ფეხბურთი

1:56 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"პიპიტამ" "იუვეს" დერბი დელა მოლე მოაგებინა

იტალიის სერია A-ს XVI ტურის შემდეგ ლიდერსა და მდევრებს შორის ქულათა სხვაობა გაიზარდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ “რომა” და “მილანი” თავიანთ შეხვედრებს ორშაბათს ჩაატარებენ. უფრო სწორად, ერთმანეთში ითამაშებენ.

მანამდე კი, “იუვენტუსმა” რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა ტურინულ დერბიში. “დერბი დელა მოლე” მთელი თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და ადვილი შესაძლებელი იყო “იუვეს” ვერც მოიგო, მაგრამ უფრო მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ თავისი გაიტანა – “ბებერი სინიორას” გატანილი სამივე გოლიც კლასის გამოძახილი იყო. თუმცა, მანამდე, “ტორინო” დაწინაურდა: დანიელე ბაზელის გადაცემას ანდრეა ბელოტი გამოეხმაურა და ჯიჯი ბუფონს თავურით შანსი არც დაუტოვა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდის სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მალევე, გონსალო იგუაინი დარჩა ჯო ჰარტთან პირისპირ და გაათანაბრა. ამ ეპიზოდში ცალკე გამოსაყოფია მარიო მანჯუკიჩის ფანტასტიური საგოლე გადაცემა – ქუსლით...

თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, როდესაც “პიპიტამ” დუბლი გაიფორმა. მცველთან ჭიდილში ბურთი მიიღო, დაამუშავა და ისე მოხდენილად და ზუსტად გადაგზავნა კარში, თქვენგან მოწონებული – 1:2. “დერბი დელა მოლეს” წერტილი მირალემ პიანიჩმა დაუსვა მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში. აქ უკვე პაულო დიბალამ გაიბრწყინა, როდესაც მარჯვენა ფლანგზე “ხარების” მცველები ერთი ამოსუნთქვით გაიარა... მთლიანობაში “ტორინო” მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი – “იუვენტუსმა” ბოძებული შანსი მეტად გამოიყენა და ახლა 39 ქულით ლიდერობს გათამაშებას.

დღევანდელი მატჩებიდან უდაოდ გამოსაყოფია “ნაპოლის” წარმატება კალიარიში. სარდინიაზე მაურიციო სარის გუნდმა გოლეადა მოაწყო და 5:0 იმარჯვა. ჰეთ-თრიქით გამოირჩა დრის მერტენსი, რომელიც გადასარევ სეზონს ატარებს. სხვათა შორის, “ნაპოლიმ” თებერვლის მერე პირველად მოიგო გასვლაზე ზედიზედ ორი თამაში.

ბევრისთვის მოულოდნელად შინ წააგო ბერგამოს “ატალანტამ” აუტსაიდერ “უდინეზესთან”. არადა, ლომბარდიელები ჩინებულად თამაშობდნენ აქამდე, მაგრამ როგორც ჩანს, მათზე უარყოფითი გავლენა იქონია წინა ტურში “იუვენტუსთან” მარცხმა. კვლავ არ ჩანს სიცილიური “პალერმოს” საშველი, რომელიც ამჯერად “რენცო ბარბერაზე” ვერონას “კიევოსთან” უშანსოდ დამარცხდა – 0:2. აღსანიშნავია, რომ “მფრინავი ვირების” უბერებელმა კაპიტანმა სერჯო პელისიერმა სერია ა-ში საიუბილეო, მეასე გოლი გაიტანა.

ამავე ტურის კიდევ ერთი მატჩი “ბოლონიასა” და “ემპოლის” შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ჩვენთვის საინტერესო ამ მატჩში ის მოხდა, რომ როგორც იქნა, 90 წუთი გაისარჯა ტოსკანელთა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე.

დღევანდელი დღის დასკვნით მატჩში მოიგო მილანის “ინტერმა” – “ნერაძურიმ” საკუთარ კედლებში “ჯენოას” თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით აჯობა. ორივე ბურთი მარსელო ბროზოვიჩმა გაიტანა, რომელსაც რონალდ დე ბური არაფრით სწყალობდა, მაგრამ სტეფანო პიოლისთვის ხორვატი დასაყრდენი მოთამაშეა.

XVI ტური ორშაბათს ორი მატჩით დასრულდება. მათ შორის, ერთი უდაოდ გამორჩეულია – რომში, “რომა” “მილანს” უმასპინძლებს.

“კალიარი” – “ნაპოლი” 0:5 (0:2)

გოლები: 0:1 მერტენსი (34), 0:2 ჰამშიკი (45), 0:3 ზიელინსკი (51), 0:4 მერტენსი (69), 0:5 მერტენსი (72)

“ბოლონია” – “ემპოლი” 0:0 (0:0)

“პალერმო” – “კიევო” 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბირსა (14), 0:2 პელისიერი (49)

“ტორინო” – “იუვენტუსი” 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ბელოტი (16), 1:1 იგუაინი (32), 1:2 იგუაინი (82), 1:3 პიანიჩი (90)

“ატალანტა” – “უდინეზე” 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ძაპატა (45), 1:1 კურტიჩი (47), 1:2 ფოფანა (72), 1:3 ტერო (87)

“ინტერი” – “ჯენოა” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბროზოვიჩი (38), 2:0 ბროზოვიჩი (69)

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 12 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 12, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 11, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 9, ჩირო იმობილე (“ლაციო”) – 9.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.377457