ფეხბურთი

15:39 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” საქართველოს ჩემპიონია

საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” საქართველოს ჩემპიონია – ისტორიაში პირველად უწია იმერულმა გუნდმა აღნიშნულ წარმატებას. გია ცეცაძის გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატის ფინალურ რაუნდში “ჩიხურა” დამაჯერებლად დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში – 4:2.

ერთი კვირის წინ, ქვემო იმერლებმა “ეროსი მანჯგალაძეზე” ბუდუ ზივზივაძის დუბლით მოიგეს, დღეს კი, “დინამო არენაზეც” იგივე სცენარით განვითარდა მატჩი, ერთი ეგაა მეორე მატჩის მოგება ვეღარ შესძლეს – გია ცეცაძის გუნდი მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა და დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი. ასეთ წარმაატებას პატარა იმერულმა გუნდმა პირველად უწია.

პირველი ტაიმი ერთობ მოსაწყენი სანახავი გამოდგა – მომენტები თითქმის არ ყოფილა, არც გუნდების უცდიათ. ეს განსკუთრებით “ჩიხურას” ევალებოდა, რადგან პირველი თამაში 0:2 ჰქონდა წაგებული. მიუხედავად ამისა, სოსო ფრუიძის შეგირდები პირველ 45 წუთში ერთადერთ სახიფათო მომენტს გამორჩნენ: სარდალიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან მართლაც სახიფათოდ გაისროლა, თუმცა ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა დარტყმა. იმ დროისთვის “სამტრედია” უკვე წინ იყო გასული: ტაიმის მიწურულს შოთა კაშიამ ბუდუ ზივზივაძესთან თამაშის წესი დაარღვია და ლაშა სილაგავამ თერთმეტრიანის ნიშნულისკნე მიუთითა – ბაჩო არაბულს გატანა არ გასჭირვებია. შესვენებაზე “სამტრედია” ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა. ფაქტი იყო, რომ დარჩენილ 45 წუთში საჩხერელები რადიკალურად სიტუაციას ვეღარ შეცვლიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისიც ანალოგიური სანახავი გამოდგა – “ჩიხურა” ვერ ამწვავებდა სიტუაციას სათანადოდ, “სამტრედიას” კი უბრალოდ აღარ სჭირდებოდა ფეერიული თამაში. მიუხედავად ამისა, მე-60 წუთზე გია ცეცაძის გუნდმა დიდებული კონტრშეტევა განახორციელა და მეორე ბურთი შეაგდო: ბუდუ ზივიზვაძემ მეკარესთან ერთი შეხებით დატოვა გიორგი დათუნაიშვილი, რომელმაც დინო ჰამზიჩს ბურთი მოხდენილად გადაუგდო თავზე – 0:2.

დარჩენილ დროში ნომინალურმა მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს – გიორგი გაბედავამ კარგი პასით ბესიკ დეკანოიძე მეკარესთან ერთ-ერთზე დატოვა და საჩხერელეთა შემტევმა ადვილად გაიტანა – 1:2. აღსანიშნავია, რომ “სამტრედიას” ორბურთიანი სტატუსქვოს აღდგენა მალევე შეეძლო: დავით ჯიქიას ბრწყინვალე გადაცემის მერე, ბუდუ ზივზივაძე დარჩა ჰამზიჩთან პირისპირ, მაგრამ ვერ ივარგა და მომენტი ქარს გაატანა.

“ჩიხურამ” ბოლომდე იბრძოლა და მეორე მატჩი მაინც არ წააგო – შეხვედრის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, ჯიქიამ საჯარიმოში გრიგალაშვილი რომ წააქცია. მსაჯმა კი, პენალტი დანიშნა, რომელიც საბა ლობჟანიძემ ზუსტად დაარტყა. სხვათა შორის, ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მერეც ჰქონდათ მასპინძლებს, მაგრამ მეტი ვეღარ შესძლეს.

ლაშა სილაგავას საფინალო სასტვენმა კი “სამტრედიას” ჩემპიონობა გვამცნო, რასაც “დინამო არენას” ტრიბუნაზე შეკრებილი ქმაგების ზეიმი მოჰყვა.

“სამტრედია” დამდეგ ზაფხულ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ისე კი, უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდამავალ ჩემპიონატს ნამდვილად ღირსეული ჩემპიონი ჰაყავს...

“ჩიხურა” – “სამტრედია” 2:2 (0:1) ორი მატჩის ჯამში: 2:4

თბილისი, “დინამო არენა”

მაყურებელი: 5 000

“ჩიხურა” (4-2-3-1): ჰამზიჩი; გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე; განუგრავა (დეკანოიძე 46), კაკუბავა; ლექვთაძე, სარდალიშვილი, ლობჟანიძე; მუმლაძე (გაბედავა 46)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი; დათუნაიშვილი, მანჯგალაძე; ჯიქია (გამყრელიძე 65), არაბული (მარკოზაშვილი 73), რაჟამაშვილი; ზივზივაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 0:1 ზივზივაძე (41, პენ), 0:2 დათუნაიშვილი (60), 1:2 დეკანოიძე (82), 2:2 ლობჟანიძე (90, პენ)

გაფრთხილება: კაშია (40), კაკუბავა (67)

მსაჯი: ლაშა სილაგავა

0.261757