ფეხბურთი

18:08 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვარსკვლავი, რომელიც არავის სძულდა

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან უყვართ, ან ძალიან სძულთ. ეს, როგორც წესი, ვარსკვლავებს უფრო ეხება, და რაღა ჩავუღრმავდეთ, ასე არ არის ბოლო ათწლეულის მარადიული თემა "მესი თუ რონალდუ"? მაგრამ იყვნენ და არიან ვარსკვლავები, რომლებიც არ სძულთ, ან თუ სძულთ, ძალიან ცოტას.

დიახ, არის ასეთი კატეგორია, მეტოქის ფანებსაც რომ უყვართ. ასეთი იყო იტალიელი რობერტო ბაჯო... დღეს იუბილარია, 50 წლისა გახდა.

იშვიათად, რომელიმე ფეხბურთელს ამდენი რამ გადაეტანოს, ამდენი მძიმე თამაშისადა ფსიქოლოგიური დარტყმისთვის გაეძლო, როგორც რობერტო ბაჯომ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. რამდენმა უცნაურობამ გადაიარა მის თავზე ერთი თვის განმავლობაში.

უღიმღამო ჯგუფური ეტაპი, ჯგუფიდან ძლივს გამძრვრალი იტალია, ნორვეგიასთან 25-ე წუთზე შეცვლილი ვარსკვლავი... ბაჯო ბევრს დავიწყებული ჰყავდა, მორჩა, მუნდიალი ჩააგდოო. ასე იყო იტალია-ნიგერიის მატჩის 89-ე წუთამდე. "სკუადრა აძურა" აგებდა, ათი კაცით თამაშობდა და საშველი არსაიდან ჩანდა.

ბაჯომ სწორედ მაშინ გაიტანა და როგორც ამბობდნენ, თვითმფრინავიდან ჩამოსხა იტალიელები. 1:1 და მერე, დამატებითში - გადამწყვეტი გოლი პენალტით. სამ დღეში - მეოთხედფინალი ესპანეთთან, "ცხენისკუდა" ბოლოს პირისპირ გადის ანდონი სუბისარეტასთან, ატყუებს და გამარჯვებისა გააქვს. მერე იყო ნახევარფინალი, ბულგარეთთან ორი ლამაზი გოლი და ბოლოს ფინალი, სადაც პენალტის გაცუდება ელოდა... ხასიათით, ბაჯოს პენალტი არ იყო გადამწყვეტი, მანამდე დანიელე მასარომ გააცუდა, თორემ აბა, "ცხენისკუდას" რომც გაეტანა, ბოლოს ბებეტო ურტყამდა და თუ შეაგდებდა, იტალია მაინც წააგებდა.

იმ ფინალის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგაც ბრაზილიის გულშემატკივრები ბაჯოს სულ კარგ კონტექსტში ახსენებდნენ. ბაჯო უყვარდათ, ბაჯომ ის მუნდიალი გაალამაზა და ვინ-ვინ, ის ნამდვილად არ იმსახურებდა "ფინალის ასეთ ფინალს".

"ბაჯოა ცოდო, თორემ იტალიას ფინალში საერთოდ რა უნდოდა?!" - ბევრი გულშემატკივარი ასე ფიქრობდა.

მას შემდეგ ბაჯოს ნაკრებში, ფაქტობრივად, არ გაუხარია. იყო მომდევნო მუნდიალზე, მაგრამ უკვე აღარ ანდობდნენ ლიდერობას, სხვებს უფრო წინ აყენებდნენ, არადა, ნაკრებში ბაჯოობა ვერც ალესანდრო დელ პიერომ იკისრა. "ცხენისკუდა" სხვა იყო, სხვაგვარი ინდივიდუალისტი... ბოლოს, "ბრეშაში" კარიერას რომ ასრულებდა და 35-ს გადაცილებული იყო, მაშინაც კისაუკეთესოთაგანი იყო სერია ა-ში.

თამაშის ლამაზი მანერა, კაცის მოტყუება მოკლე მონაკვეთზე, ტექნიკური დარტყმები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები - ასეთი ფანტაზისტები დღეს არათუ იტალიის ნაკრებს, მთლიანად მსოფლიო ფეხბურთს აკლია. 90-იან წლებში გაცილებით ბევრნი იყვნენ და ამ ბევრს შორის ერთ-ერთი ბაჯო გახლდათ.

1982 წელს იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ეს არც როსის ნაკრები იყო, არც კონტის, არც ტარდელისა და არც რომელიმეერთი კონკრეტული ფეხბურთელისა. 1994 წელს "სკუადრა აძურას" ჰყავდა პაოლო მალდინი, ფრანკო ბარეზი, რობერტო დონადონი... მაგრამ მაინც ბაჯოს ნაკრებად იცნობდნენ.

0.11129