ფეხბურთი

2:44 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ალიმ “ჩელსი” შეაჩერა

Boxing day-ის დასკვნითი ტური სამ დღეზე გადანაწილდა. პირველ სათამაშო დღეს 6 შეხვედრა გაიმართა, მეორეს – 3, ხოლო ტურის ცენტრალური მატჩი ოთხშაბათს ღამით შედგა და ყველაზე საინტერესო მოვლენები სწორედ ამ შეხვედრაში განვითარდა: “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე დელე ალის დუბლით ლონდონის “ჩელსი” დაამარცხა და 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა.

თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად და პირველი სათამაშო დღით დავიწყოთ. ტური “რივერსაიდ სთედიუმზე” გაიხსნა, სადაც ადგილობრივი “მიდლსბრო” მოქმედ ჩემპიონს “ლესტერს” დაუხვდა და უგოლოდ გაეყარა – 0:0.

“მანჩესტერ სიტიმ” “ბარნლის” უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა და ოთხეულში დაბრუნდა. “ქალაქელებს” 32-ე წუთზე ფერნანდინიო გაუძევეს, რამაც მათი მდგომარეობა გაართულა, მაგრამ კლასის ხარჯზე მაინც იმარჯვეს. ანგარიში 58-ე წუთზე გაელ კლიშიმ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში აგუერომ მეორე ბურთი გაიტანა. სტუმრებმა 75-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს და “ეტიჰად სთედიუმზე” შეკრებილი პუბლიკა ბოლომდე ანერვიულეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს – 2:1.

ქულები დაკარგა “ლივერპულმა”, რომელიც დანიელ სტარიჯის და სადიო მანეს გოლებით გასვლაზე ორჯერ უგებდა “სანდერლენდს”, თუმცა ჯერმეინ დეფომ ამდენჯერვე პენალტით შეძლო გათანაბრება და მერსისაიდელებს ძვირფასი 2 ქულა დააკარგვინა – 2:2.

“ევერტონი” “გუდისონ პარკზე” “საუთჰემპტონს” დაუხვდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. 73-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, თუმცა მასპინძლებმა დარჩენილ დროში “წმინდანებს” სამი უპასუხო გოლი გაუტანეს – 3:0.

მორიგი შეხვედრა წააგო “ჰალიმ”, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ ვეღარ მოითმინა და მაიკ ფელანის კარისკენ მიუთითეს. “ვეფხვები” სტუმრად “ვესტ ბრომვიჩს” ეთამაშებოდნენ და სნოდგრასის გოლით ტაიმი მოიგეს კიდეც, თუმცა მეორე ნახევარში სამი ბურთი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ – 3:1.

ზედიზედ მე-6 შეხვედრა მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელმაც “ოლიმპიურ სტადიონზე” ადგილობრივი “ვესტ ჰემი” დაამარცხა. სტუმართათვის შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო: მაიკლ დინმა მე-15 წუთზე სოფიან ფეგული ძალიან საკამათო სიტუაციაში გააძევა, რამაც “წითელ ეშმაკებს” გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა. მასპინძლებმა ერთი საათი გაძლეს, თუმცა შემდეგ მაინც გატყდნენ – 63-ე წუთზე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ხუან მატამ ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო 15 წუთში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იხეირა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ შვედი ფორვარდის გოლი ჩასათვლელი არ გახლდათ, რადგან თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა – 0:2.

მეორე სათამაშო დღეს გამართული შეხვედრებიდან, გამოსარჩევი უდავოდ “დინ კურტზე” შემდგარი ჯახია. “ბორნმუთი” 70-ე წუთამდე ლონდონის “არსენალს” 3:0-ს ამარცხებდა, თუმცა “მეთოფეებმა” ბოლომდე იბრძოლეს და ქულის მოპოვება მოახერხეს. 70-ე წუთზე ანგარიში ალექსის სანჩესმა შეამცირა, ხოლო ხუთ წუთში შეცვლაზე შემოსულმა ლუკას პერესმა “არსენალი” თამაშში დააბრუნა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე პასი ოლივიე ჟირუმ გააკეთა, რომელმაც 92-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 3:3.

