ფეხბურთი

16:29 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

(რ)ევოლუცია ფეხბურთში – რა უნდათ ფიფას და მარკო ვან ბასტენს?!

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი, რომელიც ამჟამად ფიფას აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ, ფეხბურთის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის იდეით გამოდის.

ჰოლანდიელმა რამდენიმე საკითხი გამოჰყო:

პენალტების სერიის გაუქმება და მის ნაცვლად ე.წ თავისუფალი დარტყმების შემოღება. სხვათა შორის, ეს წესი 90-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს MLS-ში მოქმედებდა.

“თითოელ გუნდს ექნება ხუთი მცდელობა. მოთამაშე ბურთთან ერთად კარიდან 25 მეტრში იქნება და 8 წამი ექნება იმისთვის, რომ გოლი გაიტანოს. ეს გაცილებით მეტ სანახაობას მოიტანს. სანახაობრივი იქნება, როგორც გულშემატკივრისთვის, ისე ფეხბურთელებისთვის”, - უთხრა ვან ბასტენმა “ბილდს”.

ყვითელი ბარათის გაუქმება და სამაგიეროდ, დროებითი გაძევებების შემოღება 5 ან 10 წუთით. ასევე, ვან ბასტენის თქმით, კარგი იქნება თუ ფეხბურთში დაინერგება კალათბურთში მოქმედი წესი – კერძოდ, თუ ფეხბურთელი ერთ მატჩში 5-ჯერ დაჯარიმდება, მოედნის დატოვება მოუწევს და მის ნაცვლად სხვა მოთამაშე შევა მინდორზე. ეს წესი კალათბურთში დიდი ხანია მოქმედებს.

“დიდხნიანი გაძევებები არ იქნება. მაქსიმუმ 5 და 10 წუთი. ამ შემთხვევაში მცირე დროით გუნდებმა შეიძლება ითამაშონ 11 ათის წინააღმდეგ ან მაგალითად 9 8-ის პირისპირ. თუმცა, მხოლოდ დროებით. გარდა ამისა, ვფიქრობ, 5 ფოლის შემდეგ მოთამაშემ მოედანი უნდა დატოვოს”, - ამბობს ვან ბასტენი.

გარდა ამისა, ჰოლანდიელის აზრით, ფეხბურთი გაცილებით სანახაობრივი გახდება თუ თამაშგარე მდგომარეობის წესი საერთოდ გაუქმედება. როგორც ის მიიჩნევს, ეს საგრძნობლად გაზრდის შედეგიანობას.

“ვფიქრობ, ბევრი ადამიანი იქნება ამის წინააღმდეგი, მაგრამ რაც მთავარია ეს წესი ხელსაყრელი გამოდგება. ჩემი აზრით, ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდება. გოლები არის ის, რისი ნახვაც გულშემატკივრებს სურთ. აღიშნული წესი კი, ამას გაადვილებს”, - აგრძელებს მარკო.

გარდა ამისა, ფიფას აღმასრულებელმა დირექტორმა სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა:

“თამაშის დრო უნდა გაჩერდეს, მოედნიდან ბურთის ყოველ გადასვლაზე და წესის დარღვევაზე. ასე ჩვენ არ დავკარგავთ სათამაშო დროს. მხოლოდ ბოლო 10 წუთი შეიძლება, რომ სათამაშო დრო არ გაჩერდეს. რაც შეეხება ფეხბურთელთა პროტესტს, რომელიც ხშირია, როდესაც მთელი გუნდი მსაჯს ეკამათება. არბიტრთან რომელიმე ეპიზოდის გაპროტესტების უფლება მხოლოდ კაპიტანს უნდა ჰქონდეს. ისევე, როგორც ეს რაგბიშია მიღებული. ასევე უნდა ვიფიქროთ, თამაშები შემცირდეს და თუ მაგალითად დღეს ერთ გუნდს წელიწადში 80 მატჩის ჩატარება უწევს, მაქსიმალური ზღვარი იყოს 50. ასე ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდება”, - დაასრულა ჰოლანდიელმა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფიფა და ამოქმედდება თუ არა ზემოხსენებული წესები ფეხბურთში. ფაქტია, რომ თუ ასე მოხდა, ეს რევოლუციური გადაწყვეტილება იქნება და შესაძლოა, ფეხბურთი აღარ იყოს ისეთი, როგორიც იყო გუშინ ან არის დღეს...

აღსანიშნავია, რომ ვან ბასტენის იდეის წინააღმდეგ ბევრი ცნობილი ადამიანი გამოვიდა. მათ შორის ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი დემეტრიო ალბერტინი, რომელმაც საჯაროდ დააფიქსირა თავისი შეხედულება და სოციალურ ქსელში დაწერა, იმედია ეს მხოლოდ ვან ბასტენის მოსაზრებებად დარჩებაო...

0.116891