ფეხბურთი

2:20 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "რეალამდე" გენერალური რეპეტიცია გაიარა

იტალიის სერია A-ს XXIV ტურმა სტარტი ნეაპოლში აიღო, სადაც “ნაპოლიმ” “ჯენოა” მიიღო და ადვილად დაამარცხა. მაურიციო სარის გუნდმა მადრიდის “რეალთან” მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ კარგი სპარინგიც გაიარა და მოპოვებული სამი ქულით მეორე ადგილზე გადაიანცვლა – მინიმუმ ორი დღით, რადგან “რომა” თავის შეხვედრას კვირას ჩაატარებს.

რაც შეეხება “ნაპოლისა” და “ჯენოას” მატჩს – მასპინძლებმა ორივე გოლი ნაანტრაქტევს გაიტანეს, თუმცა უდიდეს უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ და გაცილებით დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ გამარჯვება. გოლები პიოტრ ზიელინსკიმ და ემანუელე ჯაკერინიმ გაიტანეს. საგულისხმოა, რომ პოლონელმა ბოლო 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. თავის მხრივ დრის მერტენსი ამჯერად საგოლე პასს დასაჯერდა. ბელგიელმა უკვე მოახერხა 16 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება. მაშინ, როცა შარშან მთელ სეზონში მერტენსის შედეგი 5 გოლი და 5 შედეგიანი პასი იყო.

“ნაპოლის” 51 ქულა აქვს და ლიდერ “იუვენტუსს” 6 ქულით ჩამორჩება. “ჯენოას” კი უკვე 8 თამაშია მიჯრით არ მოუგია და ივან იურიჩს სიტუაციის გამოსწორება სასწრაფოდ მართებს.

ისევ “ნაპოლის” დავუბრუნდეთ და ახლა მთელი ნეაპოლი 15 თებერვლის მოლოდინშია. იტალიის სამხრეთში იმედი აქვთ, რომ მათი საყვარელი გუნდი მადრიდის “რეალის” ბარიერს გაივლის. პირველი რაუნდი ზმეოხსენებულ დროსაა ჩანიშნული მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

“ნაპოლი” – “ჯენოა” 2:0 (0:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 34 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (ალანი 75); ჯაკერინი (როგი 73), მერტენსი (პავოლეტი 78), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; ბურდისო, მუნიოსი, ჯენტილეტი (ორბანი 19), ლაზოვიჩი, ველოზუ (კატალდი 39), ჰილიემარკი, ლაქსალტი; რიგონი, სიმეონე, პალადინო (ტაარაბტი 58)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 1:0 ზიელინსკი (50), 2:0 ჯაკერინი (68)

გაფრთხილება: როგი (90) - ორბანი (67), ბურდისო (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (12) – 5 (2) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.192621