ფეხბურთი

23:28 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა: "ლაიპციგი" კვლავ გალიდერდა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგას XV ტურის შემდგომ სათავეში ისევ “ლაიპციგი” ჩაუდგა. ყოველშემთხვევაში, მინიმუმ ერთი დღით ნამდვილად – რალფ ჰასენჰუტლის გუნდმა მობილიზება მოახერხა და ერთი კვირის წინ განცდილი მარცხის შემდგომ, საკუთარი თავის რწმენა დიბრუნა.

“რედ ბულს” დღეს სულაც არ ჰქონია ადვილი თამაში, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ ბერლინის “ჰერტას” ეთამაშებოდა. გუნდის, რომელიც ასევე ჰაერივით საჭიროებს ქულებს. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა წარბი არ შეიხარეს – თითო ტაიმში თითო გოლით “ლაიპციგმა” ესოდენ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ზამთრის ცემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. “ლაპიციგი” ახლა “ბაიერნს” სამი ქულით უსწრებს, თუმცა მიუნხენური გიგანტი მე-15 ტურის მატჩს კვირას ჩაატარებს. რაც შეეხება “ჰერტას”, პალ დარდაის გუნდმა მიჯრით ორი თამაში წააგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება: აღსანიშნავია, “შალკეს” მორიგი წაფორიხილებ. ამჯერად შინ, 60 ათასი ქომაგის თვალწინ “ფრაიბურგთან”. არადა, “ფრაი” ის გუნდია, გასვლაზე თამაში რომ ძალიან უჭირს. მიუხედავად ამისა, “ხუმარები” მარცხს გადაურჩნენ... ევგენი კონოპლიანკამ ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

დიდებული დღე ჰქონდა “მაინცის” მცველ დანი ლატცას, ვინც “ჰამბურგთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა და მასპინძლებმა 3:1 მოიგეს. საგულისხმოა, რომ ლატცა გახდა 2006 წლის 9 დეკემბერის შემდგომ პირველი მცველი, რომელმაც ბუნდესლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მაშინ იგივეს გაკეთება ბრემენის “ვერდერის” მცველმა, ნალდომ მოახერხა.

კვლავ წააგო “გლადბახმა” ამჯერად სტუმრად “აუგბსბურგთან” და წესით, “ბორუსიას” ძალზე უნდა გაუჭირდეს ბოლო ორი სეზონის შედეგის გამეორება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. სამაგიეროდ, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მოსახვედრად პრეტენზიას აცხადებს “კიოლნი”. თუმცა, “თხები” ბოლო ხანებში დამაჯერებლად ვეღარ ირჯებიან. ამჯერადაც, ბრემენში კი უგებდნენ, “ვერდერს”, მაგრამ სერჟ გნაბრის გოლით “მუსიკოსებმა” ქულა გადაარჩინეს.

დღევანდელი დღის დასკვნით მატჩში კი პატარა სენსაცია გამოცხვა. წლების წინ ან თუნდაც შარშან ეს მოულოდნელობა არ იქნებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში "ვოლფსბურგი" იმდენან ცუდად თამაშობს და "აინტრახტი" იმდენად კარგად, რომ ამ გუნდთა დაპირისპირებაში "მგელთა" გამარჯვება ცოტა მოულოდნელიც კი გახლავთ. ვალერიან ისმაილის გუნდს ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა ჰოლანდიელი ჯეფრი ბრუმას გოლმა მოუტანა.

“აუგსბურგი” – “გლადბახი” 1:0 (0:0) VIDEO

გოლი: 1:0 ჰინტერეგერი (75)

“მაინცი” – “ჰამბურგი” 3:1 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 ვუდი (21), 1:1 ლატცა (35), 2:1 ლატცა (56), 3:1 ლატცა (67)

“ლაიპციგი” – “ჰერტა” 2:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ვერნერი (40), 2:2 ორბანი (62)

“შალკე” – “ფრაიბურგი” 1:1 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 ნიდერლეჩნერი (64), 1:1 კონოპლიანკა (75)

“ვერდერი” – “კიოლნი 1:1 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 რუდნევსი (28), 1:1 გნაბრი (40)

“ვოლფსბურგი” – “აინტრახტი” 1:0 (1:0) VIDEO

გოლი: 1:0 ბრუმა (33)

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 16 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 12, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 11, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 9, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) – 8, ვედად იბიშევიჩი (“ჰერტა”) – 8.

თეგებიბუნდესლიგა
0.423798