ძიუდო

14:40 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს ტატამზე საქართველოს სახელით მხოლოდ სტამი იჭიდავებს

ძიუდოისტები 2016 წლის ინდივიდუალური ტურნირების სეზონს ძიგორო კანოს მემორიალით ასრულებენ. ტრადიციული, პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ბოლო წლებში გრანდ სლემის სტატუსს ატარებს, ტოკიოში ხვალიდან 4 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. იაპონურ ტატამზე 41 ქვეყნის 287 ძიუდოისტი გავა. წინასწარი გეგმით, ტოკიოში საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც უნდა ჩასულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ წლის ბიუჯეტი უკვე გახარჯულია, ქართველი ძიუდოისტები სეზონს საშინაო საწვრთნელი შეკრებით ასრულებენ. ირაკლი ცირეკიძის გუნდი თბილისში, აზერბაიჯანის ნაკრებთან ერთად ემზადება, რომელსაც სათავეში პეტერ ზაიზენბახერი უდგას.

მომავალ გრანდ სლემზე საქართველოს ერთი სპორტსმენი მაინც ეყოლება – კონკურენციაში ქალთა ნაკრების ნატურალიზებული წევრი ესტერ სტამი (70 კგ) ჩაებმება. უკვე შედგა წილისყრა და გაირკვა, რომ სტამი 3 დეკემბერს, შეჯიბრებას იაპონელ ნაეკო მაედასთან შეხვედრით გახსნის, ამ წყვილიდან გასული კი მერვედფინალში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ სამხრეთკორეელ სეონგიეონ კიმს დაუპირისპირდება.

ტოკიოს გრანდ სლემზე კიდევ ორი ქართველია მიწვეული. ვლადიმერ ნუცუბიძე ტურნირზე იმსაჯებს, გიორგი ჭანიშვილი კი დიქტორი იქნება.

რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა ნაკრების სამომავალსეზონო გეგმებს, ცირეკიძის გუნდი ნაახალწლევს ავსტრიის ქალაქ მიტერშილში გაემგზავრება, საწვრთნელ შეკრებაზე. მთავარი მწვრთნელი თან საქართველოს ახლახან ჩატარებული ჩემპიონატის ფინალისტებს და პრიზიორთა ნაწილს იახლებს. სწორედ მათგან და თბილისში დარჩენილი მედალოსნებისგან დააკომპლექტებს 2017 წლის საწყის საერთაშორისო ტურნირებზე დასაყენებელ შემადგენლობებს. 31 მარტიდან 2 აპრილამდე გასამართ თბილისის გრან პრიზე კი, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, განაცხადი საქართველოს პირველობის საპრიზო სამეულში შესული სპორტსმენებით შეივსება.

0.102967