ავტოსპორტი

0:07 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ტორო როსომ“ STR12 გაგვაცნო

ფორმულა 1-ს ბოლო გუნდი, რომელმაც თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი წარმოგვიდგინა, „ტორო როსოა“. იტალიური გუნდი STR12-ით ეცდება კონსტრუქტორთა თასზე, გასულ სეზონში მოპოვებული მე-7 ადგილის შენრჩუნბას, ან იქნებ, უფრო წინ წაწევასაც.

სხვათა შორის, „რედ ბულის“ უმცროსმა გუნდმა შარშან „ფერარის“ წინა წლის სპეციფიკაციის ძრავით იასპარეზა, რაც მისთვის საქმეს ართულებდა. მაგრამ ახალი სეზონიდან, გუნდი ისევ „რენოს“ ძრავებზე გადავიდა, რომელსაც სოლიდური პროგრესი აქვს. შესაბამისად, ეს ფაენცელთა შანსებს ზრდის. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზედიზედ მეორედ, იმავე „რენოს“ უკან ჩამოტოვება ძალიან ძნელი იქნება.

„ტორო როსოს“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს კეი ამბობს, რომ სეზონისწინა ტესტებზე, მის გუნდს განვითარების აგრესიული გეგმა აქვს დასახული. მას ეჭვი არ ეპარება, რომ „რენო“ თავისი ძრავის სრულყოფას ამჯერადაც ისეთი ტემპით გააგრძელებს, როგორც გასულ სეზონში. კითხვის ნიშნები კი მხოლოდ შასისთან დაკავშირებით აქვს. ტესტებმა სწორედ შასის პოტენციალი და ბრძოლისუნარიანობა უნდა გამოავლინოს.

გუნდის შეფი ფრანც ტოსტი ამბობს, რომ „ტორო როსოს“ ამბიციები გაიზარდა და გუნდი სწორედ ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად ემზადება. იგივე ითქმის პილოტებზე, კარლოს საინსსა და დანილ კვიატზე, რომლებიც სეზონს შესაბამის ფიზიკურ კონდიციაში ხვდებიან. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ახალი რეგლამენტი, პილოტებისგანაც განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს.

0.150377