ფეხბურთი

20:36 | 1.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

UEFA GROW სამიტის პირველი დღე

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სამიტი, რომლის მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდაა, სასტუმრო ბილტმორში მიმდინარეობს.

სამიტის პირველ დღეს მონაწილეებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ნიკა ჯღარკავას პრეზენტაცია მოისმინეს, რომელიც ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სტრატეგიას შეეხებოდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ნიკა ჯღარკავამ მსმენელებს მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხედვა გააცნო და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

დღესვე მსმენელებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიმართა. მან განვითარებისათვის სპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობით აუცილებლად მოხდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.

სამიტის პირველი დღე უეფას GROW პროგრამის ხელმძღვანელმა ნოელ მუნიმ შეაფასა: „ეს სამიტი უეფასთვის და ფეხბურთის ფედერაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხნის მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთის მმართველი ორგანოების ხელმძღვანელები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ უმნიშვნელოვანეს საკითხზე სასაუბროდ - როგორ ჩავრთოთ მეტი ადამიანი ფეხბურთში, როგორ შევაყვაროთ მათ სპორტის ეს სახეობა. უამრავი საქმეა გასაკეთებელი, თუმცა ის სტრატეგია, რომელიც დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარმოადგინა ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის გასაზრდელად, ნამდვილად შთამბეჭდავია. ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი მათ გუნდთან ერთად ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებენ ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. ეს დიდი დღეა, რადგან ჩვენ დღეს ვეძებთ გზებს, რომელიც ფეხბურთის მასობრიობას გაზრდის და ვიმედოვნებ, რომ ამ ორი დღის შედეგად ფეხბურთი აღმოსავლეთ ევროპაში იქნება უფრო ძლიერი და უკეთესი,“- აღნიშნა მან.

დღესვე სამიტზე შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ირალნდიის ფეხებურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ფეხბურთის მასობრიობის ზრდის საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.

ორდღიანი სამიტი, რომელიც უეფას ისტორიაში ამ ფორმატით პირველად ტარდება, 2 მარტს დასრულდება.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111139