ბლოგი

10:52 | 25.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალი წელი და პრემიერლიგა

რომ არა პრემიერლიგა და ინგლისელთა ფეხბურთისადმი ფანატიური სიყვარული, ქართველ ფეხბურთზე გულშევარდნილ კაცს ახალი წლის დღეებში რა ეშველებოდა? და განა მხოლოდ ქართველებს? ჩვენი პლანეტის კიდით-კიდემდე ყველა ქომაგი იმ ბრძენ ბრიტანელს ლოცავს, ვინც პირველად გადაწყვიტა, რომ ახალი წლის დღეებში ჩემპიონატის მატჩების ჩატარება შესაძლებელია და ეს საზეიმო განწყობას ნამდვილად არ აკნინებს - პირიქით!

ახალ წელს ნიგვზიან წვენში ჩაყურყუმელავებული ინდაურიც კარგია, კომბოსტოს “პლაშშემოსილი” ტოლმაც, კბილების მაოხრებელი გოზინაყიცა და გემრიელი კახური ღვინოც, მაგრამ განა რამდენი ხანი უნდა აბუყბუყო საცივი დარდიან გულგვამში? მერე ეს ჩვენებური გადაპატიჟება-გადმოპატიჟებების ამბებიც კარგად მოგეხსენებათ და საბოლოო ჯამში გამოვა, რომ ნაახალწლევს სრულიად უილაჯოდ დაბოდიალობ და სამსახურის კი არა, წვნიანის დახვრეპაზე ფიქრის თავიც კი არა გაქვს.

აი რატომაა დიდებული ინგლისის პრემიერლიგა! გაგანია 1 ან 2 იანვარს (გააჩნია როდის რა მატჩია) გათიშავ მობილურ ტელეფონს, მიივიწყებ საყოველთაო გნიასს და გადაეშვები საოცარ კუნძულურ ამბებში, სადაც ადგილობრივი არც მწვრთნელი უვარგათ, არც თავდამსხმელი, არც მეკარე და ტრიბუნაზეც ნაკლებად დალანდავ ვთქვათ ესპანეთში მოსიარულეებისთანა ლამაზმანებს, მაგრამ შენ იცი, რომ ეს დიადი ჩემპიონატია, სადაც ყველაზე გამორჩეული კლუბები თამაშობენ და სადაც იციან, რომ ახალ წელს ფეხბურთის თამაში დიახაც რომ ხსნაა და საშველია.

ამასწინათ ერთი ჩემი ფეხბურთზე გადარეული ნაცნობი მიყვებოდა, თუკი რაიმე მატჩები განსაკუთრეებულად მამახსოვრედება, ყველა ახალი წელის დღეებში მაქვს ნანახიო. ეს ასეც უნდა იყოს. ფეხბურთის სანახავად ადამიანები დროს პარავენ ახლობლებს, ნათესავებს და პირველ ყოვლისა დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და ამ “მოპარულ” დროს უძღვნიან საკუთარ თავს თავისი მთელი ძალმოსილებით. აბა ასეთი “ტანჯვით” ნანახი ფეხბურთის დავიწუება იქნება?!...

ჩვენში სამწუხაროდ არცთუ ბევრია მორალისტობაზე თავმდები ადამიანი და ეს ხალხი ალბათ იმასაც გვეტყვის, რომ ახალი წლის დღეებში ფეხბურთის ცქერა “ქართველობისა და წინაპრების” ღალატის ტოლფასია, მაგრამ სრული თავდაჯერებით გეტყვით, რომ ჩვენს წინაპრებს გადაბმულად ღვინის სმა ნამდვილად არ სჩვეოდათ და მათაც რომ ქონოდათ ტელევიზორი, ერთიდაიგივე სადღეგრძელოების (სხვათა შორის ჩვენმა წინაპრებმა სადღეგრძელეოებიც ნაკლებად იცოდნენ) ას სუფრაზე მოსმენას, ისინიც ჟოზე მოურინუოს დაქაჩული სიფათის ცქერას ამჯობინებდნენ.

ამასობაში და ამ პრემიერლიგის ლოცვა-კურთხევაში კი სულ დაგვავიწყდა მთავარი – ახალი წლის მოლოცვა. ამის გარეშე კი აბა როგორ იქნება?

“მსოფლიო სპორტი” წინასწარ გილოცავთ ახალ, 2017 წელს. გისურვებთ ყველაფერ კარგს, ლამაზსა და ნათელს. გისურვებთ თქვენი ოჯახისა და ჩვენი ბეჩავი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებას. ჩვენი მტერი დაკნინებულიყოს როგორც ლარი და საქართველო აღზევებულიყოს როგორც სიმღერა “პაპიტო”. იხარეთ და გქონდეთ მომავლის იმედი!

პ.ს. პრემიერლიგა მართლა მაგარი სანახავია ახალი წლის დღეებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110872