ფეხბურთი

3:05 | 10.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: უხვგოლიანი დღე და ერთი 1/4 ფინალისტი

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპა ლიგის მატჩებიც ძალიან საინტერესო და კარგი სანახავი გამოდგა. 1/8 ფინალური ეტაპის პირველი წრის 8 შეხვედრაში 26 გოლი გავიდა და ერთი მატჩის გარდა, ყველა დაპირისპირებაში ინტრიგა შენარჩუნდა.

სამი შეხვედრა საქართველოს დროით 22 საათზე დაიწყო, ხოლო დარჩენილი 5 დაპირისპირება შუაღამეს. დავიწყოთ ადრეული მატჩებით. “როსტოვმა” შინ “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და საპატიო ფრეს მიაღწია. “იუნაიტედმა” პირველი ნახევარი ჰენრიხ მხიტარიანის გოლით მოიგო, რომელმცა 35-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან შეაგდო. რუსებმა წონასწორობა 53-ე წუთზე აღადგინეს: კალაშევის ბრწყინვალე გადაცემით ბუხაროვი სერხიო რომეროსთან პირისპირ აღმოჩნდა, ანგარიში გაათანაბრა და როგორც გაირკვა, ამ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირდა – 1:1. “წითელი ეშმაკები” მეორე მატჩში უპირობო ფავორიტის სტატუსით ხვდებიან.

“აპოელი” შინ “ანდერლეხტს” დაუხვდა, მინიმალური სხვაობით დამარცხდა და დიდი შანსია, რომ 1/4 ფინალში ორი ბელგიური კლუბი ვიხილოთ. ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე სტანკუმ გაიტანა. კიდევ ერთი პარალელური მატჩი კოპენჰაგენში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “აიაქსი” 2:1 დაამარცხა.

უფრო საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა ღამის მატჩები. დღის ცენტრალური ჯახი “პარკ ოლიმპიკ ლიონზე” შედგა, სადაც მასპინძლებმა “რომა” დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხეს და განმეორებით მატჩს ფავორიტის როლში ხვდებიან. ფრანგებისთვის შეხვედრა მშვენივრად დაიწყო და მე-8 წუთზე დიაკაბიმ ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, თუმცა რომაელები გონს მალევე მოეგნენ და პირველივე ნახევარში წინ გავიდნენ: მე-20 წუთზე მოჰამედ სალაჰმა დაცვის უხეში შეცდომა შეირგო და გაათანაბრა, ხოლო 33-ე წუთზე ფედერიკო ფასიომ თავური დარტყმით სტუმრები წინ გაიყვანა.

“ლიონმა” მეორე ტაიმიც მშვენივრად დაიწყო და 47-ე წუთზე ტოლისომ საჯარიმოს მისადგომებიდან ჩინებული გოლით წონასწორობა აღადგინა, 74-ე წუთზე ცვლილებაზე სამი წუთით ადრე შემოსულმა ნაბილ ფეკირიმ რამდენიმე მეტოქე გააბითურა და მშვენიერი ბურთი შეაგდო, ხოლო მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე ალექსანდრე ლაკაზეტმა ულამაზესი ბურთი გაიტანა და “ლიონს” კომფორტული უპირატესობა მოუპოვა – 4:2.

ბელგიური დაპირისპირება შედგა “გელამკო არენაზე”, სადაც ადგილობრივი “გენტი” მოულოდენლად უშანსოდ განადგურდა “გენკთან” და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. შეხვედრა 2:5 დასრულდა.

“ველტინს არენაზე” კი, გერმანული ჯახი გაიმართა. “შალკემ” “გლადბახს” უმასპინძლა და უდიდესი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, შაბათს ბუნდესლიგაში განცდილი მარცხისთვის შური ვერ იძია. სტუმრები მე-15 წუთზე ჰოფმანმა დააწინაურა, თუმცა ბურგსტალერმა მალევე გაათანაბრა და ამის შემდგომ მუდმივად “შალკე” უტევდა, მაგრამ შესანიშნავად მოთამაშე იან ზომერს მეტი ვეღარ გაუტანეს და მატჩი 1:1 დასრულდა.

ამავე ანგარიშით დასრულდა “გეორგიოს კარაისკაკისზე” გამართული ჯახი, სადაც ერთმანეთს “ოლიმპიაკოსი” და “ბეშიქთაში” დაუპირისპირდნენ. ბერძნებმა ტაიმი ვეტერანი ესტებან კამბიასოს გოლით მოიგეს, ხოლო 53-ე წუთზე თურქებმა მასპინძელთა მეკარის უხეში შეცდომა გამოიყენეს და აბუბაქარმა გაათანაბრა. მეორე ნახევარში თურქები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მასპინძელთა იტალიელმა კიპერმა ლეალიმ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და საკუთარი შეცდომა ნაწილობრივ გამოასწორა – 1:1.

“სელტამ” “ესტადიო ბალაიდოსზე” “კრასნოდარი” მიიღო და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, გამარჯვება მხოლოდ 90-ე წუთზე მოიპოვეს. გალისიელები პირველ ტაიმში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა 50-ე წუთამდე ვერ შეძლეს: დანიელ ვასმა 27 მეტრიდან ჯარიმა მშვენივრად დაარტყა და ვიგოელი ქომაგი აღფრთოვანებაში მოიყვანა. მასპინძელთა სიხარულმა მხოლოდ 6 წუთს გასტანა და რუსების პირველივე მწვავე იერიში კლაესონის გოლით დასრულდა. გალისიელებს მშველელად ცვლილებაზე შემოსული ბივუ მოევლინათ, რომელმაც 90-ე წუთზე ჩინებული თავურით საკუთარ გუნდს მოაგებინა – 2:1.

აპოელი – ანდერლეხტი 0:1 (0:1)

გოლი: სტანკუ (29)

კოპენჰაგენი – აიაქსი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ფალკი (1), 1:1 დოლბერგი (32), 2:1 კორნელიუსი (60)

როსტოვი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მხიტარიანი (35), 1:1 ბუხაროვი (53)

სელტა – კრასნოდარი 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ვასი (50), 1:1 კლაესონი (56), 2:1 ბივუ (90)

გენტი – გენკი 2:5 (1:4)

გოლები: 0:1 მალინოვსკი (21), 1:1 კალუ (27), 1:2 კოლი (33), 1:3; 2:5 სამატა (41; 72), 1:4 ურონენი (45+2), 2:4 კულიბალი (61)
გაძევება: ესიტი (84 გენტი)

68-ე წუთზე პერბეტმა (გენტი) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ლიონი – რომა 4:2 (1:2)

გოლები: 1:0 დიაკაბი (8), 1:1 სალაჰი (20), 1:2 ფასიო (33), 2:2 ტოლისო (47), 3:2 ფეკირი (74), 4:2 ლაკაზეტი (92)

ოლიმპიაკოსი – ბეშიქთაში 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 კამბიასო (36), 1:1 აბუბაქარი (53)

შალკე – გლადბახი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჰოფმანი (15), 1:1 ბურგსტალერი (25)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147886