“სტოკმა” რაიან შოუკროსის და პიტერ კრაუჩის გოლებით შინ “უოტფორდს” მოუგო, ხოლო “სუონსიმ” გასვლაზე “კრისტალ პალასს” აჯობა.

ტურის ბოლო და გამორჩეული მატჩი კი ახლახანს დასრულდა. “ტოტენჰემმა” “უაით ჰართ ლეინზე” თანაქალაქელ “ჩელსის” უმასპინძლა და 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა. “არისტოკრატებს” 24 სექტემბრის შემდეგ ფრეც კი არ ჰქონდათ ნათამაშები.

შეხვედრა ისეთი სცენარით წარიმართა, როგორიც მასპინძლებს აწყობდათ და მათთვის სასურველი შედეგითაც დასრულდა. ტაიმი თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, თუმცა პირველ დამატებულ წუთზე კრისტიან ერიკსენმა დელე ალის ბურთი თავზე დაასვა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა ზუსტად დარტყმა მოახერხა.

ალის გოლმა სტუმრებს გვარიანად აურია გეგმები. ანტონიო კონტეს შეგირდებმა მეორე ტაიმი არეულად დაიწყეს, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და მეორე გოლი გაიტანეს. კვლავ იგივე მოხდა: 54-ე წუთზე ერიკსენმა ალის მორიგი შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა და ახალგაზრდა მოთამაშემ თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა.

სტუმრებს ბევრი დრო ჰქონდათ, თუმცა მაურისიო პოჩეტინომ ყველაფერი სწორად გათვალა, თავის შეგირდებს სწორი დავალებები მისცა და სტუმრებს თამაშის გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონიათ.

“დეზებმა” ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვეს. მათ 42 ქულა აქვთ, მე-3 ადგილზე არიან და ლიდერ “ჩელსის” 7 ქულით ჩამორჩებიან, რომელიც მარცხის მიუხედავად უახლოეს მდევარს “ლივერპულს” 5 ქულით უსწრებს.

2 იანვარი

მიდლსბრო – ლესტერი 0:0

ევერტონი – საუთჰემპტონი 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ე.ვალენსია (73), 2:0 ბეინსი (81 პენ.), 3:0 ლუკაკუ (89)

მანჩესტერ სიტი – ბარნლი 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 კლიში (58), 2:0 აგუერო (62), 2:1 მი (70)
გაძევება: ფერნანდინიო (32 მ.)

სანდერლენდი – ლივერპული 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 სტარიჯი (19), 1:1, 2:2 დეფო (25 პენ; 84 პენ.), 1:2 მანე (72)

ვესტ ბრომვიჩი – ჰალი 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 სნოდგრასი (21), 1:1 ბრანტი (49), 2:1 მაკოლი (62), 3:1 მორისონი (73)

ვესტ ჰემი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 მატა (63), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (78)
გაძევება: ფეგული (15 ვ.)

3 იანვარი

ბორნმუთი – არსენალი 3:3 (2:0)

გოლები: 1:0 დანიელსი (16), 2:0 უილსონი (20 პენ.), 3:0 ფრეისერი (58), 3:1 სანჩესი (70), 3:2 ლ.პერესი (75), 3:3 ჟირუ (92)
გაძევება: ფრანცისი (82 ბ.)

კრისტალ პალასი – სუონსი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მოუსონი (42), 1:1 ზაჰა (83), 1:2 რანხელი (88)

სტოკი – უოტფორდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 შოუკროსი (45+3), 2:0 კრაუჩი (49)

4 იანვარი

ტოტენჰემი - ჩელსი 2:0 (1:0)

გოლები: ალი (45+1; 54)

0.128224