ბლოგი

13:25 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნაგავი და “კაიბიჭობა”

წინა თვეში ორჯერ მომიწია “ლოკომოტივის” სტადიონზე მისვლა და ორივეგან რაც თვალი მომხვდა, ის იყო, რომ სტადიონის ტრიბუნები ნაგვით იყო სავსე და სკამზე ჩამოჯდომა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სკამები იყო ტალახიანი და სველი და მათ გაწმენდას მოხერხების გარდა მთელი რიგი სადეზინფექციო საშუალებები ჭირდებოდა. ერთი სიტყვით, ამ სტადიონზე საშინელი ანტისანიტარია სუფევდა და ეს ბევრისთვის სამწუხაროდ ბუნებრივი ამბავი გახდა.

ამასწინათ ქუჩაში ერთი ნაცნობი შემხვდა, რომელმაც რატომღაც საჭიროდ ჩათვალა, რომ თავისი ყოფითი პრობლემები ჩემთვის გაემხილა. როგორც გაირკვა ეს კაცი ყველაზე მეტად იმ სიბინძურესა და ანტისანიტარიას უჩიოდა რაც მისივე თქმით მოუგვარებელი პრობლემა იყო საცხოვრებელი კორპუსის ბინადართათვის.

"ბავშვი ცურვაზე დამყავდა და გამოვიყვანე, რადგან წყალს ხშირად არ ცვლიდნენ და საშინელი სიბინძურე იყო. სახლში კიდევ სადარბაზოში შესვლა მეზიზღება ისეთი საზიზღარი სუნია და იმდენი ნაგავი ყრია ფეხს ვერ აუქცევ" - შემომჩიოდა ისე, თითქოს, სპორტის სამინისტროს ან მერიის თანამშრომელი ვიყო და ქალაქის დასუფთავების სამსახურს ვხელძღვანელობდე. მერე იმით დავინტერესდი მისი მეზობლები და თვითონ რატომ არ წმენდდნენ დანაგვიანებულ სადარბაზოს და იცით რა მითხრა?! "დავწმინდო, რა მენაგვე კი არა ვარ? რას მიკეთებს მერია, მოვიდნენ, კეთილი ინებონ და დამიწმინდონ".

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ სურვილი გამიჩნდა ეს კაცი და მისი "არამენაგვე" მეზობლები მაშინ მენახა ნაგვის მზრდადი გროვა მათ სახლებამდე როცა მიაღწევდა და შვილის საძინებელ ოთახში კურატივით ჩასუქებულ დედალ-მამალ ვირთხებს რომ იპოვიან.

გასაგიჟებელი ამბავია პირდაპირ. ხალხი გვქვია, არჩევნებს ვატარებთ, გაეროს დოქტრინის მართებულობაზე ვმსჯელობთ და ჩვენი სახლის შორი-ახლოს დაყრილი ნაგავი ვერ გადაგვიყრია. სტადიონებზე არსებულ სიბინძურეს ვეგუებით, ნაგვის გატანა "გვიტყდება", "ტაჭკების" თრევა "გვიტყდება", ხეების დარგვა არ გვინდა, სკვერებში ნაგვის დამყრელ ღლაპებს ყურებს არ ვუწითლებთ და მაინც ურცხვად ვაცხადებთ პირველი ევროპელები ვართო. ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის ეს..

თბილისზე ბევრად პატარა გერმანიის ქალაქ ერფურტში 200-ზე მეტი სამეზობლო ამხანაგობაა შექმნილი, თბილისში კი მხოლოდ 2. ერფურტს არანაერი განსაკუთრებული ისტორია არ გააჩნია, მაგრამ ქალაქის ერთადერთი მუზეუმის ეზოში "ბიჩოკის" დაგდებას არავინ იკადრებს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ ამერიკული კრედიტით გერმანიაში გზების დაგება და ფასადების ღებვა მასიურად, რომ დაიწყეს ერფურტელები ერთად მსჯელობდნენ რომელ სახლს რა ფერის ფასადი მოუხდებოდა და მასონები არავის მოლანდებია.

დღეს ერფურტის საფეხბურთო გუნდი სადღაც "ჭ" ლიგაშია და ყველამ იცის, რომ გუნდს, რომ ეშველოს სტადიონზე ბოთლები კი არ უნდა ისროლო და მსაჯს აგინო, არამედ აბონიმენტები უნდა იყიდო და პატიოსნად უნდა უგულშემატკივრო, სანამდეც შეგეძლება და როდემდეც შეგეძლება. ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით უცხოა და ამიტომაცაა, რომ დაუფარავი აღტაცებით და ფარული შურით შევცქერივართ ევროპის დაგვილ, დასუფთავებულ ქალაქებს სადაც ხალხს ნაგვის დაყრის გამო პოლიცია მიარბენინებს და "აქ პარკი არ დააგდოო" უცხო კაცისთვის ამის მითითება "არაკაიბიჭურ" საქციელად სულაც არ ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116441