ჭიდაობა

11:00 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელების უხვმედლიანი უიქენდი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გასულ უქმეებზე ორ საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდა და ჯამში 13 მედალი მოიპოვა.

3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ასეთია აქრთველი მოჭიდავეების მონაგარი კიევში გამართულ "უკრაინელი მოჭიდავეებისა და მწვრთნელების" 21-ე მემორიალზე, რომელშიც 21 ქვეყნის ნაკრები იღებდა მონაწილეობა. სწორედ ამ შეჯიბრებაზე შედგა ბექა როყვას დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.

გოგა გოგიბერაშვილმა (66 კგ), ბაკურ გოგოლმა (75 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) ტურნირი წაგების გარეშე ჩაამთავრეს და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. რამაზ ზოიძე (71 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) ფინალამდე მივიდნენ და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. დავით ჩხარტიშვილმა (66 კგ) და ზურაბ დათუნაშვილმა (80 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, გოგა გოგიბერაშვილმა დილის პროგრამაში 4 მეტოქე ჩამოიშორა: უკრაინელი ვიტალი ფულგაიევი (3:2), ბელარუსი მიხაილ სიამინაუ (7:1), უკრაინელი დემის დემიანკოვი (2:1) და თანაგუნდელი დავით ჩხარტიშვილი (8:0). ფინალში კი სომეხ კარენ ასლანიანს აჯობა (11:5).

ბაკურ გოგოლმა ფინალის გზაზე სამ უკრაინელ მეტოქეს სძლია: არტიომ მატიაშს (3:1), დმიტრო არაბაჯისა (4:3) და ევგენი პიშკოვს (2:0). გადამწყვეტ ბრძოლაში კი მოლდოველ მიხაილ ბრადუს დაეჭიდა და ფრეზე, დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებით აჯობა (2:2).

უფროსებს შორის მორიგი ტიტული მოიპოვა მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების მიერ ახალგაზრდა ლომად წოდებულმა ზვიად პატარიძემ, რომელმაც ქართულ ფინალში ლევან არაბული 3:1 დაამარცხა. იქამდე კი სომეხი ვაჩიკ ეგიზარიანისა (3:1) და მოლდოველი ალინ ალექსუცის (2:1) ძლევაც მოასწრო.

ლევან არაბულმა თანაგუნდელთან დაპირისპირებამდე უკრაინის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ოლექსანდრ ჩერნეცკის აჯობა.

რამაზ ზოიძემ ფინალამდე ბელარუს ვალერი პალენსკის (3:2) და უკრაინელ არტურ პოლიტაევს (9:0) მოუგო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ირანელ ფარშად ბელფაკეჰთან 3:4 დამარცხდა.

უკრაინის პარალელურად, საერთაშორისო ტურნირი თურქეთშიც გაიმართა - სტამბოლში "ვები ემრესა და ამით ყაფლანის" 35-ე მემორიალზე ხალიჩაზე 15 ქვეყნის ნაკრების 250-ზე მეტი მოჭიდავე გავიდა. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში სათადარიგო შემადგენლობით ჩაება და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ: გიორგი ჯავახია (71 კგ), მინდია წულუკიძე (75 კგ), გიორგი ცირეკიძე, თორნიკე ძამაშვილი (ორივე 80 კგ), მათე სოფაძე (85 კგ) და ბექა კანდელაკი (130 კგ).

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მხოლოდ თურქეთს ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116616