ძიუდო

18:47 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი მედალს ვერ შეწვდა

ბაქოს გრანდ სლემზე, ორი დღის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ლაშა გიუნაშვილის (66 კგ) მიერ გუშინ მოპოვებული ბრინჯაოს მედალია. დღეს საპრიზო სამეულები ორ წონით კატეგორიაში: 73 და 81 კილოგრამებში შეივსო. შეჯიბრებაში ოთხი ქართველი ძიუდოისტი ჩაება, მაგრამ პოდიუმზე ასვლა ერთმაც ვერ შეძლო. მიზანთან ყველაზე ახლოს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) მივიდა – ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ოლიმპიურ (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონს ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა.

ოქრო-ვერცხლის შანსი შავდათუაშვილმა ნახევარფინალში დაკარგა, მონღოლ ოდბაიარ განბაატართან წაგებით. აქამდე მას ერთხელ დასჭიდებოდა – შარშან, თბილისის გრან პრის ნახევარფინალში დამარცხდა. აზერბაიჯანულ ტატამზე კი რევანშის შანსი მიეცა, მაგრამ ფინალის საგზური ამჯერადაც განბაატარს დარჩა. უილეთო შეხვედრის ბედი შიდოებმა გადაწყვიტა – ლაშას გაფრთხილებების ლიმიტი ორწუთ-ნახევარში ამოეწურა.

განბაატართან შეხვედრამდე ლაშა შავდათუაშვილმა ორი ეტაპი გაიარა. საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და ირანელ მეჰდი ფათიპურარდალს ოქროს დროში, მე-2 წუთზე მოუგო, ხელის მტკივნეულით. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვს მე-4 წუთზე შესრულებული ვაზარით სძლია.

რეპეშაჟის ფინალში ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალი განმეორდა – შავდათუაშვილი მასპინძელთა ჯილას, გრანდ სლემზე პირველ ნომრად განთესილ რუსთამ ორუჯოვს დაუპირისპირდა. რევანში არც მასთან შედგა. ორუჯოვმა მე-6 წუთის მიწურულს შესრულებული ვაზარით გაინაღდა ბრინჯაო. შავდათუაშვილი კი მე-5 ადგილს დასჯერდა და 360 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ ომარ ნიაზაშვილმაც იჭიდავა. კარგადაც დაიწყო - სლოვენიელი მარტინ ჰოჟაკი წუთ-ნახევარში შებოჭა, მაგრამ მერვედფინალში რუსთამ ორუჯოვთან სამ წუთში წააგო, სამი შიდოთი.

მეორე წონაში – 81 კილოგრამში საქართველოს ნაკრების წევრებმა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დილის პროგრამაში დაკარგეს.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი ტატამზე ერადერთხელ გავიდა – პირველ წრეში ყირგიზ ერლან შეროვთან ვაზარით დამარცხდა.

გიორგი პაპუნაშვილმა ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. აზერბაიჯანელ ვუგარ ბაირამოვს ვაზარით მოუგო. ჩერნოგორიელ სრჯან მრვალიევიჩს ხელის მტკივნეულით გასცდა. მეოთხედფინალში კი იაპონელ კენია კოჰარასთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ტურნირის პირველ ნომერს – ბულგარელ ივაილო ივანოვს დაუპირისპირდა. საფინალო გონგამდე 10 წამით ადრე პაპუნაშვილი ვაზარიზე დავარდა და გრანდ სლემი მე-7 ადგილზე დაასრულა. ამასთან, 260 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.

ხვალ ტურნირზე ვაჟებს შორის მედლების ბოლო სამი კომპლექტი გათამაშდება – 90, 100 და +100 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: უშანგი მარგიანი (90 კგ), დავით ოზბეთელაშვილი (100 კგ), გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე (ორივე - +100 კგ).

ძიუდო

გრანდ სლემი

ბაქო (აზერბაიჯანი)

11 მარტი

ვაჟები

73 კგ

1 ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი)

2 რიკი ნაკაია (იაპონია)

3 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)

3 რუსთამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

5 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 რუფათ ისმაილოვი (აზერბაიჯანი)

2 საეიდ მოლაეი (ირანი)

3 უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლეთი)

3 კენია კოჰარა (იაპონია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120369