ფეხბურთი

1:55 | 18.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" ჩემპიონთა ლიგამდე ივარჯიშა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXV ტურმა სტარტი ტურინში აიღო, სადაც ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა “იუვენტუსმა” გასავარდნ ზონაში მყოფი “პალერმო” მიიღო და როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ქულა დაუბრკოლებლად ჩაიწერა აქტივში.

“იუვეს” გამარჯვების საკითხი ერთი წუთითაც კი არ დამდგარა ეჭვქვეშ – ტურინელებმა სიცილიელების რბევა მე-13 წუთზე დაიწყეს, როდესაც კლაუდიო მარკიზიომ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. “ბებერ სინიორას” გატანა ამის შემდგომაც არაერთხელ შეეძლო, თუმცა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ტაიმის ბოლოს, პაულო დიბალამ დიდებულად დაარტყა საჯარიმო და ანტრაქტზე მასპინძლები სოლიდური უპირატესობით გავიდნენ. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში “იუვენტუსმა” მეოთხე გოლი გაიტანა ჯარიმიდან და იტალიაში ამ მხრივაც საუკეთესო მაჩვენებელი გააჩნია.

მეორე ნახევარი კი, უკვე გონსალო იგუაინისა და დიბალას იყო – ჯერ, პაულო “პიპიტა” მეკარეს პირისპირ შეატოვა და გონსალომ ჩემპიონატში მე-19 გოლი შეაგდო, რითაც ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა. თამაშის მიწურულს კი, უკვე იგუაინი მოგვევლინა ასისტენტის როლში და ქუსლით დასარტყმელ პოზიციაზე დიბალა გაიყვანა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

ერთადერთი, რაც “პალერმომ” შეძლო, მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში ივაილო ჩოჩევის ზუსტი თავური იყო. სხვათა შორის, ამ გოლით “იუვენტუსის” 5 მატჩიანი მშრალი სერია შეწყდა. თუმცა, ბუნებრივია, მატჩის შედეგზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია და “იუვემ” მდევრებთან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

ახლა, ტურინული გრანდის მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგაა, სადაც პირველ მერვედფინალურ მატჩს მასიმილიანო ალეგრის გუნდი ოთხშაბათს, “პორტუს” წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.

“იუვენტუსი” – “პალერმო” 4:1 (2:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, ბენატია, ასამოა; ხედირა (ლემინა 46), მარკიზიო (რინკონი 75), სტურარო (კუადრარო 70); დიბალა, იგუაინი, პიაცა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“პალერმო” (4-3-2-1): პოსავეცი; რისპოლი, გოლდანიგა, ანდელკოვიჩი, ალეეზამი; იაიალო (სუნჯიჩი 50), ბრუნო ენრიკე, ჩოჩევი; ბალოგი (დიამანტი 82), სალაი (ემბალო 71); ნესტოროვსკი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლები: 1:0 მარკიზიო (13), 2:0 დიბალა (40), 3:0 იგუაინი (63), 4:0 დიბალა (89), 4:1 ჩოჩევი (90)

გაფრთხილება: მარკიზიო (36) – გოლდანიგა (4)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (10) – 5 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: მარკო დი ბელო

თეგებისერია A
0.112293