ავტოსპორტი

23:54 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

TCR-ის საერთაშორისო სერია რუსთავის საერთაშრისო მოტორპარკზე

ახლოვდება 2 აპრილი, როცა ქართულ მიწაზე პირველად გაიმართება საერთაშორისო სერიის რბოლა - ამ დღეს რუსთვის მოტორპარკი, TCR-ის სერთაშორისო სერიის პირველ ეტაპს უმასპინძლებს, რომელზეც სხვა ქვეყნების პილოტებთან ერთად, ქართველი დათა ქაჯაიაც იასპარეზებს.

რბოლის ორგანიზატორები არიან საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი „მია ფორსი“, რომლის სახელითაც ქაჯაია მას შემდეგ ასპარეზობს, რაც რუსთავის ავტოდრომი თავიდან აშენდა. დღეს ორგანიზატორებმა პრეს კონფერენცია გამართეს, რომელსაც საქართველოს სააავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის მფლობელი შოთა აფხაზავა, „მია ფორსის“ ოფიციალური წარმომადგენელი რატი ზაუტაშვილი და დათა ქაჯაია ესწრებოდნენ.

მათ ისაუბრეს TCR-ის რბოლის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოში ავტოსპორტის განვითარების, ასევე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის საქმეში. რბოლას 40-მდე არხი, მათ შორის „ევროსპორტი“ გადასცემს, რომლებსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო რბოლებში ქაჯაიას მონაწილეობა, პირველი ეტაპია საქართველოში ავტოსპორტის განვითარების მიმართულებით. მის წარმატებულ გამოსვლებს და რუსთავში საერთაშორისო რბოლების რეგულარულად ჩატარებას, უნდა მოჰყვეს სპორტში სპონსორების მოზიდვა, რომლებიც საერთაშორისო ასპრეზზე სხვა ქართველ პილოტებსაც გაუხსნიან გზას.

აფხაზავას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რუსთავის მოტორპარკის საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოთხოვნების შესაბამისად მოდერნიზაცია, რის შემდეგაც ტრასა FIA-ს ლიცენზიას მიიღებს და მასზე სხვა საერთაშორისო სრიების რბოლების გამართვაც შესაძლებელი გახდება. როგორც ცნობილია, აფხაზავა თავადაც ავტომტბოლია, მაგრამ TCR-ის საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობის და სარბოლო ტრეკის მოდერნიზაციის გამო, დრო თითქმის არ რჩება იმისათვის, რომ „ლამბორგინი სუპერ ტროფეოს“ სერიაში წარმატებული გამოსვლა გააგრძელოს. მანვე განაცხადა, რომ თავის გუნდ „არტლაინით“ და საკუთარი სარბოლო ავტომობილით, ფორმულა 3-ის ჩემპიონატს 2020 წელს დაუბრუნდება.

რაც შეეხება ქაჯაიას, ახალი სეზონის წინ, მან გუნდი და მანქანა გამოიცვალა - „ტიმ ენგსტლერის“ „ფოლკსვაგენ გოლფიდან“, „მულსან რეისინგის“ „ალფა რომეო ჯულიეტაზე“ გადაჯდა. დათამ უკვე გაიარა ტესტები და TCR-ის ახლო აღმოსავლეთის სერიის მეორე ეტაპის ორ რბოლაშიც იასპარეზა, რომლებიც მეორე ადგილზე დაასრულა. რაც მთავარია, მანქანით და გუნდით კმაყოფილია. თუმცა, მანქანას ერთი ნაკლიც აქვს - 1.7-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, როცა მეტოქეთა ავტომობილების კაპოტქვეშ 2.0-ლიტრიანი, უფრო მძლავრი ძრავები დგას. „ალფა რომეო“ თავის 2.0-ლიტრიან აგრეგატზე, „ფერარის“ ინჟინრებთან“ ერთად მუშაობს, თუმცა რუსთავის რბოლისთვის მისი მომზადება ვერ ესწრება.

დაბოლოს, TCR-ის რუსთავის რბოლის მედია პარტნიორია ტელეკომპანია „იმედი“, პირდაპირ ტელეტრანსლაციას კი „ევროსპორტი“ თავის არხზე გადასცემს. ტრასაზე 10 კამერა განლაგდება, რომლებიც მთელ ტრასას იდალურად გააკონტროლებენ. TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველი ეტაპის პარალელურად, 1-2 აპრილს რუსთავის მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატის პირველი ეტაპის რბოლებიც გაიმართება ლეჯენდსის და ფორმულა „ალფას“ კლასებში.

0.165606