მიმოხილვა

2:14 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდი იტალიური დერბი: "იუვემ" "ინტერი" დააჩოქა

ტურინის “იუვენტუსი” იტალიაში უკონკურენტოა – ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ინტერი” საკუთარ მოედანზე ჩინებულ სტილში დაამარცხა. მერე რა, რომ “ბებერი ქალბატონი” მხოლოდ 1:0 დასჯერდა, მაგრამ ფაქტი ის იყო, “ინტერნაციონალე” დიდი ანგარიშით მარცხს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ სამირ ჰანდანოვიჩი უბრალოდ შეუდარებელი გახლდათ.

“იუვენტუსმა” ბოლო დროს ნაცადი სქემით, 4-2-3-1-ით დაიწყო თამაში და კლაუდიო მარკიზიო კვლავ თადარიგში დარჩა. სამაგიეროდ, ახალი ტაქტიკით ტურინელთა თამაში გაცილებით ფეერიული საყურებელია. მასპინძლებს წინ გასვლა პირველ ათ წუთში ორჯერ შეეძლოთ და ორჯერვე პაულო დიბალა იყო ახლოს მიზანთან, მაგრამ ჯერ მაკრატელა აუღო ჰანდანოვიჩმა, შემდეგ კი, შორი დისტანციიდან ურტყამდა ტექნიკურად მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. ამის შემდგომ “ინტერმაც” მოიცალა შეტევებისთვის, თუმცა რობერტო გალიარდინიმ, ჟოაო მარიომ და მაურო იკარდიმ კარს მცირედით ააცილეს, ხოლო ივან პერიშიჩს ჯანლუიჯი ბუფონმა აჯობა. საერთოდ, სტეფანო პიოლის გუნდმა პირველი ტაიმი გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარა, ვიდრე მეორე – თუმცა, სანამ მეორე ტაიმზე გადავიდოდეთ, პირველის დასასრულზე ვთქვათ: მირალემ პიანიჩის ულამაზეს საჯარიმოს ჰანდანოვიჩის ბრწყინვალე სეივი და ხარიხა ერთად მოჰყვა, ხოლო კუთხურს ხუან კუადრადოს დიდებული გოლი – კოლუმბიელმა საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით გაისროლა. სხვათა შორის, სამხრეთამერიკელ შემტევს იტალიის ჩემპიონატში საჯარიმოს გარედან 7 გოლი აქვს გატანილი და აქედან სამი “ინტერის” კარში.

მეორე ნახევარში კი, იმის მაგივრად, რომ სტუმრებს გათანაბრებაზე ეფიქრათ, “იუვე” გაცილებით ახლოს იყო მეორე გოლთან თანაც ბევრჯერ – თუმცა ჰანდანოვიჩმა პიანიჩს, მანჯუკიჩსა და იგუაინს ისეთები აუღო, თქვენგან მოწონებული. მოკლედ, დიდი იტალიური დერბი “იუვემ” კუადრადოს გოლით მოიგო და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. “ინტერმა” კი 7 მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და ხასიათი გაიფუჭა.

რაც შეეხება ტურის დანარჩენ მატჩებს – ისევ უფერული გახლდათ “მილანი”. ერთ დროს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდი უკვე ყველასთან აგებს. ამჯერად შინ “სამპდორიასთან” გამოვიდა ვინჩენცო მონტელას გუნდი წაგებული და ტიფოზებმა ბევრიც უსტვინეს საყვარელ გუნდს. სხვათა შორის, “როსონერის” კრიზისი მას შემდგომ დაეწყო, რაც იტალიის სუპერთასი მოიგო. აღნიშნულ წარმატებას გუნდზე თითქოს დადებითი გავლენა უნდა მოეხდინა, მაგრამ პირიქით მოხდა – ვნახოთ, შეძLებს თუ არა, “მილანი” გონს მოსვლას და გათამაშების ზედა ნაწილში დაბრუნებას.

