ავტოსპორტი

16:40 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ალფა რომეო“ ფ1-ში იტალიელი იუნიორების პლატფორმა შეიძლება გახდეს

„ფერარის“ პრეზიდენტი სერჯო მარკიონე ამბობს, რომ თუ „ალფა რომეო“ ფორმულა 1-ში დაბრუნდება, ის ახალგაზრდა ნიჭიერი იტალიელი პილოტებისთვის, სამეფო რბოლებში შეღწევის პლატფორმა შეიძლება გახდეს. თავად „ფერარი“ ძალიან იშვიათად იწვევს იტალიელ მრბოლებს. თუმცა ახლახანს სარეზერვო პილოტად ანტონიო ჯოვანაცი აიყვანა, რომელსაც გასულ სეზონში ძალიან წარმატებული დებიუტი ჰქონდა GP2-ში.

2011 წლის ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ, ფორმულა 1-ში იტალიელ პილოტებს არ უასპარეზიათ. დიდი პრიზების ცირკში ბოლო იტალიელი მრბოლები იარნო ტრული და ვიტანტონიო ლიუცი იყვნენ. „ფერარის“ ბოლიდს კი იტალიელთაგან ბოლო ჯანკარლო ფიზიკელა მართავდა. ეს 2009 წლის სეზონში მოხდა, როცა ფიზიკომ მძიმედ ტრავმირებული ფელიპე მასა შეცვალა.

„ახალგაზრდა იტალიელი პილოტებისთვის, „ალფა რომეო“ კარგი ბაზა შეიძლება იყოს ფ1-ში შესაღწევად. საუკეთესო მათგანი, ჯოვანაცი უკვე ჩვენთანაა. მაგრამ მის გარდა, არიან სხვებიც, რომლებსაც გზის გაკვლევა უჭირთ. ჩვენს კლიენტ გუნდებზე მეტად, სწორედ „ალფა რომეოს“ შეუძლია მათთვის ამ საქმეში დახმარების გაწევა“, - ამბობს მარკიონე.

„ფიატ-კრაისლერის“ შეფს სურს, რომ ფ1-ში „ალფა რომეო“ დააბრუნეს, სადაც ის „ფერარის“ მხარდაჭერით ისარგებლებს და რეალურად, მისი ფარმ გუნდი იქნება, როგორიც „რედ ბულისთვის“ არის „ტორო როსო“. მაგრამ მარკიონე იმასაც დასძენს, რომ ეს მანამ არ მოხდება, სანამ „ალფა რომეო“ სერიული საგზაო ავტომობილების რამდენიმე უახლოეს პროექტს განახორციელებს.

მარკიონე ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი ჰქონდა „ფერარის“ გუნდის შეფ მაურიციო არივაბენესთან და ტექნიკურ დირექტორ მატია ბინოტოსთან. მათ განხილეს, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ფ1-ში „ფერარის“ და „ალფა რომეოს“ თანამშრომლობა. თუმცა, ამ ეტაპზე მილანური კომპანიისთვის მთავარი საზრუნავი საგზაო ავტომობილების წარმოებაა, რასაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი სჭირდება.

„ფერარის“ ახალგაზრდა პილოტების განვითარების საკუთარი სკოლა აქვს, რომლის ორი წევრი - მონაკოელი შარლ ლეკლერი და იტალიელი ანტონიო ფუოჩო, მომავალი სეზონიდან GP2-ში იასპარეზებენ. მაგრამ ახალგაზრდა ნიჭიერი პილოტების გამოჩენა არ ნიშნავს, რომ ისინი „ფერარიში“ სებასტიან ფეტელს და კიმი რაიკონენს შეცვლიან.

მარკიონე ამბობს, რომ მისი მიდგომა „რედ ბულისგან“ განსხვავებულია. მისი თქმით, არ აპირებს „რედ ბულის“ მრჩეველ ჰელმუტ მარკოსთვის მიბაძვას, რომელმაც შუა სეზონში მაქს ფერსტაპენი „ტორო როსოდან“ მთავარ გუნდში გადაიყვანა. „ეს იშვიათი შემთხვევაა, რომლის გამეორებასაც არ ვაპირებთ. ჩვენ მოგვწონს ჯოვანაცი, რადგან ის შესანიშნავი პილოტია. „სკუდერიას“ უნდა ჰყავდეს რამდენიმე ახალგაზრდა პილოტი, ვინც საჭიროების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთვება. ჩვენ არ ვიცით, მომავალ სეზონის შემდეგ, კიმი გააგრძელებს გამოსვლებს, თუ არა. მეორე მხრივ, სებსტიანს სჭირდება, რომ უკეთ შეიგრძნოს მანქანა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ისეთი მანქანა მოვუმზადოთ, როგორიც სჭირდება“.

0.11877