ფეხბურთი

3:55 | 22.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალს” რამოსმა მოაგებინა, “ვალენსიამ” - დერბიში იმარჯვა

ლა ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი მადრიდის “რეალი”, რომელსაც ბოლო ერთ კვირაში ორი შეხვედრა წაეგო, შინ “მალაგას” დაუპირისპირდა და სერხიო რამოსის დუბლით სძლია.

შეხვედრა ძალიან კარგი სანახავი გამოდგა, რადგან გუნდები სწრაფ ტემპში თამაშობდნენ და ბევრ სახიფათო მომენტს ქმნიდნენ. სერხიო რამოსის გოლამდე ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს რამდენჯერმე შეეძლო. მასპინძელთაგან მიზანთან ყველაზე ახლოს ქარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდუ იყვნენ, ხოლო სტუმართაგან ჩორი კასტროს შეეძლო გატანა, რომელმაც ძელს მოარტყა ბურთი.

35-ე წუთზე კი ტონი კროოსმა კუთხური მოაწოდა, რასაც სერხიო რამოსის უნაკლო თავური მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა. ტაიმის ბოლოს კროოსმა უკვე საჯარიმო დარტყმიდან ჩააწოდა ბურთი და ყველას კვლავ რამოსმა აჯობა, რომელმაც ამჯერად ფეხით შეაგდო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მეორე გოლის მომენტში რამოსი მცველებზე ოდნავ წინ იყო და მსაჯებს თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირება მართებდათ, თუმცა ეს ვერ შეამჩნიეს.

63-ე წუთზე ხუანპიმ ერთი ბურთი გაქვითა და ინტრიგა დააბრუნა. ორ წუთში კი, “მალაგას” სულაც გათანაბრება შეეძლო, მაგრამ კეილორ ნავასმა დიდებულად ითამაშა და ხუან კარლოსს არ გაატანინა. აქედან მოყოლებული, ანდალუსიელებს რეალური სახიფათო მომენტი აღარ შეუქმნიათ, “რეალს” კი პირიქით რამდენჯერმე მართებდა ანგარიშის გაზრდა. ყველაზე გამოსარჩევი და კურიოზული მომენტი 74-ე წუთზე მოხდა: მუნიოსმა კამენის ბურთი უკან დაუბრუნა, მაგრამ კამერუნელმა კიპერმა ბურთი ვერ გააჩერა და კინაღამ კურიოზული ბურთი გავიდა, კარლოსმა ძვლივს მიასწრო ბურთს და კარის ხაზიდან გამოიტანა, დამატებაზე კი რონალდუ ურტყამდა, მაგრამ კამენიმ შეცდომა გამოასწორა და პორტუგალიელს არ გაატანინა. ერთ წუთში რონალდუს კვლავ შეეძლო გატანა, მაგრამ ამჯერად ბურთი ძელს გაარტყა – 2:1.

საინტერესოა, რომ რამოსს ლა ლიგაში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი და ესპანელ მცველს ისეთ შემტევებზე მეტი ბურთი აქვს გატანილი, როგორებიც არიან: ნეიმარი, ბენზემა, მორატა, ველა, მინა, ბაკამბუ, ანხელ კორეა, პატო, ფერნანდო ტორესი და ა.შ.

ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო “ვალენსიამ”, რომელმაც გასვლაზე თანარეგიონელი “ვილიარეალი” დამაჯერებლად დაამარცხა. როგორც ჩანს, “ღამურებს” ვოროს ხელი მოუხდათ და ნელ-ნელა თამაში დაიწყეს. სათქმელია, რომ იმ 19 ქულიდან, რომელიც “ვალენსიას” ამჟამად აქვს, 13 ვოროს ხელმძღვანელობითაა მოპოვებული.

პირველი ტაიმი აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა. ბურთი უფრო მეტად მასპინძლებს ეჭირათ, მაგრამ სტუმრები უფრო შინაარსიანად უტევდნენ. ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა: ნანიმ ორი მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში კარლოს სოლერი მოძებნა, რომელიც მშვენივრად გაისარჯა და ძირითად გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდული გუნდის აწ უკვე ყოფილ ნახევარმცველი მშვენივრად გამოიყურება და ნელ-ნელა “ლოს ჩეს” ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ყალიბდება.

