ფეხბურთი

23:19 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ბორნმუთის” სასწაული “დინ კურტზე”

პრემიერლიგის მე-14 ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. საოცარი შეხვედრა შედგა “დინ კურტზე”, სადაც მასპინძელი “ბორნმუთი” 75-ე წუთამდე 1:3-ს აგებდა “ლივერპულთან”, თუმცა ედი ჰაუს შეგირდებმა სასწაული შეძლეს და შეხვედრის შემობრუნება მოახერხეს.

“ლივერპული” პირველ ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც მანეს და ორიჯის გოლებში აისახა და შესვენებაზე სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში კი, ყველაფერი შეიცვალა და თამაშს უკვე მასპინძლები აკონტროლებდნენ. 56-ე წუთზე უილსონმა პენალტით ერთი ბურთი გაქვითა და თავისიანები თამაშში დააბრუნა, თუმცა მალევე ემრე ჩანმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და თითქოს, “ბორნმუთის” მარცხი გარდაუვალი იყო...

მაგრამ, ედი ჰაუს კრებულს ყურები არ ჩამოუყრია და დარჩენილ დროში საკუთარი გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანეს. 76-ე წუთზე მასპინძლებმა უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ფრეისერის ზუსტი დარტყმით დასრულდა. ორ წუთში კი, დაცვის შეცდომით კუკმა ისარგებლა და ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა. “ბორნმუთმა” გამარჯვება 93-ე წუთზე მოიპოვა: კარიუსის შეცდომით (ცხვირწინ მოიგერია ბურთი) ნათან აკემ ისარგებლა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 4:3.

მეორე მატჩში “ევერტონმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და წაგებას ასევე ბოლოსკენ გადაურჩა. სტუმრები ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით იგებდნენ, მაგრამ 88-ე წუთზე მარუან ფელაინიმ საკუთარ საჯარიმოში გაიე წააქცია, რასაც მათ კარში დანიშნული პენალტი და ლეიტონ ბეინსის გოლი მოჰყვა – 1:1.

ბორნმუთი – ლივერპული 4:3 (0:2)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი, კუკი, აკე, ფრანცისი, ა.სმიტი, არტერი, გოსლინგი (აფობი 75), უილშირი, კინგი (აიბი 46), სტანისლასი (ფრეისერი 55), უილსონი.
მწვრთნელი: ედი ჰაუ

ლივერპული (4-3-3): კარიუსი, ლოვრენი, ლეივა, მილნერი, კლაინი, ჰენდერსონი, ჩანი, ვეინალდუმი, მანე (ლალანა 69), ფირმინო, ორიჯი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 მანე (20), 0:2 ორიჯი (22), 1:2 უილსონი (56 პენ.), 1:3 ჩანი (64), 2:3 ფრეისერი (76), 3:3 კუკი (78), 4:3 აკე (93)
გაფრთხილებები: უილშირი, ფრანცისი – ჰენდერსონი, ჩანი
მსაჯი: რობერტ მედლი

ევერტონი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:1 (0:1)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-4-2): შტეკელენბურგი, მორი, უილიამსი, ბეინსი, კოულმენი (ჰოლგეიტი 67), გაიე, ბერი, კლევერლი (დეულოფეუ 65), ბოლასი (ე.ვალენსია 68), მირალაში, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა, როხო, ჯონსი, დარმიანი, ა.ვალენსია, კერიკი, პოგბა, ერერა, მხიტარიანი (ფელაინი 85), მარტიალი (რეშფორდი 83), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (42), 1:1 ბეინსი (89 პენ.)
გაფრთხილებები: ბერი, ლუკაკუ – როხო, ფელაინი, დე ხეა
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

0.200112