ფეხბურთი

2:38 | 13.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სევილიას” და “ატლეტიკოს” მძიმე 3 ქულა

ლა ლიგის 22-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. მე-3 ადგილოსანი “სევილია” გასვლაზე “ლას პალმასს” დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში “გრან კანარიაზე” პირველი მარცხი აგემა.

ორივე გუნდს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა და ფეხბურთელები ოდნავ ყურადღებით რომ ყოფილიყვნენ, გულშემატკივრებით გაცილებით მეტ გატანილ გოლს იხილავდნენ. მასპინძელთაგან როკე მესას, დავიდ სიმონს, ალენ ჰალილოვიჩს და კევინ-პრინც ბოატენს შესანიშნავი მომენტები შეექმნათ, ხოლო სტუმართაგან ფრანკო ვაზკესს და ვიტოლოს მართებდათ გატანა. თუმცა, მატჩის ბედი ერთმა ბურთმა გადაწყვიტა: ცვლილებაზე სამი წუთით ადრე შემოსული ხოაკინ კორეა მე-80 წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტი დარტყმით საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა – 0:1.

დრამატული შეხვედრა გამოვიდა “ვისენტე კალდერონზე”, სადაც ადგილობრივი “ატლეტიკო” ორჯერ აგებდა “სელტასთან”, თუმცა ბოლო წუთებში ორი ბურთი შეაგდო და 3 ქულა მოიპოვა.

სტუმრები მე-5 წუთზე კაბრალმა დააწინაურა, რომელმაც მიგელ ანხელ მოიას უხეში შეცდომა შეირგო და თავური დარტყმით გაიტანა. ხუთიოდე წუთში კი, “ვისენტე კალდერონზე” შეკრებილმა პუბლიკამ მათთვის უსაყვარელი ფეხბურთელის ფერნანდო ტორესის ბრწყინვალე გოლი იხილა – “ელ ნინიომ” მაკრატელა გაიტანა. მას 30-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა და 11-მეტრიანის ნიშნულიდან ბურთი ხარიხას მოარტყა.

მასპინძელთათვის მეორე ნახევარი ძალიან მძიმე გამოდგა. მადრიდელებმა ბევრი მცდელობის მიუხედავად, მეტოქის კარს გასაღები ვერ მოუძებნეს, ხოლო 78-ე წუთზე გოლი აქეთ გაუშვეს: გალისიელთა კონტრშეტევა ჯონ გუიდეტიმ დააგვირგვინა.

“როხიბლანკოს” წაგების უფლება აღარ ჰქონდა, რადგან უკვე მე-4 ადგილსაც კარგავდა. ამიტომაც, მთელი ძალებით მოინდომეს და დარჩენილ წუთებში საწადელსაც მიაღწიეს. 86-ე წუთზე იანიკ ფერეირა კარასკომ ბრწყინვალე გოლით წონასწორობა აღადგინა, ხოლო ორ წუთში ანტუან გრიზმანმა ახლო მანძილიდან შეაგდო და “ატლეტიკომ” 3 ქულა მოიპოვა – 3:2.

უცნაური და არასტაბილური გუნდია “ვილიარეალი”. ვალენსიურ კლუბს მიმდინარე სეზონში ხუთეულის კლუბებთან არ წაუგია, თუმცა ხშირ შემთხვევებში სუსტ მეტოქეებთან კარგავს ქულებს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 6 ქულით ჩამორჩება. ამჯერადაც ასე მოხდა – ფრან ესკრიბას შეგირდებმა “მალაგა” მიიღეს და ერთი ქულაც გაჭირვებით მოიპოვეს.

“ხიხონმა” კი, “ლეგანესს” სტუმრად ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ვილიარეალი – მალაგა 1:1 (0:1)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ალვარო, რუისი, ხ.ანხელი, გასპარი, ბ.სორიანო, ტრიგეროსი (რ.ერნანდესი 82), ჯ.დოს სანტოსი, რ.სორიანო, სანსონე (კასტილიეხო 77), ადრიანი (ბაკამბუ 69).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ლ.ერნანდესი, დემიჩელისი, მ.ტორესი, როსალესი, ხოსე როდრიგესი (დუდა 74), კამაჩო, ფორნალსი, კეკო (ხონი 62), ჩ.კასტრო (ონტივეროსი 82), ჩარლესი.
მწვრთნელი: მარსელო რომერო

გოლები: 0:1 ჩარლესი (14), 1:1 ბ.სორიანო (62)
გაფრთხილებები: ჩარლესი, კამაჩო, კეკო, დემიჩელისი, დუდა
მსაჯი: ვიკანდი გარიდო

ლეგანესი – ხიხონი 0:2 (0:0)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, პ.ინსუა, მანტოვანი, დ.რიკო, ბუსტინზა, რ.პერესი, გაბრიელი, ბუენო (ლუსიანო 79), შიმანოვსკი (მაჩისი 68), სამუელი (ელ ჟარი 65), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე, ამორობიეტა, კასტელიანო, კანელია, ვესგა, ს.ალვარესი, მ.გომესი (ხ.ტორესი 85), ი.ლოპესი (ბურგუი 58), კარმონა, ლ.ტრაორე (კ.კასტრო 79).
მწვრთნელი: რუბი

გოლები: 0:1 კანელია (66), 0:2 ბურგუი (83)
გაფრთხილებები: დ.რიკო, ბუსტინზა, რ.პერესი – კანელია, ლ.ტრაორე, ჩოპი, კასტელიანო, ბურგუი
მსაჯი: ხავიერ ესტრადა ფერნანდესი

ლას პალმასი – სევილია 0:1 (0:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-3-3): ვარასი, აიტამი, ლემოსი, სიმონი, კასტელიანო (მ.ე.გარსია 90), მონტორო (ლივაია 81), ვიერა, მესა, ბოატენგი, ხესე, ჰალილოვიჩი (ტანაუსუ 81).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

სევილია (3-5-2): ს.რიკო, ლენგლეტი, მერკადო, მარიანო, ნ’ზონზი (იბორა 68), ფ.ვაზკესი (იოვეტიჩი 77), კრანევიტერი, ვიტოლო, სარაბია, ბენ იედერი (ხ.კორეა 77), ნასრი.
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლი: ხ.კორეა (80)
გაფრთხილებები: ლემოსი, მესა – კრანევიტერი, სარაბია, იბორა, ხ.კორეა
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

ატლეტიკო – სელტა 3:2 (1:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია, სავიჩი, ლ.ერნანდესი, ლუისი, ხუანფრანი (ვრსალკო 46), საული (ა.კორეა 72), გაბი, კოკე, კარასკო, ფ.ტორესი (გამეირო 76), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, რონკალია, ხონი, მალიო, რადოია, პ.ერნანდესი, ხოზაბედი (ვასი 64), სისტო (ბონგონდა 70), ასპასი (მ.დიასი 85), გუიდეტი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 კაბრალი (5), 1:1 ფ.ტორესი (11), 1:2 გუიდეტი (78), 2:2 კარასკო (86), 3:2 გრიზმანი (88)
გაფრთხილებები: გაბი – გუიდეტი, ხონი
მსაჯი
: ალეხანდრო ერნანდესი

30-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა პენალტი ვერ გაიტანა (ხარიხა)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111586