ფეხბურთი

22:54 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩალჰანოღლუს 4-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ “ლევერკუზენის” და თურქეთის ნაკრების ფეხბურთელს ჰაკან ჩალჰანოღლუს 4-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა – იუწყება “ფარმაცევტების” ოფიციალური ვებგვერდი.

22 წლის შემტევს დავა “ტრაბზონსფორთან” ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ 2011 წელს, როდესაც თურქი “კარლსრუეს” ღირსებას იცავდა, შავი ზღვისპირულ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მოგვიანებით “კარლსრუესთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა და 2013 წელს “ჰამბურგს” მიაშურა.

ჩალჰანოღლუს წინააღმდეგ გამოძიება 2016 წელს დაიწყო და საბოლოოდ ის დამნაშავედ ცნეს.

“ძალიან ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, რომელიც ჩვენთვის სრულიად გაუგებარია. ეს არის მძიმე დარტყმა ჩვენთვის. ამ გადაწყვეტილებით “ლევერკუზენიც” ისჯება, რომელიც არაფერ შუაშია 2011 წლის მოვლენებთან. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდება სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე” – განაცხადა გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა.

განაჩენი გააკრიტიკა “ლევერკუზენის” აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ შადემ: “ეს სასჯელი გავლენას ახდენს კლუბზეც, რომელიც არაფერ შუაშია ამ ამბებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენ ალტერნატივა არ გვაქვს და ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”

შეგახსენებთ, რომ ჰაკანი “ბაიარენაზე” 2014 წლიდან თამაშობს. მან ამ დროს განმალობაში 114 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

0.162648