ფეხბურთი

3:00 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტი” შერცხვა, “იუნაიტედი” იბრამ გადაარჩინა

პრემიერლიგის 21-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. პირველი ჯახი “გუდისონ პარკზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ევერტონმა” “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ყველასთვის მოულოდენლად, შავი დღე აყარა.

სტატისტიკის მიხედვით, “სიტი” უპირატესობას ფლობდა და მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა, თუმცა ეს უპირატესობა არაფრის მომცემი გახლდათ და ყველაფერი ტაბლოზე აისახა.

მასპინძლებმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო და მთლიანად ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ისინი თავს ძალიან ჭკვიანურად იცავდნენ და ელოდნენ საკუთარ შანსებს, რომლებიც მაქსიმალურად გამოიყენეს.

“ევერტონმა” ტაიმი რომელუ ლუკაკუს გოლით მოიგო. სტუმრებსაც ჰქონდათ კარგი მომენტები, მაგრამ სტერლინგმა და სილვამ ხოელ რობლესს ვერ აჯობეს.

მეორე ნახევარი “ევერტონისთვის” დიდებულად დაიწყო და 47-ე წუთზე კევინ მირალაშმა ძლიერი დარტყმით სხვაობა გაზარდა, რითაც ფაქტობრივად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. სტუმრები შეტევებს განაგრძობდნენ, თუმცა სახეირო არაფერი გამოსდიოდათ და დარჩენილ დროში გოლები აქეთ მიიღეს: 79-ე წუთზე სხვაობა გამანადგურებელი ტომ დევისმა გახადა, ხოლო მსაჯის მიერ მესამე დამატებულ წუთზე ცვლილებაზე ორი წუთით ადრე შემოსულმა ახალწვეულმა ადემოლა ლუკმენმა სადებიუტო გოლი შეაგდო და “ქალაქელთა” წვალებას წერტილი დაუსვა – 4:0.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრინციპულ მეტოქეს “ლივერპულს” უმასპინძლა და მარცხს ბოლოსკენ გადაურჩა.

მთლიანობაში შეხვედრა საკმაოდ თანაბარი გამოდგა და განსაკუთრებული უპირატესობა არცერთ გუნდს არ ჰქონია. შეხვედრა გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს და მომენტების შექმნა ჭირდა. საწყის წუთებში ყველაზე სახიფათო ეპიზოდი პოლ პოგბას შეექმნა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და სიმონ მინოლეს კარს ააცილა.

სამაგიეროდ, სტუმრებმა არაფრისგან გოლი გამოაცხვეს. მერსისაიდელებმა კუთხური ჩააწოდეს, პოგბამ კი საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯეიმს მილნერმა შეასრულა ზუსტად და 27-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ “წითელი ეშმაკები” გააქტიურდნენ და შესვენებამდე ორი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მხიტარიანს და იბრაჰიმოვიჩს სიმონ მინოლემ აჯობა.

შესვენებაზე ჟოზე მოურინიომ მაიკლ კერიკი უეინ რუნით შეცვალა, რითაც შეტევა გააძლიერა, ხოლო შემდეგ ხუან მატას და მარუან ფელაინის უხმო მინდორზე. სწორედ ბელგიელი ფეხბურთელის აქტიურობას მოჰყვა გამათანაბრებელი გოლი: მარუანმა თავით ძელს გაარტყა ბურთი, თუმცა შეტევა გაგრძელდა და საბოლოოდ იბრაჰიმოვიჩმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით 84-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა – 1:1. იბრას 14 გოლი დაუგროვდა და ალექსის სანჩესთან და დიეგო კოშტასთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

ეს ტური კი, ყველაზე იღბლიანი “ჩელსისთვის” გამოდგა, რომელმაც უახლოესი მდევრები 7 ქულით ჩამოიტოვა.

ევერტონი – მანჩესტერ სიტი 4:0 (1:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (3-4-2-1): რობლესი, უილიამსი, მორი, ჰოლგეიტი, ბერი (მაკკარტი 74), ტ.დევისი, კოულმენი, ბეინსი, მირალაში (შნეიდერლენი 65), ბარკლი (ლუკმენი 90), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ბრავო, სტოუნზი, იაგიელკა, სანია, კლიში, ზაბალეტა (იჰეანაჩო 62), ტურე, სილვა, სტერლინგი, დე ბრუინი, აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ლუკაკუ (34), 2:0 მირალაში (47), 3:0 ტ.დევისი (79), 4:0 ლუკმენი (94)
გაფრთხილებები: ჰოლგეიტი, ლუკმენი – სილვა, ოტამენდი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

მანჩესტერ იუნაიტედი – ლივერპული 1:1 (0:1)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა, როხო, ჯონსი, ვალენსია, დარმიანი (ფელაინი 76), კერიკი (რუნი 46), ერერა, პოგბა, მარსიალი (მატა 65), მხიტარიანი, იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლოვრენი, კლავანი, მილნერი, ალექსანდერ-არნოლდი, ჩანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი, ფირმინო, ლალანა, ორიჯი (კოუტინიო 61).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 მილნერი (27 პენ.), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (84)
გაფრთხილებები: ერერა – ლოვრენი, ვეინალდუმი, ფირმინო
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.3745