ფეხბურთი

2:28 | 8.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოში ახალი წელი მასპინძელთათვის დაიწყო (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის პირველი წრის ბოლო, თუმცა, 2017 წლის პირველმა ტურმა სტარტი დაძაბულად აიღო. დღეს გამართულ მატჩებში წარმატებას მასპინძლებმა უწიეს, მაგრამ მხოლოდ შეხვედრის მიწურულში მოახერხეს სამი ქულის მოპოვება. “ნაპოლიმ” სამეულში ადგილი გაიმყარა, ხოლო “ემპოლი” გასავარდნ ზონას მოშორდა, რადგან უშუალო კონკურენტ “პალერმოს” სძლია.

ლორენცო ტონელი ის ფეხბურთელია, რომელიც “ნაპოლიში” გასულ ზაფხულს გადავიდა, მაგრამ მაურიციო სარისთან ნაცნობობის მიუხედავად (“ემპოლიში” ერთად მუშაობდნენ), დებიუტი დღეს ჰქონდა “აძურის” მაისურით და თან რა დებიუტი?! – იტალიელმა მცველმა 93-ე წუთზე გენუის “სამპდორიასთან” შეხვედრაში საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოაპოვებინა. თუმცა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა სტუმართა კარის დარაჯის, პუჯიონის ჩინებული თამაში ალბათ, გაცილებით მარტივად მოიგებდნენ. თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ სარის გუნდის ასეთი უპირატესობა 61-ე წუთზე მატიას სილვესტრეს გაძევებამ განაპირობა, ვინც 10 წუთში ორი უაზრო ყვითელი ბარათი მიიღო და თავისიანები დააღალატა. არადა, იმ დროისთვის “სამპა” იგებდა – პირველ ტაიმში პატრიკ შიკმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “ნაპოლის” ალბანელ მცველ ელშეიდ ჰისაის ავტოგოლი მიეთვალა და მიზანს მიაღწია კიდეც: ჩეხის გარღვევის შემდგომ ჰისაის ბურთი მოხვდა და ცარიელ კარში შევარდა – 0:1.

რა თქმა უნდა, მასპინძელთა გეგმებში ქულების დაკარგვა არ შედიოდა და მეტოქეს უკან მოუხედავად შეუტია. სილვესტრეს გაძევების მერე კი, საქმე გაუდვილდა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მაურიციო სარის შეგირდებმა გათანაბრება მხოლოდ 78-ე წუთზე შესძლეს. სხვათა შორის, გოლი ტყუპისცალივით წააგავდა ჰისაის ავტოგოლს: ხოსე კალეხონმა მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და ცარიელ კართან მდგომმა მანოლო გაბიადინიმ დაახლოების ისე გაიტანა, როგორც მისმა თანაგუნდელმა ჰისაიმ პირველ ტაიმში საკუთარ კარში. აი, მსაჯის კომპესირებულ მესამე წუთზე კი, ტონელის ჯერი დადგა. გოლი მთლიანად დაცვის ხაზმა შექმნა – მარცხენა მცველმა ივან სტრინიჩმა სტუმართა დაცვის ხაზი გააბითურა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ტონელის უპასა. მანაც, ერთი შეხებით “ნაპოლის” მოაგებინა. ამ გამარჯვებით, ნეაპოლელებს 38 ქულ გაუხდათ და “რომასთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. “სამპდორია” კი, ცხრილის ქვედა ნაწილისკენ მიიწევს. საგულისხმოა, რომ "ნაპოლი" მიჯრით 6 სეზონია წლის პირველი თამაშის მოგებას ახერხებს...

2017 წლის პირველ მატჩში კი, “ემპოლიმ” “პალერმო” მიიღო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. არადა, ტოსკანელებს სიცილიელებზე ფეხბურთის თამაშით არ უჯობნიათ, მაგრამ უშუალო კონკურენტთან უპირატესობა 7 ქულამდე მაინც გაზარდეს. სასიხარულოა, რომ ზედიზედ მეოთხედ სასტარტო შემადგენლობაში იყო ლევან მჭედლიძე, რომელსაც ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ გამარჯვებაში ლომის წილი მაინც დაიდო – ქართველი საკმაოდ აქტიური იყო (თანაგუნდელების ფონზე განსაკუთრებით). შეხვედრის ერთადერთი გოლი კი, ვეტერანმა მასიმო მაკარონემ გაიტანა 78-ე წუთზე პენალტით, რომელიც მისივე წაქცევისთვის დაინიშნა. აქ კი, ჩვენთვის აღსანიშნავია პენალტის დანიშვნის ეპიზოდი: მაკარონე კართან ორ მეტრში იდგა და მცველმა დაიჭირა (ყოველშემთხვევაში, მსაჯის აზრით). “ბიგ მეკი” კი ხელსაყრელ სიტუაციაში მჭედლიძის ჩინებული თამაშის შემდეგ დარჩა – ქართველმა თავით ისეთი პასი გაუკეთა მაკარონეს მხოლოდ ბურთისთვის ფეხის მირტყმა სჭორდებოდა გოლის გასატანად. ლევანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ მასიმო მაკარონემ გოლი მოედანზე შესვლიდან 118 წამში გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ მასიმომ "ემპოლის" მაისურით სერია A-ში 26-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში ამ მხრივ საუკეთესო გახდა. “ემპოლის” 17 ქულა აქვს და მის უკან მყოფ “პალერმოს” როგორც უკვე გითხარით, 7 ქულით უსწრებს.

“ემპოლი” – “პალერმო” 1:0 (0:0) VIDEO

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9 5000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, კოშიჩი, ბელუსკი, პასკუალი; კრუნიჩი, დიუსე, კროჩე; საპონარა (პუჩარელი 65); მარილუნგო (მაკარონე 76), მჭედლიძე

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

“პალერმო” (3-4-2-1): პოსავეცი; ჩიონეკი (დიამანტი 81), გონსალესი, გოლდანიგა; რისპოლი, იაიალო (ბალოგი 83), გაცი, მორგანელა (ალეეზამი 75); ბრუნო ენრიკე, ქუაისონი; ნესტოროვსკი

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი

გოლი: 1:0 მაკარონე (78, პენ)

გაფრთხილება: ლაურინი (57) – მორგანელა (74), ჩიონეკი (77), ბრუნო ენრიკე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 11 (8) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: პაოლო ვალერი

“ნაპოლი” – “სამპდორია” 2:1 (0:1) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 35 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კირიკეში, ტონელი, სტრინიჩი; ალანი (ზიელინსკი 59), ჟორჟინიო (გაბიადინი 72), ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; პერეირა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ბარეტო, ტორეირა, პრატი (ლინეტი 76); ალვარესი; კვალიარელა (მურიელი 51), შიკი (დოდო 65)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 0:1 ჰისაი (30, ა.გ), 1:1 გაბიადინი (78), 2:1 ტონელი (90)

გაფრთხილება: ჰისაი (69) - სილვესტრე (54, 61)

გაძევება: სილვესტრე (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (9) – 7 (4) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: მარკო დი ბელო

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 14 გოლი, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 13, ედინ ჯეკო (“რომა”) – 13, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 11, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 10, ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”) – 9, ჩირო იმობილე (“ლაციო”) – 9.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117669