრთხილებები: კამაჩო, დემიჩელისი – ფედალი, დეივერსონი
გაძევება: ფედალი (72)
მსაჯი: უნდიანო მალენკო

გრანადა – ატლეტიკო 0:1 (0:0)

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (5-4-1): ოჩოა, გ.სილვა, ინგასონი, საუნიერი (მალე 86), ლიტრი (კუენკა 77), ფოლქიერი, აგბო, ვაკასო, ა.პერეირა, ბოგა, ა.რამოსი (კრავეტსი 58).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ტეიე (ა.კორეა 46), საული, კოკე, გაიტანი (ხიმენესი 60), კარასკო (ვრსალკო 86), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: გრიზმანი (84)
გაფრთხილებები: საუნიერი, ინგასონი, ფოლქიერი, ვაკასო – კარასკო, ხუანფრანი, გოდინი
გაძევება: ვაკასო (94)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11149