ავტოსპორტი

20:30 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

TCR-ის 2017 წლის სეზონი რუსთავის მოტოროპარკზე დაიწყება!

TCR-ის საერთაშორისო სერიამ, თავისი მომავალი სეზონის კალენდრის პირველადი ვარიანტი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ეტაპად, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკია შეტანილი. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ამ დონის საერთაშორისო რბოლას უმასპინძლებს. სავარაუდოდ, მასზე დათა ქაჯაიას გარდა, მონაწილეობას სხვა ქართველი მრბოლებიც მიიღებენ.

კალენდარში სამი ისეთი ეტაპია შეტანილი, რომლებიც ფორმულა 1-ის თანმდევი რბოლები უნდა იყოს. ესენია ბაჰრეინის, მონაკოს და აბუ დაბის ეტაპები. TCR-ის პრომოუტერი მარჩელო ლოტი ამბობს, რომ ფ1-ის შესაბამისი რბოლების ორგანიზატორებთან უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება და იმედოვნებს, რომ სასურველ შედეგს მიაღწევს.

გარდა ამისა, ერთი ეტაპი, რომელსაც ბელგიის სპა უმასპინძლებს, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის (WEC) ეტაპის (სპას 6 საათი) თანმდევი იქნება, როგორც ეს გასულ სეზონში იყო. რუსთავის ჩათვლით, კალენდარში ექვსი ევროპული ეტაპია. ესენია: რუსთავი (საქართველო), სპა (ბელგია), მონაკო (მონაკო), ზალცბურგი (ავსტრია), ბუდაპეშტი (უნგრეთი) და ოშერსლებენი (გერმანია).

კალენდარში აღარ შევიდა ექვსი ის ტრასა, რომლებზეც გასული სეზონის რბოლები ჩატარდა. ესენია: სოჭი (რუსეთი), ეშტორილი (პორტუგალია), იმოლა (იტალია), სიგნგაპური (სინგაპური), სეპანგი (მალაიზია) და მაკაო (მაკაო). საერთო ჯამში, ეტაპების რაოდენობა 11-დან 10-მდე შემცირდა. ამასთან, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ბოლოსწინა ეტაპს სამხრეთ კორეა უმასპინძლებს, თუ ჩინეთი.

TCR-ის 2017 წლის სეზონის კალენდარი

2 აპრილი – რუსთავი (საქართველო)

16 აპრილი – სახირი (ბაჰრეინი)

7 მაისი – სპა-ფრანკორშანი (ბელგა)

28 მაისი – მონტე კარლო (მონაკო)

11 ივნისი – ზალცბურგი (ავსტრია)

2 ივლისი – ბუდაპეშტი (უნგრეთი)

9 ივლისი – ოშერსლებენი (გერმანია)

3 სექტემბერი – ბურირამი (ტაილანდი)

8 ოქტომბერი – სამხრეთ კორეა, ან ჩინეთი

26 ნოემბერი – აბუ დაბი (აბუ დაბი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112958