ფეხბურთი

2:38 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" - "არსენალის" რეალური კოშმარი (+VIDEO)

ლონდონის “არსენალისთვის” როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალი მაქსიმუმია – ყოველშემთხვევაში, “მეთოფეებს” ეს ბარიერი 6 სეზონია არ გადაულახავთ და ძნელად დასაჯერებელია, რომ ამის გაკეთება ამ ჯერზე მაინც შეძლონ – “ბაიერნმა” ინგლისელებს თავბედი აწყევლინა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 მოუგო. ეგ კი არა, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა მეორე ნახევარი ისეთი შემართებით ჩაატარეს, ადვილად შესაძლებელი იყო, კიდევ გაეტანათ რამდენიმე გოლი.

არადა, პირველი ტაიმი არსენ ვენგერს და მის გუნდს ასეთ კოშმარულ საღამოს სულაც არ უქადდა. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე არიენ რობენმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა ჩვეულ სტილსა და საყვარელი პოზიციიდან, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლონდონელებმა ტაიმის შუაწელს საკუთარი თამაში იპოვეს და მანუელ ნოიერის კართანაც ჩამოცხა – ალექსის სანჩესმა თავის გაფუჭებულ პენალტს ჩინებულად დაამატა და 1:1. სხვათა შორის, ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამი თერთმეტრიანიდან მეორე მოიგერია და ისიც საგულისხმოა, რომ აღნიშნული სამიდ პენალტიდან, მის კარში არც ერთი გასულა: ერთი მეტოქე ფეხბურთელმა კარს ააცილა. თამაშს დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ “არსენალმა” ტაიმის ბოლო ნაწილში რამდენჯერმე მწვავედ შეუტია მეტოქეს და რომ არა, მანუელ ნოიერის მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა, სტუმრები მეორე გოლსაც გაიტანდნენ.

აი, მეორე ტაიმის დაწყებიდან სიტუაცია შეიცვალა, “არსენალი” მოედნიდან გაქრა, ხოლო “ბაიერნი” მეტოქის საჯარიმოს თამაშის ბოლომდე არ მოსცილებია. რობერტ ლევანდოვსკიმ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა გამოასწორა (თერთმეტრიანი სწორედ მისი მხრიდან თამაშის წესის დარღვევის შემდეგ დაინიშნა) და ფილიპ ლამის ფლანგური გადაცემის მერე “ბაიერნი” დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა “ალიანს არენაზე” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო. მერე ტიაგო ალკანტარას ჯერი დადგა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. განსაკუთრებით გამოსაყოფია პირველი გოლი, როდესაც ლევანდოვსკის დიდოსტატური გადაცემა შეირგო ესპანელმა. სამი გოლი “რეკორდმაისტერმა” 10 წუთიან ინტერვალში გაიტანა. შეხვედრას წერტილი ტომას მიულრმა დაუსვა ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენის ბავშური შეცდომის შედეგად და განადგურებელი – 5:1.

“არსენალმა” ანტირეკორდები ბლომად დაამყარა: კერძოდ, გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე ორჯერ წააგო თამაში ოთხბურთიანი თამაშით. პირველად ეს 2012 წლის თებერვალში, “მილანთან” (0:4) მოხდა. “მეთოფეებმა” ბოლოს ლიგაზე 5:1 2015 წლის ნოემბერში წააგეს და მაშინაც “ალიანს არენაზე”, “ბაიერნთან”. გარდა ამისა, “არსენალი” გახდა პირველი ინგლისური გუნდი, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე 200 გოლი გაუშვა.

წინ კი, საპასუხო თამაშია – რა შანსი აქვს “არსენალს” ძნელი სათქმელია. დიდი ალბათობით, ამ წყვილში გამარჯვებული გუნდის ვინაობა 180 წუთის ნაცვლად 90 წუთმაც გამოავლინა...

“ბაიერნი” – “არსენალი” 5:1 (1:1) VIDEO

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ჩაბი ალონსო, ვიდალი; რობენი (რაფინია 88), ტიაგო ალკანტარა, დუგლას კოშტა (კიმიხი 84); ლევანდოვსკი (მიულერი 86)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი (გაბრიელ პაულისტა 49), გიბსი; კოკელინი (ჟირუ 77), ჯაკა; აივობი (უოლკოტი 66), იოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი; სანჩესი

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 რობენი (11), 1:1 სანჩესი (30), 2:1 ლევანდოვსკი (53), 3:1 ტიაგო ალკანტარა (56), 4:1 ტიაგო ალკანტარა (63), 5:1 მიულერი (88)

გაფრთხილება: ჰუმელსი (26), ლამი (83) – მუსტაფი (15), სანჩესი (33), ჯაკა (60)

გამოუყენებელი პენალტი: სანჩესი (30)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (11) – 6 (5) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მილორად მაზიჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.311835