ფეხბურთი

1:17 | 22.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგი" კედელს შეეჯახა - "ბაიერნი" ზამთრის ჩემპიონია

ზღაპრის დასასრული ისეთი არ გამოდგა, როგორსაც გვასწავლიდნენ – ყოველშემთხვევაში, ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონი დებიუტანტი “ლაიპციგი” ვერ გახდა. მიუნხენში, რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა უშანსოდ წააგო და რომ არა, “ბაიერნის” ლმობიერება მეორე ტაიმში, ვინ იცის, რა ანგარიშით დასრულდებოდა.

პირველი წრის ფინალური შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. თავიდან უპირატესობას რალფ ჰასენჰუტლის გუნდი დაეფუფლა, მაგრამ ყველაფერი მოჩვენებითი გამოდგა – “ბაიერნმა” კლასის ხარჯზე ანგარიში მალევე გახსნა. ტიაგო ალკანტარამ დაუცველ კარში ადვილად გადაგზავნა ბურთი. საერთოდ, ესპანელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. მალევე, ჩაბი ალონსოს ჩინებული პასი გაუკეთა და – 2:0. ნათელი იყო, რომ “რეკორდმაისტერი” 3 ქულას ხელიდან არ გაუშვებდა. 30-ე წუთზე ემილ ფორსბერგმა დუგლას კოშტას წინააღმდეგ მოედნის ცენტრში იმდენად იუხეშა, რომ ფელიქს ცვაიერმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. არადა, “ლაიპციგის” კარგი თამაში მიმდინარე სეზონში შვედ ფეხბურთელზე დიდადაა დამოკიდებული. სანამ ტაიმი დასრულდებოდა, მასპინძლებმა კიდევ გაიტანეს. სტუმართა მეკარემ კოშტა წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ გოლად აქცია. სხვათა შორის, პოლონელმა ბუნდესლიგაში 133-ე გოლი შეაგდო და ჯოვანი ელბერი უკან ჩამოიტოვა. პენალტის დანიშვნის ეპიზოდს რაც შეეხება - ცვაიერმა გულაჩსი დაინდო, თორემ ბოლო იმედის ჯარიმა იყო და ვინძლო, გაეგდო კიდეც კიპერი.

მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ “რეკორდმაისტერმა” მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვია მაშინ, როდესაც დაცვის ხაზში ერტად მოქმედებდნენ ლამი, მარტინესი, ჰუმელსი და ალაბა. დღესაც ასე იყო - “ბაიერნმა” სეზონის განმავლობაში წარმოქმნილი პრობლემების მიუხედავად ზამთრის ჩემპიონობა მაინც მოიპოვა. “ლაიპცგზე” კი კარგის მეტი რა ითქმის – მეორე ადგილიც დიდებული შედეგია და გაზაფხულზეც ამ პოზიციაზე რომ იყვნენ, ეჭვი მაქვს, “ლაიპციგის” ყველა გულშემატკივარი თანახმა იქნება. ისე, რომ არა, ორი კვირის წინ, აუტსაიდერ “ინგოლშტადტთან” არ წაეგო, წელი პირველ პოზიციაზე დაესრულებინა.

2016 წლის დარჩენილ მატჩებს რაც შეეხება – მესამე ადგილზე შეხვედბა ახალ წელს ბერლინის “ჰერტა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ “დარმშტადტს” მეორე ტაიმში გატანილი ორი გოლით მოუგო დამაჯერებლად. თუმცა, ასე არ იქნებოდა, “ჰოფენჰაიმს” რომ ევარგა და შინ ბრემენის “ვერდერთან” სამი ქულა აეღო. არადა, “სოფლელები” პირველი ტაიმის მერე ვაგნერის გოლით იგებდნენ, მაგრამ სერჟ გნაბრიმ 87-ე წუთზე გამარჯვება ხელიდან გამოაცალა “ჰოფეს”. ისიც ვთქვათ, რომ “ვერდერს” 5 ტურია არ წაუგია და ეს ამ გუნდის საუკეთესო სერიაა 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ.

გამარჯვება დაავიწყდა “კიოლნს” – “თხებს” უკვე 5 თამაშია არ მოუგიათ (4 ფრე, 1 წაგება). ამჯერადაც შინ ლევერკუზენის “ბაიერთან” ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ენტონი მოდესტეს გოლით იგებდნენ. 2017 წელს გასავარდნ ზონაში შეხვდება “ინგოლშტადტი”, რომელიც შინ “ფრაიბურგთან” დამარცხდა და მხოლოდ “დარმშატდს” უწსრებს ცხრილში.

“ბაიერნი” – “ლაიპციგი” (3:0)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა (ბერნატი 67); ვიდალი (კიმიხი 74), ალონსო; რობენი (რიბერი 46), ალკანტარა, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ლაიპციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; ბერნარდო, ილსანკერი, ორბანი, ჰა;სტენბერგი; კეიტა (კაიზერი 46), დემე; ზაბიცერი (ბურკი 83), ფორსბერგი; პოულსენი, ვერნერი (სელკე 59)

მწვრთნელი: რლფ ჰასენჰუტლი

გოლები: 1:0 ალკანტარა (17), 2:0 ალონსო (25), 3:0 ლევანდოვსკი (45, პენ)

გაფრთხილება: ვიდალი (56) – ზაბიცერი (58)

გაძევება: ფორსბერგი (30)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (11) – 5 (2) ბურთის ფლობა: 71%-29% კუთხურები: 9:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

“კიოლნი” – “ლევერკუზენი” 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 მოდესტე (22), 1:1 ვენდელი (44)

“ჰერტა” – “დარმშტადტი” 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 პლატენჰარდტი (54), 2:0 კალუ (66)

“ჰოფენჰაიმი” – “ვერდერი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვაგნერი (26), 1:1 გნაბრი (87)

“ინგოლშტადტი” – “ფრაიბურგი” 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ნიედერლეჩნერი (34, პენ), 0:2 ნიედერლეჩნერი (41), 1:2 სუტნერი (53)

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 16 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 13, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 12, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) – 9, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 9, ვედად იბიშევიჩი (“ჰერტა”) – 8.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147333