ფეხბურთი

2:07 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" მორიგი ვარჯიში - მატია კალდარამ "ნაპოლის" აჯობა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXVI ტური ორი საინტერესო მატჩით დაიწყო – “იუვენტუსმა” “ემპოლის”, ხოლო “ნაპოლიმ” “ატალანტას” უმასპინძლა.

თავდაპირველად “იუვენტუსის” მორიგ მარტივ 3 ქულაზე ვთქვათ – “ბებერ ქალბატონს” რომ “ემპოლის” ძლევა არ გაუჭურდებოდა, ამას ყველა ხვდებოდა და სწორედ ამიტომ იყო, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოახდინა. თუმცა, ამას შედეგზე უარყოფითი გავლენა სულაც არ მოუხდენია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ “იუვემ” მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიტანა – მარიო მანჯუკიჩის ყუმბარისებული თავური სკორუპსკიმ ვერ შეიმაგრა და ავტოგოლი მიითვალა. მასპინძლებმა სხვაობა ტაიმის შუაწელს გაზარდეს, როდესაც ბრაზილიელმა ალექს სანდრომ საჯარიმოში ძალიან კარგად ითამაშა და პოლონელ მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა – 2:0. დარჩენილ დროში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. “ბებერმა ქალბატონმა” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, “რომასთან” და “ნაპოლისთან” სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა. აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსმა” სახლში ზედიზედ 30-ე თამაში მოიგო და რეკორდის გაუმჯობესებას აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული 30 თამაშიდან ტურინელებმა 19-ჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახეს.

“რომას” 7 ქულამდე ჩამორჩენის შემცირების შანსი კვირას მიეცემა, მაგრამ აი, “ნაპოლის” კი – არა. მაურიციო სარის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში წაუგებელი სერია დაასრულა, თანაც “სან პაოლოზე”. მისი მეტოქე კი, ბერგამოს “ატალანტა” იყო, რომელიც დიდებულად თამაშს განაგრძობს. ჯამპიერო გასპერინის გუნდი ნეაპოლში მოპოვებული გამარჯვების შემდგომ 51 ქულით ისევ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ ახლა უკვე “ნაპოლის” სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩება. ლომბარდიული გუნდისგან ასეთ დიდებულ ასპარეზობას ცოტა თუ ელოდა. დღევანდელი შეხვედრის გმირი 22 წლის ცენტრალური მცველი მატია კალდარა გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ახალგაზრდა მცველი საოცარ სეზონს ატარებს – მას უკვე 5 გოლი აქვს გატანილი და ამ მხრივ მცველებს შორის საუკეთესოა. გარდა ამისა, იგი ჯორჯო კიელინის მერე გახდა მეორე მცველი, ვინც მიმდინარე სეზონში დუბლი შეასრულა (სერია A-ში). კალდარა მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო პერიოდში ტურინის “იუვენტუსმა” შეიძინა. ნიჭიერი ფეხბურთელი დღეს იტალიაში მთავარი სასაუბრო თემაა...

“ნაპოლი” – “ატალანტა” 0:2 (0:1) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 33 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი (პავოლეტი 79), მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, გულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (მილიკი 59); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (პავოლეტი 79)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, კალდარა, მაზიელო; კონტი, კესიე, ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი (კრისტანტე 86); პეტანია (ძუკანოვიჩი 90), გომესი (გრასი 83)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 კალდარა (29), 0:2 კალდარა (70)

გაფრთხილება: ჰისაი (41) – კესიე (64, 67), ბერიშა (77)

გაძევება: კესიე (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (11) – 6 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:10 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“იუვენტუსი” – “ემპოლი” 2:0 (0:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ნეტო; დანი ალვეში, რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო; მარკიზიო (რინკონი 79), პიანიჩი; კუადრადო (პიაცა 85), სტურარო (დიბალა 74), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი (ვესელი 70), ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსე, მაური (ბუჩელი 77); ელ კადური; პუჩარელი, პარილუნგო (ტიამი 70)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

გოლები: 1:0 სკორუპსკი (52, ა.გ), 2:0 ალექს სანდრო (65)

გაფრთხილება: ბელუსკი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 4 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.186329