ფეხბურთი

15:26 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

SBM League 2016/17: კალაძის მესამე „პოკერი, იაშვილის მესამე „ჰეთ თრიკი“...

4 დეკემბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. მეოთხე ტურის შეხვედრები სუპერლიგის გუნდებმა გამართეს.

კვირა დღე სუპერლიგა B-ს შეხვედრებით დაიწყო. სასტარტო დაპირისპირებაში, უკვე გათამაშების ფავორიტმა, Funday Entertainment-ის გუნდმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია დამაჯერებლად 7-1.

საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა ჯვაროსნები 2-ისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის დაპირისპირებაც. მიუხედავად მატჩის დასაწყისში ჯვაროსნების მიერ მოპოვებული ორ ბურთიანი უპირატესობისა, „სტუდენტებმა“ მაინც შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ ფრე 3-3.

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა ევროკრედიტისა და ვივუსის საფეხბურთო გუნდების შეხვედრა. მატჩი ორ მხრივ იერიშებში, საკმაოდ სანახაობრივად წარიმართა. გარდამტეხი შეხვედრის ბოლო ორი წუთი აღმოჩნდა, სადაც თავი უკეთ ალიკ სარქისიანის შეგირდებმა წარმოაჩინეს - 3-1 ევროკრედიტის სასარგებლოდ.

წარმატებული სტარტის შემდეგ, ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო თელავმა. კახელების მეტოქე ამჯერად საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი იყო. მატჩის დასაწყისი თელაველთა უპირატესობით წარიმართა, რაც მეტოქის კართან შექმნილ რამოდენიმე რეალურ საგოლე ეპიზოდეც აისახა, სადანაც ერთი გოლადაც იქცა. ამის შემდეგ მათ კიდევ მიეცათ გოლის გატანის შანსი, თუმცა მალევე ამოქმედდა ფეხბურთის დაუწერელი კანონი და მეკარის შეცდომის შედეგად საპასუხო გოლი თელაველთა კარში გავიდა. რასაც ტაიმის მიწურულს „ანალოგიური მიზეზით“ მეორე გოლიც მოყვა. ამის შემდეგ მატჩის სადავეები „სტუდენტებმა“ იგდეს ხელთ და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერეს აქტივში - 4-2.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ზესტაფონის „ფერომ“. იმერლებს ვერც რიკოთის უღელტეხილზე მძიმე კლიმატური პირობების გამო მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ შეუშალა ხელი და ვერც უნიკრედიტმა, რომ ზედიზედ მეორე წარმატება ეზეიმათ. 3-0 ფეროს სასარგებლოდ.

ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ 9-9 ქულით სატურნირო ცხრილს Funday Entertainment-ი, საქართველოს უნივერსიტეტი და ფერო ლიდერობენ.

04.11.2016. სუპერლიგა B. IV ტური

ეთა - FUNDAY ENT 1:7

სკ ჯვაროსნები 2 - კსუ/CIU 3:3

სკ ევროკრედიტი - FC VIVUS.GE 3:1

FC UG - სკ თელავი 4:2

UNICREDIT.GE - სკ ფერო (ზესტ) 0:3

კვირასვე გაიმართა სუპერლიგა A-ს მეოთხე ტურის შეხვედრები, საიდანაც დაძაბული მხოლოდ ერთი გამოდგა.

სუპერლიგა B-ს სასტარტო მატჩის მსგავსად, ანალოგიური ანგარიშით,7-1 დასრულდა სუპერლიგა A-ს მეოთხე ტურის პირველი შეხვედრაც, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას“ სძლია. იმერლები ჯერაც ვერ ახერხებენ პირველი ქულების მოპოვებას.

წარმატებული გამოდგა ალიკ სარქისიანის დებიუტი მფკ ნატახტარის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტრადიციულ მეტოქეს, სკ ჯვაროსნებს დაუპირისპირდა. მიუხედავად შედეგიანი დასაწყისისა, ჯვაროსნებმა შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა, მეტოქე ანერვიულეს კიდეც, თუმცა მათ შემტევს კახაბერ გოგოხიას ვერაფერი დაუპირისპირეს და ამ უკანასკნელმაც ჰეთ თრიკი მიითვალა, რითიც დიდწილად დაეხმარა ნატახტარს მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში - 4-3.

წინა ტურში სფფ-სგან მიღებული „ცივი შხაპის“ შემდეგ, კვლავ განაგრძობს წარმატებულ ასპარეზობას პსპ. ბესო არველაძის გუნდის მეტოქე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის საფეხბურთო გუნდი იყო, რომლის ძლევაც „ფარმაცვეტებს“ არ გასჭირვებიათ - 6-1.

უდანაკარგოდ განაგრძობს ასპარეზობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი გუნდი. მათი მომდევნო „მსხვერპლი“ ტელეკომპანია იმედის საფეხბურთო გუნდი აღმოჩნდა. 9-3 და ოთხიდან ოთხი მოგებით სფფ ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. ცალკე აღნიშვნის ღირსია კალაძე-იაშვილის ტანდემი. ამ შეხვედრაში ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში მესამე პოკერი შეასრულა და 13 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას, სადაც მისი უახლოესი მდევარი 9 გოლით მისივე თანაგუნდელი ალექსანდრე იაშვილია, რომელმაც ამ ტურში მესამე ჰეთ თრიკი მიითვალა. სამაგიეროდ ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი 11 შედეგიანი გადაცემით არის უკონკურენტო. ოთხი ტურის ტურის შემდეგ სფფ-ს ანგარიშზე 30 გატანილი გოლია, საიდანაც 22 (!) ამ დუეტზე მოდის

04.12.2016. სუპერლიგა A. IV ტური

GM ჭიათურა - სდსს 1:7

სკ ჯვაროსნები - მფკ ნატახტარი 3:4

CFCP – FC PSP 1:6

სფფ - ტვ იმედი 9:3

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“.

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

0.11621