ფეხბურთი

20:22 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთო ჭიჭაღუა - პრიმერა დივიზიონის კლუბს ეკუთვნის, მაგრამ პრიმერამდე ჯერ შორია 

ოთო ჭიჭაღუაზე ადრეც დაგვიწერია, ის 1996 წელს გახლავთ დაბადებული და სამი წელია, რაც ესპანეთში თამაშობს. ოთო პრიმერა დივიზიონის კლუბს, ვიტორიის "ალავესს" ეკუთვნის, დუბლებში თამაშობდა, ხოლო მიმდინარე სეზონს ტერსერა დივიზიონის კლუბ "კასალარეინაში" ატარებს.

რა შანსი აქვს, რომ "ალავესის" მთავარ გუნდში დაწინაურდეს? ოთო არ მალავს, რომ ეს ძალიან რთული იქნება.

"იანვრიდან სხვა ესპანურ გუნდში გამიშვებენ განათხოვრებით. იქაც ექვსთვიანი იჯარა იქნება, ანუ სეზონის ბოლომდე ვითამაშებ. კონტრაქტით "ალავესის" ფეხბურთელად ვითვლები, დუბლებში შემიძლია ვითამაშო, მაგრამ სხვაგან გადასვლა მირჩევნია: საქმე ისაა, რომ დუბლებში მხოლოდ 23-წლამდე ფეხბურთელები არიან, ქვედა დივიზიონის კლუბებში კი ყველა ასაკისა, ამიტომაც უფრო მეტ გამოცდილებას შედარებით ასაკოვან ფეხბურთელებთან თამაშით მივიღებ".

ოთო ჭიჭაღუამ გვითხრა, რომ შესაძლოა, სეგუნდა ბ-ის (რანგით მესამე ლიგა) გუნდში გადავიდეს.

"ალავესი" აწარმოებს მოლაპარაკებას სეგუნდა ბ-ის კლუბებთან და იმედია, იანვრიდან სასურველი ვარიანტიც გამოჩნდება. "ალავესთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაკავშირებს და მერე ვნახოთ. ახალგაზრდა უცხოელისთვის პირველ გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია, თუმცა ვცდილობ, ეტაპობრივად გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და ჩემს შანსს დაველოდო. როგორც გითხარით, "ალავესის" დუბლები 23 წლამდე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს ზუსტად ის ასაკია, სადამდეც შანსი გაქვს, რომ თავი გამოიჩინო და პირველ გუნდში დაწინაურდე".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11101