ავტოსპორტი

23:13 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგმა ფორმულა 1 ჩემპიონის რანგში დატოვა

ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და ნიკო როსბერგმა ყველასთვის მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ის კარიერას ასრულებს. ახალმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ტიტულის დაუფლებიდან მეორე დღესვე მიიღო. ამაზე ფიქრი კი იაპონიაში გამარჯვების შემდეგ დაიწყო, როცა გააცნობიერა, რომ ბავშვობის ოცნების ასრულება ძირითადად მასზე იქნებოდა დამოკიდებული.

„მას შემდეგ, რა ტიტულის ბედ ჩემს ხელთ იყო, უზარმაზარი ზეწოლა ვიგრძენი და სწორედ მაშინ დავიწყე წასვლაზე ფიქრი. კარიერას იმ შემთხვევაში დავასრულებდი, თუ ჩემპიონი გავხდებოდი. აბუ დაბიში, კვირას დილით ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ეს ჩემი ბოლო რბოლა ყოფილიყო. ამან რბოლის წინ გონება გამისუფთავა. მინდოდა, რბოლის ყველა მომენტით მესიამოვნა“, - ამბობს 31 წლის გერმანელი.

როსბერგს არ უთქვამს, რას აპირებს ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ. დიდი პრიზების ცირკში მას 206 რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთაგან 23 მოიგო. მამამისის, ფ1-ის 1982 წლის ჩემპიონ კეკე როსბერგის (უილიამსი) მსგავსად, ნიკოც მსოფლიო ჩემპიონატს ერთი ტიტულით ტოვებს. თუმცა მამაზე 19-ით მეტი რბოლა აქვს მოგებული. სხვათა შორის, კეკეს თავისი ტიტული ერთადერთი გამარჯვებით აქვს მოპოვებული, მიკოს კი მამის მიღწევის გასამეორებლად, 9 გამარჯვება (ერთით ნაკლები ლუის ჰამილტონის 10 მოგებაზე) დასჭირდა.

როსბერგი ფ1-ის მესამე გერმანელი ჩემპიონია. ამასთან, არის პირველი გერმანელი, ვინც თავისი ტიტული გერმანული მანქანით, გერმანული ძრავით, გერმანულ გუნდთან ერთად მოიგო. ალენ პროსტის შემდეგ (1993 წელი), ის პირველი ჩემპიონია, ვინც ტიტულის მოპოვების შემდეგ, მის დაუცველად დატოვა სარბოლო არენა.

„რბოლებში 25 წელია ვარ და მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობა იყო. ამ ოცნების ასრულებას დაძაბული მუშაობა, ტკივილები, მსხვერპლი დასჭირდა. და ახლა ამას მივაღწიე. ჩემი მთა დავიპყარი, მის მწვერვალზე ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. ძალიან მადლიერი ვარ მათი, ვინც გვერდში მედგა, რათა ოცნების ასრულებაში დამხმარებოდა“, - ამბობს როსბერგი და დასძენს, რომ პირველი, ვისაც თავისი გადაწყვეტილება ამცნო, თავისი მეუღლე, ვივიანია.

ამგვარად, ჩემპიონ გუნდში, რომელმაც გასულ სეზონში 21-დან 19 რბოლა მოიგო, ვაკანსია გაჩნდა, რომელზეც ბევრი პილოტი ინატრებდა. მაგრამ ამ ეტაპზე, ტოპ პილოტები თავიანთ გუნდებთან არიან კონტრაქტირებულნი. სამქიმიანებისთვის საუკეთესო ვარიანტია DTM-ის სერიის გერმანელი (ყოფილი) ჩემპიონი პასკალ ვერლაინი, რომელიც მათივე პროტეჟეა და აუტსაიდერ „მენორში“ ყოფნის მიუხედავად, პერიოდულად თავის გამოჩენას ახერხებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11541