ძიუდო

10:07 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ ზაიზენბახერს გამოძიება ეძებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელზე პეტერ ზიზენბახერზე ავსტრიის სასამართლომ ძებნა გამოაცხადა. ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონს არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში ედება ბრალი. ამ საქმესთან დაკავშირებით, ვენის პროკურატურამ, 3-წლიანი გამოძიების შემდეგ, ზაიზენბახერს ბრალი ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში წაუყენა.

1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში პეტერ ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა და წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულიც იმ პერიოდში ჩაიდინა.

საქმე ერთ-ერთი სავარაუდო მსხვერპლის ჩვენების საფუძველზე აღიძრა.

56 წლის ავსტრიელი სპეციალისტი ვენის სასამართლოში ერთი თვის წინ უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ ასე არ მოიქცა და მას შემდეგ, მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცის.

ზაიზენბახერი ბოლო წლებში აზერბაიჯანის ძიუდოისტთა ნაკრებს ედგა სათავეში, მაგრამ 2016 წლის დეკემბრის შემდეგ არც იქ ჩასულა.

პეტერ ზაიზენბახერი ოლიმპიური ჩემპიონი 1984 და 1988 წლებში გახდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი სათავეში 2010-12 წლებში ედგა.

0.124312