სტუმრებმა ტაიმის მიწურულს მეორეც გაიტანეს: სერხიო ასენხიომ სანტი მინას მოტყუება მოინდომა, მაგრამ არ გამოუვიდა, ბურთი დაკარგა და ახალგაზრდა ფორვარდმა ცარიელ კარში გაიტანა.

მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და “ვალენსიას” დაცვა სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა, მაგრამ როგორც იქნა დიეგო ალვეშს მხარი უკანახაზელებმაც აუბეს და გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. შედეგად, “ღამურებმა” 20 აპრილის შემდეგ პირველად შეძლეს კარის მშრალად შენახვა.

უნდა ითქვას, რომ სტუმრები ყრუ დაცვაში არ ჩამჯდარან და კონტრშეტევებზე რამდენჯერმე შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ელ ჰადადიმ, სოლერმა და ნანიმ ამის გაკეთება ვერ შეძლეს და ანგარიში აღარ შეცვლილა – 0:2.

“ესპანიოლმა” შინ აუტსაიდერი “გრანადა” დაამარცხა, ხოლო “ალავესმა” და “ლეგანესმა” “ესტადიო მენდიზოროცაზე” ქულები გაიყვეს.

ესპანიოლი – გრანადა 3:1 (2:1)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი, დავიდ ლოპესი, დ.რეიესი, კარისოლი, მ.ნავარო, ხურადო, ფუეგო, ხ.ა.რეიესი (სევილია 81), ჰ.პერესი (როკა 75), პიატი, ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

გრანადა (4-3-3): ოჩოა, ინგასონი, ლომბანი, ტაბანუ (გ.სილვა 46), ფოლქიერი, სამპერი, ა.პერეირა, კრინი (ბუენო 77), მალე, ბოგა (პონსე 46), კრავეტსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 1:0 ხ.ა.რეიესი (11), 1:1 ა.პერეირა (23), 2:1 პიატი (32), 3:1 მ.ნავარო (48)
გაფრთხილებები: ინგასონი, ფოლქიერი, ა.პერეირა
მსაჯი: კლოს გომესი

რეალი – მალაგა 2:1 (2:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო (ისკო 25), კასემირო, კროოსი, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 78), ლ.ვაზკესი, რონალდუ, ბენზემა (მორატა 82).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ვილანუევა, მუნიოსი, ხ.კარლოსი (დემიჩელისი 73), როსალესი, რესიო, კამაჩო, ჩ.კასტრო (ხონი 67), ხუანპი, ფორნალსი, პენარანდა (მ.სანტოსი 79).
მწვრთნელი: მარსელო რომერო

გოლები: 1:0, 2:0 რამოსი (35; 43), 2:1 ხუანპი (63)
გაფრთხილებები: კასემირო, ლ.ვაზკესი – ხ.კარლოსი, კამაჩო, მ.სანტოსი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

ალავესი – ლეგანესი 2:2 (1:1)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ალექსისი, ლაგუარდია, ტ.ერნანდესი, ვიგარაი, მ.გარსია, მ.ლორენტე, კამარასა (კატაი 85), მენდეში (დ.ტორესი 76), იბაი (ტოკერო 78), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ლეგანესი (5-3-2): ერერინი, პ.ინსუა, ვ.დიასი (უ.ლოპესი 73), მანტოვანი, მარინი, ბუსტინზა, ტიმორი (ლუსიანო 62), რ.პერესი, გაბრიელი, მაჩისი (შიმანოვსკი 56), გერერო.
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

გოლები: 1:0 ლაგუარდია (11), 1:1 გერერო (45), 2:1 მენდეში (51), 2:2 პ.ინსუა (84)
გაფრთხილებები: ტ.ერნანდესი, იბაი, ალექსისი – მარინი, გაბრიელი, რ.პერესი
მსაჯი: ხოსე ლუის მუნუერა მონტერო

ვილიარეალი – ვალენსია 0:2 (0:2)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, ალვარო, ხ.კოსტა, გასპარი, ტრიგეროსი, ბ.სორიანო, რ.სორიანო (კასტილიეხო 61), ჯ.დოს სანტოსი (ბორე 83), სანსონე, პატო.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მანგალა, გარაი, გაია, კანსელო, სოლერი (მ.სუარესი 78), ე.პერესი, პარეხო, ელ ჰადადი (მონტოია 87), ნანი, მინა (ძაძა 81).
მწვრთნელი: ვორო

გოლები: 0:1 სოლერი (35), 0:2 მინა (42)
გაფრთხილებები: რუისი, ხ.კოსტა – ე.პერესი, გარაი
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175897