სამაგიეროდ შეუდარებელია ბერგამოს “ატალანტა”, რომელიც ევროპა ლიგის ზონაში მყარადაა. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ამჯერად “კალიარის” აჯობა უპრობლემოდ მატჩის დასაწყისშივე გატანილი გოლებით. გოლეადა მოაწყო რომის “ლაციომ” აუტსაიდერ “პესკარასთან” გასვლაზე – 6:2. რომაელთაგან დიდებული დღე ჰქონდა ნახევარმცველ მარკო პაროლოს, რომელმაც პოკერი შეასრულა და რეკორდებიც მრავლად ამყარა – იტალიელი ნახევარმცველი გახდა სერია ა-ში პირველი ფეხბურთელი 2012 წლის მერე, ვინც ერთ მატჩში სამი გოლი თავით გაიტანა. გარდა ამისა, ასევე პირველია ვინც საგარეო მატჩში შეძლო 4 გოლის გატანა 2011 წლის შემდეგ (მაშინ ალექსის სანჩესმა “პალერმო” დაამწუხრა). მოკლედ სიმონე ინძაგის გუნდმა მცირე ჩავრდნა დაძლია და კოპა იტალიაზე “ინტერის” ძლევის მერე, ჩემპიონატშიც ფეერიულად ითამაშა.

აუტსაიდერთა ჯახში “პალერმო” “კროტონეზე” ძლიერი გამოდგა და ელიტაში დარჩენის იმედი დაიტოვა. “სასუოლომ” გასვლაზე ასევე მინიმალურად მოუგო “ჯენოას”, ხოლო “კიევომ” და “უდინეზემ” ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს.

და ბოლოს, ლევან მჭედლიძის “ემპოლიზეც” ვთქვათ – ტოსკანელები შინ “ტორინოს” დაუზავდნენ. სტუმრები ანდრეა ბელოტის ლამაზი გოლით იგებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს მანუელ პუჩარელიმ წვიმის დახმარებით გაათანაბრა. 90 წუთი ითამაშა “ემპოლის” ქართველმა ბომბარდირმა – ლევანს ორი დიდებული მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც ულამაზესი მაკრატელა დარტყმით დაემუქრა ჯო ჰარტის კარს, მაგრამ ბურთმა ძელს მილიმეტრებით ჩაუქროლა.

“იუვენტუსი” – “ინტერი” (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (დანი ალვეში 80), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პაინიჩი; კუადრადო (მარკიზიო 71), დიბალა (რუგანი 85), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ინტერი” (3-4-3): ჰანდანოვიჩი; მურილო, მედელი, მირანდა; კანდრევა (ედერი 58), გალიარდინი, ბროჟოვიჩი (კონდოგბია 58), დ’ამბროზიო; ჟოაო მარიო (პალასიო 79), იკარდი, პერიშიჩი

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 1:0 კუადრადო (45)

გაფრთხილება: პიანიჩი (23), მანჯუკიჩი (47), კუადრადო (64), ხედირა (65), კიელინი (74) – კანდრევა (7), მედელი (43), ჰანდანოვიჩი (90)

გაძევება: პერიშიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 8 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“მილანი” – “სამპდორია” 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მურიელი (70, პენ)

“ატალანტა” – “კალიარი” 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 გომესი (4), 2:0 გომესი (17)

“კიევო” – “უდინეზე” 0:0 (0:0)

“ემპოლი” – “ტორინო” 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ბელოტი (11), 1:1 პუჩარელი (45)

“ჯენოა” – “სასუოლო” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 პელეგრინი (26)

“პესკარა” – “ლაციო” 2:6 (2:2)

გოლები: 0:1 პაროლო (10), 0:2 პაროლო (14), 1:2 ბენალი (29), 2:2 ბრუგმანი (41), 2:3 პაროლო (49), 2:4 კეიტა (57), 2:5 იმობილე (69), 2:6 პაროლო (77)

“პალერმო” – “კროტონე” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ნესტოროვსკი (27)

ბომბარდირები: დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 16 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 15, ედინ ჯეკო (“რომა”) – 15, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 15, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, ჩირო იმობილე (“ლაციო”) – 12.

თეგებისერია A
0.284779