სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

13:17 | 2.03.2017 | ნანახია 2188 - ჯერ

სერგო იშხნელი:“სწორი მიდგომით შეიძლება კარგი შედეგის მიღწევა’’
"თავიდან კალათბურთზე არც მიფიქრია, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი"

ვეტერან კალათბურთელს, გამთამაშებელ სერგო იშხნელს, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, მიმდინარე წლის 14 თებერვალს დაბადებიდან სამოცდაათი წელი შეუსრულდა.

სერგო იშხნელი ორი წელი საქართველოს დე ფაქტო ნაკრებ თბილისის ,,დინამოში’’ ისეთი ვარსკვლავების გვერდით თამაშობდა, როგორებიც ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია იყვნენ. სამწუხაროდ, სერიოზული ტრავმის გამო იძულებული გახდა აქტიური სპორტისათვის თავი ნაადრევად დაენებებინა, მაგრამ კალათბურთის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო და მწვრთნელობას მიჰყო ხელი.

მასთან ვარჯიშობდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების როგორც ძველი, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. ვეტერანი სპორტსმენებიდან დიდ კალათბურთს აზიარა პაატა გურასპაული, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი კოტე ტუღუში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების მონაწილე, თბილისის ,,დინამოს’’ ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ალექსანდრე ფერიაშვილი... 2016 წელს ეროვნულ ნაკრებს ეხმარებოდნენ ლუკა ზაქრაძე და ბექა ბექაური. საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში თამაშობენ ვლადიმერ ალავიძე, სანდრო მდივანი, გიორგი მუზაშვილი...

სერგო იშხნელი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების მონაწილე არმიის სპორტული გუნდისა და ,,შევარდენის’’ მთავარი მწვრთნელი. ამჟამად იგი კალათბურთში საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის მონაწილე სსსუ-ს (საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტი) გუნდის მთავარი მწვრთნელია და პარალელურად ბავშვებთანაც მუშაობს.

გთავაზობთ ინტერვიუს სერგო იშხნელთან, რომელსაც worldsport.ge ესაუბრა.

- როგორ მოხვდით კალათბურთში?

- თავიდან კალათბურთზე არც მიფიქრია. ფეხბურთელობაზე, კონკრეტულად კი მეკარეობაზე ვოცნებობდი. 1962 წელს ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ერთად მივედი ,,დინამოს’’ სტადიონზე, სადაც ფეხბურთის სექცია იყო, მაგრამ არც გავუსინჯივართ ისე გვითხრეს უარი. ფეხბურთის სკოლის გვერდით იყო ,,ნორჩი დინამოელის’’ საკალათბურთო სკოლა. მეგობარს ვუთხარი, მოსულები ვართ და კალათბურთზეც ვცადოთ, იქნებ აქ მაინც მიგვიღონ-მეთქი. ასე მოვხვდი კალათბურთში, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელი ტალია ჩერმაკიანი იყო. ამ სკოლას ცნობილი ქართველი მწვრთნელი გიორგი ავალიშვილი ხელმძღვანელობდა.

მალე ბატონი გიორგის ჯგუფში გადავედი. სამი წლის შემდეგ კი ქალაქ თბილისის მოსწავლეთა ნაკრების წევრი და საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიტატი გავხდი. მალე ამ ნაკრების წევრად დამასახელეს, სადაც ჩემთან ერთად მიხეილ ქორქია, ლევან ჩხიკვაძე, გივი ბიჭიაშვილი, ზურაბ ქარაბაკი და სხვები თამაშობდნენ.

ამავე წელს მოსწავლეთა საკავშირო ჩემპიონატი მოვიგეთ, ,,დინამოს’’ ცენტრალური საბჭოს ჩემპიონები გავხდით, ერთი წლის შემდეკ კი ,,შრომითი რეზერვების’’ საკავშირო სპარტაკიადაზე გავიმარჯვეთ. ამის შემდეგ საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალი ჩემპიონატისა და ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გავხდი.

გამთამაშებელი ვიყავი და თითქმის ყველა გუნდში კაპიტნის სამკლაური მეკეთა.

- ფეხბურთელობა, კონკრეტულად კი მეკარეობა აღარ გიცდიათ?

- ცნობილმა ქართველმა პენალტისტმა მიხეილ ბერძენიშვილმა რომ გაიგო მეკარეობაში ჩემი მონაცემების შესახებ, მითხრა, ხუთიდან თუ ერთ პენალტს მაინც ამიღებ, თბილისის ,,ლოკომოტივში’’ აგიყვანო. ორიდან ერთი რომ ავუღე მითხრა. ხვალიდან შეგიძლია ,,ლოკომოტივში’’ ივარჯიშო. შტატიანი მეკარე იქნები და ხელფასიც გექნებაო.

- ბერძენიშვილის წინადადებას როგორი გაგრძელება ჰქონდა?

- უკვე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრი ვიყავი და კალათბურთში დარჩენა ვამჯობინე.

სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. ამის შემდეგ თსუ-ს საკალათბურთო გუნში ჩავირიცხე და რვაჯერ მოვიგე საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი.

1970 წელს ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა და თბილისის ,,დინამოში’’ ჩავირიცხე, რომელსაც ლეგენდარული ქართველი მწვრთნელი ოთარ ქორქია ავარჯიშებდა. სამწუხაროდ, ,,დინამოში’’ მხოლოდ ორი სეზონი გავატარე, რადგან სერიოზული ტრავმა მივიღე და იძულებული გავხდი აქტიური სპორტისათვის თავი ნაადრევად დამენებებინა.

- რომელ გუნდში შედგა თქვენი, როგორც მწვრთნელის ნათლობა?

- 28 წლის ვიყავი ,, დინამოდან’’ რომ წამოვედი. მაშინდელ პიონერთა სასახლეში ბავშვთა ორი ჯგუფი ავიყვანე. ვიყავი თბილისისა და საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი.

- ქართული კალათბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა უკანა ხაზის ძლიერი მოთამაშეებით (გურამ მინაშვილი, ლევან ინწკირველი, გელა დარსაძე...). ახლა ამ მხრივ ყველაზე ცუდად გვაქვს საქმე. ძალიან გაიწელა ჩავარდნა და რამდენიმე წელია იძულებული ვართ ეროვნულ ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელი მოვიწვიოთ. თქვენ, როგორც მწვრთნელი, გამოსავალს თუ ხედავთ?

- ქართულ კალათბურთში ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან პერსპექტიული ბავშვები. მათთან სწორი მიდგომით შეიძლება კარგი შედეგის მიღწევა.

- მიმდინარე 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირია, რომელშიც საქართველო ზედიზედ მეოთხედ გამოვა. როგორ შეაფასებთ იმ ჯგუფს, რომელშიც საქართველო მოხვდა?

- ჯგუფის ფავორიტები ლიტვა და იტალია არიან. ჩვენი უშუალო კონკურენტები კი გერმანია, ისრაელი და ესტონეთი იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, იმედი მაქვს, საქართველო მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გავა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:15 | 07.06.2017
grizli (542)

აბა ამ ხელს ალიმპიადა აქ მაგებულიო შე ჩერუმჩასთლახო შენა

16:14 | 07.06.2017
grizli (542)

აბა ამ ხელს ალიმპიადა აქ მაგებულიო შე ჩერუმჩასთლახო შენა

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.340175