ფეხბურთი

2:36 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ”ბარსელონამ” გაისეირნა, “რეალმა” ბრძოლაში იმარჯვა

ლა ლიგის 22-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს გათამაშების ორივე ლიდერმა ითამაშა და ორივე მათგანმა 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

ძალიან იოლად მოიგო “ბარსელონამ”, რომელიც გასვლაზე “ალავესს” დაუპირისპირდა და 6 უპასუხო ბურთი გაუტანა. როგორც ჩანს, მასპინძლებმა მთელი ძალები ესპანეთის თასის 1/2 ფინალურ მატჩში დახარჯეს. თანაც, “ბარსელონას” პირველ წრეში ბასკებთან საკუთარ მოედანზე წაგებული ჰქონდა და კატალონიელებს სრულფასოვანი რევანშის აღება სურდათ, რაც გადაჭარბებითაც მოახერხეს.

“ბლაუგრანამ” მასპინძელთა წინააღმდეგობა 37-ე წუთზე გატეხა: ალეიშ ვიდალმა მეტოქის კარის გასვრივ დაბალი გადაცემა გააკეთა, რომელსაც ლუის სუარესი გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა. სამ წუთში ნეიმარმა მასპინძელთა მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა, ცარიელ კარში შეაგორა და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა.

მეორე ნახევარში “ბარსელონა” კიდევ უფრო თავისუფლად თამაშობდა და დემორალიზებულ მეტოქეს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. კატალონიელთათვის, ერთადერთი, რაც ამ მატჩში ცუდი მოხდა ისაა, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ალეიშ ვიდალმა მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, მინდორს დიდი ხნით ჩამოშორდა – 0:6.

გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “რეალი” პამპლონაში “ოსასუნას” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ლა ლიგის აუტსაიდერებმა მრისხანე მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოლო წუთამდე იომეს.

“რეალი” 24-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ დააწინაურა, თუმცა ათიოდე წუთში სერხიო ლეონმა ეფექტური დარტყმით უპასუხა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევრისთანავე სერხიო ლეონს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ კეილორ ნავასი შესანიშნავად გაისარჯა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. სამაგიეროდ, ისკოს დარტყმა გამოდგა უნაკლო, რომელმაც 62-ე წუთზე სალვატორე სირიგუს ახლო მანძილიდან შორეულ კუთხეში გაუტანა და თავის გუნდი მეორედ დააწინაურა. “ბლანკოსმა” მესამე გოლი მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე შეაგდო: მადრიდელთა კონტრშეტევა ცვლილებაზე შემოსულმა ლუკას ვაზკესმა შესანიშნავად დააგვირგვინა, რომელმაც სირიგუს ბურთი თავზე გადაუგდო – 1:3.

“ბილბაომ” “სან მამესზე” “დეპორტივო” მიიღო და გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთზე მოახერხა. პირველი ნახევარი ემრე ჩოლაკის გოლით სტუმრებმა მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა გარდატეხის შეტანა მოახერხეს და 3 ქულა მათ დარჩათ: 71-ე წუთზე წონასწორობა იკერ მუნიაინმა აღადგინა, ხოლო 89-ე წუთზე გამარჯვების ბურთი არიც ადურისმა შეაგდო და საკუთარი 36-ე დაბადების დღე მნიშვნელოვანი გოლის გატანით აღნიშნა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ბურთი ჩასათვლელი არ გახლდათ, რადგან ბასკი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მელერო ლოპესი უხეშად შეცდა და “დეპორტივოს” ქულა წაართვა – 2:1.

“სან მამესზე” გამართული მატჩის მსგავსად, მსაჯმა “იყოჩაღა” “ბენიტო ვილამარინზეც”, სადაც ერთმანეთს “ბეტისი” და “ვალენსია” დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. 27-ე წუთზე მარტინ მონტოიას დარტყმულს, რომელიც ადანის კარის მიმართულებით მიდიოდა, მასპინელთა მცველი ხელით გადაეფარა, თუმცა ტრახილიო სუარესმა ეს ეპიზოდი გაატარა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ზემოთ ნახსენებ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი სამართლიანია – 0:0.

ბეტისი – ვალენსია 0:0

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, პაცელა, მანდი, ტოსკა, პიცინი, დურმისი, პეტროსი (მარტინი 73), სებალიოსი, პარდო, რ.კასტრო, ალეგრია (სანაბრია 74).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, მანგალა, სანტოსი (აბდენური 57), გაია, მონტოია, მ.სუარესი, პარეხო, ელ ჰადადი, ორელიანა (კანსელო 81), ნანი, მინა (ძაძა 64).
მწვრთნელი: ვორო

გაფრთხილებები: მანდი, პაცელა, სანაბრია, სებალიოსი – სანტოსი, პარეხო, ძაძა
მსაჯი: ტრახილიო სუარესი

ალავესი – ბარსელონა 0:6 (0:2)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ალექსისი, ლაგუარდია, ტ.ერნანდესი, ვიგარაი, დ.ტორესი, მ.ლორენტე, კატაი (რომერო 57), კრსტიჩიჩი (კიკო 46), სობრინო, კ.სანტოსი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მატიე, უმტიტი (ალბა 65), დინიე, ვიდალი, ბუსკეტსი (ინიესტა 65), რაკიტიჩი, გომეში (რობერტო 72), მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1, 0:6 ლ.სუარესი (37; 67), 0:2 ნეიმარი (40), 0:3 მესი (59), 0:4 ალექსისი (63), 0:5 რაკიტიჩი (65)
გაფრთხილებები: ლაგუარდია - უმტიტი, რაკიტიჩი
მსაჯი: კლოს გომესი

ბილბაო – დეპორტივო 2:1 (0:1)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ი.ალვარესი, ლაპორტე, დე მარკოსი, ბალენსიაგა, ბენიატი (სუსაეტა 68), სან ხოსე, რ.გარსია (იტურასპე 68), უილიამსი (ვილალიბრე 85), მუნიაინი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი, ალბენტოსა, სიდნეი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, გილერმე, ბორგესი, ჩოლაკი (ფაჟრი 87), ხილი, კაკუტა (ჯონი 67), ანდონე (ხოსელუ 74).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 0:1 ჩოლაკი (42), 1:1 მუნიაინი (71), 2:1 ადურისი (89)
გაფრთხილებები: სან ხოსე – ფ.ნავარო, ხოსელუ
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი

ოსასუნა – რეალი 1:3 (1:1)

პამპლონა, “ესტადიო ელ სადარი”

ოსასუნა (4-4-2): სირიგუ, ოიერი, ვუიადინოვიჩი, ოიერი, ბონინი (დ.გარსია 15), ფუენტესი (კლერკი 53), კაუსიჩი, ფაუსტო (ლოე 61), რომერო, ბერენგერი, ს.ლეონი, რივიერი.
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

რეალი (5-3-2): ნავასი, ნაჩო, ვარანი, რამოსი, დანილო (ხამესი 57), მარსელო, კასემირო, მოდრიჩი, ისკო, ბენზემა (ლ.ვაზკესი 72), რონალდუ.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 რონალდუ (24), 1:1 ს.ლეონი (33), 1:2 ისკო (62), 1:3 ლ.ვაზკესი (93)
გაფრთხილებები: ფუენტესი, კაუსიჩი, ფაუსტო – მოდრიჩი, ხამესი
მსაჯი:
იგლესიას ვილანუევა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.266907